აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

ა/წ 6 მარტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ ”პირველ პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა აფხაზეთის ტელემაუწყებლობის აღდგენის თაობაზე.

 

როგორც ბატონმა თ.ხუბუამ აღნიშნა, 2006 წელს გაუგებარი მოტივაციით განხორციელდა აფხაზეთის მედიაცენტრის და მასთან ერთად ტელე-რადიო მაუწყებლობის ლიკვიდაცია. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა მცდელობა ტელემაუწყებლობის აღდგენისა, რის შესახებაც არაერთხელ მიმართა აფხაზეთის მთავრობის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას, მაგრამ უშედეგოდ.

 

2013 წელს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაში კვლავ განახლდა ამ საკითხზე მსჯელობა, მათ შორის ბ-ნ თ. ხუბუას ხელმძღვანელობით შექმნილ მუშა ჯგუფებში, უმაღლესი საბჭოს, მთავრობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

 

"17 თებერვალს სამსახურეობრივი ბარათით მივმართე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რაზეც პასუხი ვერ მივიღე. 27 თებერვალს პრეზიდიუმის სხდომაზე მოვითხოვე საკითხის განხილვა. იმ მოტივით, რომ უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება ასეთ საკითხებში მთავრობა დაავალდებულოს, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში კი შეუძლებელია 200 000 ლარის მოძიება, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად ვთვლი, რომ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვერ გამოავლინა ამომრჩევლის ნების ადექვატური პოზიცია და თავი აარიდა ტელევიზიის შექმნას. ვალდებული ვარ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - აფხაზეთის ტელევიზიის შექმნის საკითხი განგებ იწელება და ამ პროცესს ხელს უწყობს აფხაზეთის მთავრობა და ზოგიერთი ჩემი კოლეგა" - განაცხადა პრესკონფერენციაზე თ. ხუბუამ.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი დეპუტატ თ. ხუბუას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

 

2013 წლიდან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაში გააქტიურდა მუშაობა აფხაზეთის ტელემაუწყებლობის შესაქმნელად,  გაიმართა  საკონსულტაციო შეხვედრები, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გასული წლის დამლევს პირადად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბ-ნ ვ.ყოლბაიას დავალებით აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტმა შეიმუშავა სსიპ "ტელესტუდია აფხაზეთის" დებულების პროექტი, დაიწყო მუშაობა ბიუჯეტში სათანადო სახსრების მოსაძიებლად.

 

ბატონ თ. ხუბუას განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დღის წესრიგიდან ტელევიზიის საკითხი მოიხსნა და პრეზიდიუმმა თავი აარიდა ტელევიზიის შექმნას, რომელიც განგებ იწელება და ამ პროცესს ხელს უწყობს აფხაზეთის მთავრობა და ზოგიერთი დეპუტატი - სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე ბ-ნ თ.ხუბუას მიერ შემოთავაზებულ პროექტს, ის იყო შემოტანილი საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, რის გამოც პრეზიდიუმმა შეუძლებლად მიიჩნია დადგენილების მიღება. პრობლემის აქტუალიზაციის გათვალისწინებით პრეზიდიუმმა იმსჯელა და აფხაზეთის მთავრობას გაუგზავნა მიმართვა - განიხილოს "ტელესტუდია აფხაზეთის" შექმნის საკითხი. დღეის მდგომარეობით მთავრობაში მიმდინარეობს მუშაობა ტელემაუწყებლობის შექმნისა და საჭირო თანხების მოძიებისათვის.

 

ამდენად, ბ-ნ თ. ხუბუას ბრალდება, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და მთავრობას არ სურს  ტელევიზიის შექმნა, უსაფუძვლოა. ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი და არ ემსახურება საკითხის გადაწყვეტას.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions