აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება


იმის გამო, რომ საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციამ  დევნილთა სახელმწიფო შემწეობის რეფორმის შესახებ არაერთგვაროვანი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თავს ვალდებულად ვთვლით

 

გ ა ნ ვ ა ც ხ ა დ ო თ

ვადასტურებთ, რომ დევნილთა სახელმწიფო შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის პროექტი ნამდვილად არსებობს სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტებისა და წინადადებების სახით. დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს მიერ არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტების, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანამონაწილეობით.

მიუხედავად მოსალოდნელი რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის პროექტის სუფთა ფისკალური შინაარსისა, ჩვენი ყურადღების ძირითადი აქცენტი გამახვილდა გასატარებელი რეფორმის პოლიტიკურ შემადგენელზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში პრაქტიკულად აცდენილია დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ძირითად პოსტულატებს.

ჩვენი ღრმა რწმენით, ნებისმიერი რეფორმა მაშინაა წარმატებული, როცა ის კარგად და გონივრულად არის გათვლილი დროში, არსებობს მისი გატარებისთვის დამაჯერებელი, აუცილებელი და არგუმენტირებული წანამძღვრები, როცა ის კარგად აქვს გათვითცნობიერებული საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ფენას, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხება რეფორმის შედეგები. განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულებაა საჭირო იმ შემთხვევაში, როცა რეფორმის სფერო გახლავთ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლტიკის უაღრესად მძიმე და სათუთი თემა  -”დევნილები”.

დევნილებზე ორიენტირებული ნებისმიერი სახის და შინაარსის რეფორმის შეფასება უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მზადების ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ პროექტის ავტორებს მეორე პლანზე აქვთ გადატანილი ამ პროცესების პოლიტიკური შემადგენელი და ძირითადი აქცენტი გადატანილი აქვთ იმ საბუღალტრო-ეკონომიკურ გათვლებზე, რომელიც, თურმე, გარკვეულ სარგებელს მოუტანს თვითონ დევნილებს, მათთვის უფრო სიმბოლური და უდიდესი პოლიტიკური, ვიდრე მატერიალური დატვირთვის მქონე სახელმწიფო შემწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

საჭიროდ ვთვლით ყურადღების გამახვილებას იმ ფაქტზე, რომ 20 წელზე მეტია ჩვენი ”მეგობრები”, საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ღიად და შეფარულად აყენებენ საკითხს აფხაზეთის  ა/რ ლეგიტიმური სტრუქტურების დაშლის შესახებ, სხვადასხვა ჰუმანიტარული აქციებით ცდილობენ დევნილთა ბუნებრივი ინტეგრირების პროცესების ხელოვნურად დაჩქარებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ ვერ შეძლეს დევნილი თანამემამულეების სიფხიზლის მოდუნება და ამ პროცესებში მათი შეტყუება.

ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებისას დევნილმა საზოგადოებამ არაერთხელ დააფიქსირა მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია და პოლიტიკური კულტურა, სახელმწიფო ინტერესების ერთგულება. არ შეიძლება ხაზგასმით არ აღინიშნოს ისიც, რომ დღემდე განხორციელებული ყველა რეფორმა, რომელიც ეხებოდა დევნილებს, მიმართული იყო მათი პოლიტიკური სტატუსის მნიშვნელობის ხაზგასმისაკენ, ყოფითი პირობების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, დევნილებში დაბრუნების მოლოდინის გამყარებისა  და მათი მაღალი სულიერი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისკენ. .....

ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ დევნილთა შემწეობის რეფორმის, მისი აუცილებლობის და მოსალოდნელი შედეგების, განსაკუთრებით პოლიტიკური მნიშვნელობის გაანალიზებას ერთნაირი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი. ყოველივე ეს გვმატებს დამაჯერებლობას, რომ მოსალოდნელი რეფორმის განხორციელებაში გამორიცხული იქნება ისეთი შეცდომების გაპარვა, რომელიც ზიანს მიაყენებს დევნილთა ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების პოლიტიკური კურსის ურყევობას.

ზოგიერთი ავტორის აპელირება იმაზე, რომ ეს დოკუმენტი მომზადებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორი ქვეყნების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით, სრულიად არ მატებს მას სანდოობას და ავტორიტეტს. ყველა რეფორმა, რომელიც ეხება უშუალოდ ადამიანთა ბედს, აწმყოსა და მათ მომავალს, სოციალურ სტატუსს, უნდა ითვალიწინებდეს არსებული მდგომარობის გამომწვევი მიზეზების, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ზნეობრივ, ისტორიულ წანამძღვრებს, განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მარგი ქმედების კოეფიციენტს პოლიტიკური ტაქტიკისა და სტრატეგიის ჩარჩოებში. არ შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის დევნილების პრობლების მოგვარების მეთოდების მხოლოდ კალკირება და განზოგადება, პრობლემების წარმოქმნის და არსებობის მიზეზთა პოლიტიკური ჭრილის გათვალისწინების გარეშე, რაც არ უნდა ფისკალური სარგებლის მომტანი იყოს ის.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით და დაუშვებლად მიგვაჩნია დევნილთა ”თაობებად დაყოფა”, მავანთა მიერ სტატისტიკური ხრიკებით იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხოვნობის ხელოვნურად შემცირების მცდელობა და ამით პრობლემის სიმწვავის განეიტრალება, ოჯახის წევრებისადმი სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული მიდგომის შემოღება.

ყველა რეფორმა, გარდა ეკონომიკური სარგებლის გათვლებისა, ღიად თუ არა, შეფარულად მაინც უნდა შეიცავდეს შენი ქვეყნის, შენი მოსახლეობის ზნეობრივი მენტალიტეტიდან, მისი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, მომავალზე გათვლილ ეროვნულ მუხტს, რომელიც საერთოდ იგნონირებულია შემუშავებულ დოკუმენტში.  სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას რეფორმის ის ფისკალური ეფექტურობა, რომლის გასამყარებელ არგუმენტებად მოყვანილია დევნილთა რიცხოვნობის ბუნებრივი კლებით და ახალშობილთათვის 45 ლარიანი სახელმწიფო დახმარების მოხსნით მიღებული დანაზოგი. ყველაზე სამწუხარო და დამაფიქრებელი ის არის, რომ ამის გაკეთებას გვთავაზობენ იმ ფონზე, როცა გაეროს მონაცემებით 2050 წლისათვის საქართველოში ქართველები ვერ იქნებიან უმრავლესობაში.

პროექტის ავტორებს ვერ დავეთანხმებით ეკონომიკურ გათვლებში, სადაც ერთ-ერთ შემოთავაზებულ ვარიანტში, უბრალოდ მათემატიკურად გაამრავლეს 45 ლარზე სახელმწიფო შემწეობაშეწყვეტილ დევნილთა რიცხვი და მიიღეს სასურველი ფინანსური დანაზოგი, იმ თანმდევი პრობლემების უგულებლეყოფით, რომ სახელმწიფო შემწეობაზე - 45 ლარზე არის მიბმული და გათვლილი უმუშევარ დევნილთა ოჯახის ბიუჯეტი, კვება, საცხოვრებელი ფართის შენახვის კომუნალური გადასახადი. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ პროექტის იმ ვარიანტის შემოთავაზება, რომლის თანახმად სახელმწიფო დახმარება მოეხსნება ყველას, ვინც დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით - ნიშნავს ამ ფართის დატვირთვას საბანკო იპოთეკით, რაც საბოლოო ჯამში 1-2 წლის მანძილზე დამთავრდება უბინაოდ დარჩენილი საბანკო იპოთეკარების ახალი ტალღით.

არ გვინდა, რომ პროექტის ავტორებს შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ გვაღელვებს ამ რეფორმის მხოლოდ მატერიალური მხარე, ჩვენ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო დახმარება იმ დევნილებს, რომელთა ხელფასი აღემატებოდა 1250 ლარს, თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა გაეთვალისწინებინათ ოჯახის საერთო შემოსავალი და შემადგენლობა. სახელმწიფო შემწეობა კი, როგორც განსხვავებული პოლიტიკური დატვირთვის ნიშანი, სიმბოლურად მაინც უნდა შენარჩუნდეს ამ კატეგორიასაც. მაღალი ტრიბუნებიდან ძალიან ხშირად და სამართლიანად ჟღერს, რომ ქვეყნის უპირველეს პრიორიტეტთა შორის უმთავრესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება. ამიტომ დევნილთა პრობლემები უნდა იყოს ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში და კერძო ბიზნესში დასაქმებულთა საზრუნავი, რადგან მხოლოდ 6 ათასი მაღალანაზღაურებადი დევნილისთვის შეწყვეტილი 45 ლარიანი სახელმწიფო შემწეობით დაზოგილი თანხით შორს ვერ წავალთ. შემუშავებული დოკუმენტის სკურპულოზური სტატისტიკური მონაცემების ასეთივე სკურპულოზური და ღრმა ანალიზი აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ შემოთავაზებული რეფორმა შეიძლება ნებსით თუ უნებლიეთ გახდეს პირველი პრაქტიკული რგოლი იმ სახიფათო ჯაჭვისა, რომელიც მოიცავს ჯერ შემწეობის მოხსნას და ამის ხარჯზე გრძელვადიანი  საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს, შემდეგ კი, ე.წ. მეორე და შემდგომი თაობების დევნილთა არადევნილებად ცნობას, ამას დამატებული ბუნებრივი შემცირება და ბოლოს დარჩენილი თითზე დასათვლელი ”ნამდვილი დევნილებისთვის” სტატუსის მოხსნა -ანუ, პრობლემის საერთოდ მოხსნა. აღნიშნული რეფორმის იდეის ავტორებს უნდა შევახსენოთ, რომ მართალია, დევნილთა საცხოვრებელი ფართითა და მატერიალურად უზრუნველყოფა ნამდვილად არის ფრიად მნიშვნელოვანი საქმე, თუმცა სულაც არ ნიშნავს დევნილთა პრობლემის ამოწურვასა და მათი დღის წესრიგიდან მოხსნას. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მომჭირნეობის მცდელობას არ უნდა გადავაყოლოთ ყველაზე მთავარი - დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და ჩვენი დევნილი თანამემამულეების დაბრუნების სამზადისი, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და მისი საზღვრების ხელშეუხებლობა. სახელმწიფო ბიუჯეტის და ხალხის კეთილდღეობის ზრდამ არ უნდა მოადუნოს ჩვენი უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესის მნიშვნელობა, ერის ღირსებაზე და მის სასიცოცხლო პრობლემებზე მუდმივი ფიქრი და ზრუნვა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ავადსახსენებლ წლებში მე-20 საუკუნის ბოლოს - როცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას აფხაზეთიდან ემუქრებოდა რუსეთის იმპერია, როცა ქვეყანაში არ იყო შუქი, გაზი, თვეებით არ რიგდებოდა ხელფასები, მაშინაც კი  არავის მოსვლია თავში აზრად  დევნილთა შემწეობის მოხსნა. ისე გამოდის, რომ პრობლემა ეკონომიკაში კი არა, უფრო საკითხისადმი მიდგომის პოლიტიკაშია. იმედს ვიტოვებთ, რომ შემოთავაზებული რეფორმის იდეები ღრმა ანალიზის შედეგად აუცილებლად განიცდიან  საჭირო ტრანსფორმაციას და მიიღებენ ნამდვილად კონსტრუქციულ და მისაღებ სახეს.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, მის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების ფონზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მისი თანმდევი - დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემა, ყოველთვის იქნება  ქვეყნის დამოუკიდებლობის და მისი სუვერენიტეტის განმტკიცების ერთ-ერთ უპირველეს  გადასაწყვეტ საკითხთა შორის.

აღნისნულის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა სახელმწიფო ორგანოსთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მოსალოდნელი რეფორმების სასურველ ჩარჩოებში მოსაყვანად, მისი ეკონომიკური შედეგების პოლიტიკური ტაქტიკისა და სტრატეგიის მიზნებთან შესაჯერებლად.

დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ფართო საჯაროობის და გამჭვირვალობის პირობებში, სპეციალისტთა ფართო სპექტრის მონაწილეობით გახდება შესაძლებელი აწმყოსა და მომავალზე გათვლილი კონსტრუქციული რეფორმის განხორციელება.

 

 

 

Print
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions