„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას ბევრი მითქმა-მოთქმა და ცვლილებების ინიციატორთათვის მიუღებელი და გაუგებარი ინტერპრეტაციები მოჰყვა. ”სერიოზულ მზაკვრობადაც” კი მოიხსენია ოპონენტების პოზიციები პროექტთან დაკავშირებით გაზეთ ”განმათავისუფლებელში” (2016, მაისი, N-49) აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა პუბლიკაციაში:
ე.წ. „აფხაზთა კრება“- ოკუპანტის იმპერიული ინტერესების სასარგებლოდ!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების საჯარო განხილვა პოლიტიკური სპეკულაციისა და საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრის მორიგ მცდელობად იქცა.
საღ აზრს მოკლებულმა ე.წ აფხაზთა კრებამ (პატარაია, კვარაცხელია...)ამჯერადაც უკუღმართად გაიგო კონსტიტუციაში ცვლილებების გამომწვევი მიზეზები ან სულაც არ გაცნობია მათ, მაგრამ ჭიქაში ქარიშხალი შექმნა - აქაო და „აფხაზეთის ხელისუფლება პოლიტიკურ და სამართლებრივ თავისუფლებას აცხადებსო!“ (სახელმწიფო დამოუკიდებლობას?!)
ასეთი უარგუმენტო დასკვნის გაკეთება რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მათივე „ნააზრებიდან“ ჯერჯერობით აშკარად მხოლოდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა გამოჩნდა (?!) დავიჯეროთ, მართლა არ იციან, რომ მდ.ენგურს გამოღმა კი არ არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ის ენგურს გაღმაა? და მხოლოდ იქ, იმ ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომ ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი კანონიერი მოსახლეობის უმრავლესობის მონაწილეობით და არა ე.წ აფხაზთა კრების ხუშტურით.
ისიც სავარაუდოა, რომ ამაში სერიოზული მზაკვრობაც იყოს ჩადებული, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია, ნაციონალური მოძრაობა იმდენად ღრმა კრიზისში იმყოფება, რომ ძირითად პოლიტიკურ ოპონენტებად აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება აღიარა, თუმცა ყოველივე ამას იგი სატელიტის ხელით აკეთებს ოკუპანტის იმპერიული ინტერესების სასარგებლოდ.
ნუგზარ მგალობლიშვილი
აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის,
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და
კულტურის კომისიის თავმჯდომარე