აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიამ გ.კარასინის განცხადება ცინიზმის მორიგ გამოვლინებად შეაფასა


”დიდი იმედი მაქვს, რომ  ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მოგზაურობის გაადვილების საფუძველი გახდება. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემა გართულებულია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ადამიანების მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება” -აღნიშნა კარასინმა.


რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გ.კარასინმა აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების - საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, იმავდროულად ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის ევროვიზების გაცემის აუცილებლობას. ”მათ არ გასცემენ ვიზებს იმ მოტივაციით, რომ არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს, ასეთ მიდგომას კი არ შეიძლება ვუწოდოთ ჰუმანური”. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ გ.კარასინის ეს განცხადება შეაფასა, როგორც ცინიზმის მორიგი გამოვლინება საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ.

 

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცინიზმი, ძალადობასა და სიცრუესთან ერთად, გახლავთ კრემლის პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. წარმოგიდგენიათ, თურმე, უარს ევროვიზების გაცემაზე იმ პირთათვის, რომელთაც არ სურთ ჰქონდეთ საქართველოს პასპორტები,  ”არ შეიძლება ვუწოდოთ ჰუმანური”. ამას ამბობს წარმომადგენელი აგრესორი ქვეყნისა, რომელმაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  ქართული მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა განახორციელა; წარმომადგენელი ქვეყნისა, რომელიც ამოფარებულია ბედკრულ სეპარატისტებს და არათუ ევროპაში, არათუ, მაგალითად, მოსკოვში, საკუთარ სახლებშიც კი არ უშვებს მის მიერ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის დიდ უმრავლესობას. გ.კარასინის დამახინჯებული ლოგიკის მიხედვით, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობა, სავსებით ჰუმანურია ე.წ. ახალი რეალიების პირობებში, ხოლო ევროვიზებზე უარი ნამდვილი პასპორტების აღების სურვილის არმქონე ადამიანებისთვის, თურმე, ”არ შეიძლება იყოს ჰუმანური”.


აფხაზებსა და ოსებზე გ.კარასინის ”ზრუნვაში” იკვეთება რუსეთის სურვილი - სოხუმსა და ცხინვალში გახსნას პასპორტების ”გამოსაცხობი” ახალი ”ბიზნესი”, რომ მერე ევროპა წალეკოს კრემლისთვის  ”საჭირო” ხალხით.


რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებზე რეალურ ზრუნვას, იგი უკვე გამოავლინა როგორც ევროკავშირმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. ოკუპირებული რეგიონების კანონიერ მაცხოვრებლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით ისარგებლონ. მათ ეს მშვენივრად იციან. პირველი მერცხლები, როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკვე გამოჩნდნენ, თუმცა ვიზალიბერალიზაციის ყველა პროცედურა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions