ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: “ცნება - გაყინული კონფლიქტები, ფაქტობრივად, გადასახედია”


2016 წლის 24 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ ერთხმად დაამტკიცა და ქართულ-ინგლისურ-რუსულ ენებზე გაავრცელა მიმართვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის XXV  სესიისადმი. მასში, კერძოდ, ნათქვამია:




აფხაზეთის ტრაგედია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და კვლავაც გრძელდება. მთელი კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ მოსაზრება, თითქოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები „გაყინული“ კონფლიქტების რიგს მიეკუთვნებიან, სინამდვილეს არ შეეფერება. „გაყინულს“ ვერ ვუწოდებთ კონფლიქტებს ისეთ ტერიტორიებზე, რომელთა კანონიერი მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი განდევნილია საკუთარი სახლებიდან, რომელიც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის მიერ და მძლავრ სამხედრო ბაზად არის გადაქცეული. იგი ერთადერთია ევროპის მთელს კონტინენტზე, სადაც ამ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში მნიშვნელოვან პრობლემებს იხილავს, ადამიანთა მოდგმისთვის სრულიად შეუფერებელი ველური მეთოდებით ტოტალურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები.

კონფლიქტები საქართველოში „გაყინულია“ მხოლოდ ქაღალდზე. რუსეთი აგრძელებს ქართული ტერიტორიების „მცოცავ“ ოკუპაციას. არ არის „გაყინული“ ადამიანთა ტანჯვა-წამება, მათი დისკრიმინაცია და ღირსების შემლახველი ქმედებები. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანთა გატაცებები, ყაჩაღობა, ძარცვა და მკვლელობები. ყოველდღიურად ირღვევა ასობით ადამიანის უფლება გადაადგილებაზე, საკუთრებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე. აფხაზეთში ქართველებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ეკონომიური აქტიურობა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 1 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის XXV სესიის გახსნისას, ეუთოს თავმჯდომარემ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან განაცხადა, რომ ცნება - გაყინული კონფლიქტებისა, ფაქტობრივად, გადასახედია.

მისივე თქმით, რთული დროება დაუდგა სამყაროს.

,,მე ვგულისხმობ ლტოლვილთა კრიზისს, შუა აღმოსავლეთის კრიზისს, აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულ კონფლიქტს. გერმანიასაც საკმაოდ რთული დრო დაუდგა. ასეთი გაუკრვევლობის დროს ჩვენ ახალ-ახალი ინსტრუმენტების შექმნა გვჭირდება იმისთვის, რომ კონფლიქტებს გავუმკლავდეთ და ასევე გავაღრმავოთ თანამშრომლობა”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

რაც შეეხება გაყინულ კონფლიქტებს, შტაინმაიერმა ყარაბაღის კონფლიქტი დაასახელა და აღნიშნა, რომ სამი თვის წინ საკმაოდ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კონფლიქტის ექსკალაციამ, ”რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის კონფლიქტი, რომელიც დუღდა და საბოლოო ჯამში, ამ ფორმით იჩინა თავი”.

”ასევე საქართველოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტმა თავის დროზე ათასობით და ათიათასობით ადამიანს დააკარგინა სახლ-კარი და გამოდევნა საკუთარი ისტორიული საცხოვრებელი ადგილებიდან. ანუ სტატუს კვო შეიქმნა ისეთი, რომელმაც ხელი შეუშალა მრავალ ადამიანს, რომ ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაეგრძელებინა. დღეისთვის შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში კონფლიქტი არ არის, ფართო სამხედრო ოპერაციებით გამოხატული, მაგალითად, მოლდოვაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქაც ტერიტორიული მთლიანობა გარკვეულწლად დარღვეულია. რაც შეეხება უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაინც ძალადობა გრძელდება, არ შეწყვეტილა”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ რეგიონებში სტაბილური მშვიდობის საფუძველი უნდა იყოს ცეცხლის რეალური შეწყვეტა და ”არა დრო და დრო ის თავდასხმები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ”.

,,ჩვენი მონიტორინგის მისია უნდა გავაძლიეროთ. ეს ინციდენტები უნდა იქნას გამოძიებული და ყველა ადამიანი - ომის გამჩაღებელი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, ეს არის ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი ამოცანა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მისია იყოს დაბრმავებული და მას წართმეული ჰქონდეს თავისი ძალა და დანიშნულება”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

მისი თქმით, დღენიადაგ იბრძვიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებს უნდა მიეცეთ რაც შეიძლება მეტი საშუალება, რათა გადავიდნენ დიალოგისა და მოლაპარაკებების რეჟიმში და არა ის, რომ ეს სტატუს კვო შეინარჩუნონ, რაც ძირს უთხრის ხანგრძლივადიან მშვიდობას.

”საქართველოში ჩვენ გვჭირდება იგივე მექანიზმების გამოყენება. ამა წლის მაისში მრავალი წლის მერე ჩვენ შევძელით, რომ აფხაზეთის რეგიონში IPRM-ის ქმედებები იქნა გაცილებით უფრო გააქტიურებული”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

Savemypost, 04.07.16

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions