მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ცივილიზებული ქვეყნების მთავრობებისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი

 

 

 

გიდასტურებთ რა ღრმა პატივისცემას, გაცნობებთ, რომ 2015 წლის 23 ივნისს ქალაქ თბილისში ჩატარდა კონფერენცია, რომელმაც განიხილა საკითხი „ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს  საფუძვლიანმა მოხსენებამ და კონფერენციის ცალკეულ დელეგატთა კომპეტენტურმა გამოსვლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების კუთხით არსებული მეტად საგანგაშო ვითარების ობიექტური ანალიზი და სრული სურათი წარმოაჩინეს.  იქ შექმნილი მდგომარეობა  თამამად შეიძლება შეფასდეს როგორც ადგილობრივი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული კულტურული გენოციდი.

 

საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც სეპარატისტების სახელით მოქმედებს, აშკარად აქვს განზრახული ისედაც უფლებააყრილი ქართული მოსახლეობის უკიდურესი შევიწროება, მისთვის ისეთი გაუსაძლისი პირობების შექმნა, რომ მან „ნებაყოფლობით“ დატოვოს აფხაზეთის ტერიტორია, ან მოხდეს ამ მოსახლეობის იძულებითი რუსიფიკაცია. აღნიშნული მიზნების მისაღწევად გალის რაიონი, რომელიც სრულიად უკანონოდ, მაგრამ მიზანმიმართულად სამ ნაწილად  დაიყო, წლების მანძილზე აუტანელი წნეხისა და ტერორის ქვეშ  არის მოქცეული. იქ არსებული არაადამიანური რეჟიმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ, რომ რაიონის მცხოვრებთ ხშირ შემთხვევაში ნაკლები უფლებები გააჩნიათ, ვიდრე, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის  წლებში შექმნილი ფაშისტური გეტოების სასიკვდილოდ განწირულ ბინადართ.

 

ამჯერად გვსურს სწორედ გალის გეტოში მომწყვდეული და სრულიად დაუცველი ადამიანებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მეტად მტკივნეულ საკითხზე მივაპყროთ თქვენი ყურადღება და გთხოვოთ თანადგომა საერთაშორისო სამართლის ნორმებით გარანტირებული ადამიანის ამ ერთ - ერთი ძირითადი უფლების დაცვის საქმეში. როგორც უკანასკნელი წლების სამწუხარო პრაქტიკა გვიჩვენებს, სრულებითაც არ არის საკმარისი გეტოდ ქცეულ გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის განათლების სფეროში არსებული პრობლემების უბრალო მითითება ამა თუ იმ უწყების ან  საერთაშორისო ორგანიზაციის  სხვადასხვა მოხსენებებსა და სამსახურებრივ წერილებში. დადგა ჟამი, რათა ეს საკითხები ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, ცალკეული სახელმწიფოების, თუ კი საჭიროებამ მოითხოვა, ადამიანის უფლებათა  სტრასბურგის სასამართლოს განსჯის საგნად იქცეს. საუბარი არის საოკუპაციო რეჟიმის წნეხის  ქვეშ მყოფი ათეულ ათასობით ადამიანის ბედზე, რომელიც აგერ, ჩვენს თვალწინ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ - ერთ რეგიონში თავხედურად შექმნილ გეტოშია  ჩაკეტილი.  იქაური მოსახლეობა  უკიდურესად იტანჯება  როგორც ეროვნული ჩაგვრით  მიყენებული ტკივილისაგან, ისე  ამ უბედურებაში ჩავადნილი ადამიანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან  სათანადო ყურადღება რამდენადმე შეამსუბუქებს მათს მდგომარეობას.

 

აქვე გაახლებთ ზემოხსენებულ კონფერენციაზე დამტკიცებულ რეზოლუციას. გთხოვთ  განახორციელოთ ქმედითი ზომები ოკუპანტის მიმართ   პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად, ასევე დაგვეხმაროთ  რეზოლუციის მიხედვით გათვალისწინებული ცალკეული ღონისძიებების რეალიზაციაში.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

24. 06.2015წ.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions