საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენის შესახებ იმსჯელეს

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ მსჯელობდნენ დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კმომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

 

 

სხდომაზე აფხაზეთის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შერმადინ შარიამ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და მათი დაცვა-რესტავრაცია-კონსერვაციისათვის გასაწევი სამუშაოების ჩატარების გეგმებიც შესთავაზა საზოგადოებას, რომ დაცული და შენარჩუნებული იყოს ძეგლების ავთენტურობა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ:

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთევან კანდელაკი;

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი;

 

პარლამენტის წევრი დემურ ბაშელეიშვილი;

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია;

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლლესი საბჭოს მოადგილე ჯემალ გამახარია.

 

დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით,  სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად და კონკრეტული ნაბიჯების დასაგეგმად უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი; ასევე მხარი დაუჭირა წინადადებას აფხაზეთში კულტურის ძეგლების მდგომარეობის თაობაზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვის შესახებ, რომელსაც ექნება დიდი რეზონანსი და პრაქტიკული შედეგიც. მისი აზრით, ამ კონფერენციაზე მონაწილეობა უნდა მიიღონ თვით აფხაზებმაც, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions