ყოველი წლის 14 აპრილს ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავს დედა ენის დღეს. ეს განცდა ქართული ენისა და მისი მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის უნიკალურობასთან ერთად ქართველი ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ განაპირობა მშობლიური ენის დასაცავად.
”რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”- ასკვნიდნენ ქართველი მამულიშვილნი და ოდითგან თავდაუზოგავად ეწინააღმდეგებოდნენ ქართული ენის აკრძალვისკენ მიმართულ სხვადასხვა ჯურის დამყრობელთა, განსკუთრებით კი ჩრდილოელი მეზობლის შორსმიმავალ შოვინისტურ ზრახვებს.
37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს ამ თვალსაზრისით ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი დადგა ქართული ენისა და ქართული თვითმყობადობის წინაშე, როცა კრემლმა საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების ენებისათვის კონსტიტუციის 78-ე მუხლით სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა და ერთადერთ სახელმწიფო ენად რუსული ენის დაფიქსირება განიზრახა. კრემლის ამ იმპერიულმა, ყოვლადგაუმართლებელმა ნაბიჯმა საბჭოეთის იმჟამინდელი ლიდერებისთვის წარმოუდგენელი მღელვარება და პროტესტი გამოიწვია მთელს ქართულ საზოგადოებაში. მშობლიური ენის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა ათეულათასობით მოქალაქე - სტუდენტები, დისიდენტები, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, ინტელიგენცია.. მთელი ერი. რუსთაველის გამზირი ხალხით გადაიჭედა. დემონსტრანტთა შორის იყო სრული სიმშვიდე, მაგრამ მზადყოფნა, მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად, სიცოცხლის გასაწირადაც, განსხვავებით სხვა მოკავშირე რესპულიკებისაგან, რომელთაც თავიანთი უკმაყოფილების მიუხედავად, ვერ გაბედეს ქუჩაში გასვლა... როგორც ჩანს, ამან მოსკოვი დააფიქრა და იმ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი ერის ერთიანობა საუკეთესო შედეგით დაგვირგვინდა.
ჩვენ ვამაყობთ იმ ადამიანებით, რომლებიც 1978 წლის 14 აპრილის უნიკალური მანიფესტაციის მონაწილენი არიან, რომელთა შორის ბევრი იყო აფხაზეთის მკვიდრი. ზოგიერთი მათგანი დღეს დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის სხვადასხვა სფეროში კვლავინდებურად პატრიოტული სულისკვეთებით იღვწის.
სამწუხაროდ, მშობლიური ენის, მამულისა და ჩვენი სარწმუნოების დაცვა დასაბამიდან ითხოვდა ამ ღირებულებების სადარაჯოზე მამულიშვილთა მუხლჩაუხრელ ბრძოლას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ვდგავართ დღეს, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და კრემლი ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით გაცხოველებულად ცდილობს აკრძალოს და წაშალოს იქ ყველაფერი ქართული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს კრემლის ლაქიების, სოხუმის დე-ფაქტო ხელისულების მესვეურთა მცდელობასთან დაკავშირებით - აკრძალონ გალის რაიონში ქართული ენა და სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ მაცდურად შეფუთონ თავიანთი მზაკვრული განზრახვა, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მათი ზრახვები შეუქცევადია. ამიტომ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, აიმაღლონ ხმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციისა და კულტურული გენოციდის წინააღმდეგ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ხმამაღლა აცხადებს, რომ ის, რაც ვერ განახორციელა კრემლმა ქართული ენის დასაკნინებლად 37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, დღეს მიზანმიმართულადბანხორციელებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომაც აუცილებელია გავერთიანდეთ ყველანი - ერი და ბერი და გონივრულად დავუპირისპირდეთ საფრთხეს, რომელიც სადღეისოდ ჩვენს თანამემამულეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისკრიმინაციას უქადის, ხვალ კი დანარჩენ საქართველოს დააქუცმაცებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ყველა პატრიოტს, ყოველგვარ ზეპარტიულ აქციას, ყველა ღონისძიებას, რომელიც დღეს იმართება დედა ენის ძეგლთან თუ სხვადასხვა აუდიტორიაში, რეგიონებში, ხელისუფლებისა და თუ ოპოზიცირი ძალების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინიციატივით და რომელიც მშობლიური ენისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად.