აფხაზეთის ხელისუფლების სამძიმარი გენო კალანდიას გარდაცვალების გამო


აფხაზეთის და სრულიად საქართველოს საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა ღირსეული მამულიშვილი, ეროვნული მოძრაობისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აქტიური მებრძოლი, გამოჩენილი ქართველი პოეტი, პოეტური მუზის იდუმალების წვდომის კლასიკური ოსტატი, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკდემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, გენო კალანდია.

 

ბატონი გენო კალანდია განეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთა მოწოდება ქვეყანაში  მიმდინარე მოვლენების შუაგულში ყოფნაა, იგი გახლდათ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახურო საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ის, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და მებრძოლი პოეტი, ყოველთვის იმყოფებოდა ბრძოლის წინა ხაზზე. მისი ომახიანი ხმა-შეძახილი აფხაზეთში საომარი მოქმედებებისას, ჭუბერის გოლგოთის გზაზე ამოქმედებული სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან თუ მისი შესანიშნავი პოეტური კრებულებიდან, ყველგან და ყოველთვის ჟღერდა, როგორც გამამხნევებელი და იმედის მომცემი, უკეთესი მომავლის რწმენისა და სულის სიმტკიცის შენარჩუნებისაკენ მოწოდები ზარი.

 

გენო კალანდიას შემოქმედება ქართული პოეტური ნიჭის კიდევ ერთი ბრწინვალე გაელვებაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, იგი ღირსეულად ამშვენებს ეროვნული კლასიკური მწერლობის უმდიდრეს საგანძურს. გენო კალანდიას შემოქმედება, ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლებით და უნაზესი ლირიკით შეკრული პოეტური ნაშრომებით, მარადიულ ღირებულებებზე ფიქრის, მათზე მუდმივი ზრუნვის ჭეშმარიტი ნიმუშია.

ბატონი გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში", სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით დაწესდა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა.

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები" გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში, მისი პიესები „მთვარის საათი" „ადგილის დედა" და „ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის და საქართველოს სხვა თეატრებში. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული". მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე.ნიმუშია. მას არაერთი სამომავლო გეგმა ჰქონდა, მაგრამ ამ წუთისოფელში თავისი ფიზიკური არსებობა ყველასთვის მოულოდნელად, სულ რაღაც ერთი თვის ავადმყოფობის შემდეგ, სამოცდა მეთვრამეტე  წელს ამოწურა.

ასეთი უზადო ნიჭით დაჯილდოებული ბატონი გენო ურთიერთობებში იყო უშუალო და გულისხმიერი, ყველასთვის მზრუნველი, გამოირჩეოდა  განსაკუთრებული სისადავით და თავმდაბლობით. ერთ-ერთ ლექსში "ანდერძი" მთელი თავისი მოღვაწეობა  მწირი სიტყვებით აქვს შეფასებული:

 

".... იყავ ერთგული ჩემთა უფალთა,
და ამოკვეთე საფლავის ქვაზე:
იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...."

 

წავიდა ჩვენგან თავის ხალხსა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ მისი აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდებოდა დედა საქართველოს. არ ეპუებოდა უსაყვარლეს და მონატრებულ მშობლიურ გარემოს მოწყვეტას, "დევნილის" ხვედრს.... აფხაზეთი იყო მისი გულის სიღრმიდან ამოსული მოუშუშებელი ტკივილი, ყოველდღიური ფიქრი და ხვალინდელი იმედი. წავიდა კიდევ ერთი, საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების აუხდენელი ოცნებით და დარდით გულდაფერფლილი კაცი პატრიოტი, კაი ყმა, მამულის და ერის მოყვარე, წავიდა უღალატო და ერთგული მეგობარი, ჭეშმარიტი მამულიშვილი და დიდი ტკივილი  დაუტოვა თავის ოჯახსა და ახლობლებს.

გაგვიჭირდება ბატონ გენოზე წარსულ დროში საუბარი, ყოველთვის მოვისაკლისებთ მის სითბოსა და სიყვარულს, თუმცა მარადისობაში დავანებული ისევ გააგრძელებს სიცოცხლეს ჩვენს გულებში. მის სახელს და ავტორიტეტს არასდროს მოაკლდება სიკაშკაშე ზეციურ საქართველოში! სიმბოლურია ისიც, რომ მისი ბოლო ნაშრომი - "საგალობლები უფლისთვის", რომელიც მკითხველმა იხილა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არის ხმამაღალი აღსარება ღვთის წინაშე, რასაც ადასტურებს პოეტის ეს სტრიქონები:

 

"უფალო ჩემი სახელით გეტყვი:
მადლობა დიდი! შენთან ვარ, აქ ვარ!
როდესაც წავალ, განგების ნებით,
მიხილავ უფრო ერთგულს და მართალს"

 

მშვიდობით, ბატონო გენო!

მსუბუქი იყოს ქართული მიწა, რომელიც სიყვარულით მიიბარებს თქვენს ღირსეულ ცხედარს! უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი! ამინ!

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო: გვაზავა ელგუჯა, გვაძაბია დავითი, გამახარია ჯემალი, გასვიანი აკაკი, კაჭარავა  ვახტანგი, კვარაცხელია მურმანი, ლომინაძე გივი, ლორთქიფანიძე თემური, მგალობლიშვილი ნუგზარი, მესხია ნაპოლეონი, მარშანია ადა, მჟავია თემური, ნაგარნინა ოლგა, საჯაია  ჯემალი, ქარაია რაისა, შამუგია როსტომი, ცატავა რუდიკი, წოწონავა  ანზორი, ხეცურიანი შოთა, ხუბუა თამაზი, ჯგუბურია  ზურაბი.

აფხაზეთის მთავრობა: ყოლბაია ვახტანგი, ფარფალია მურმანი, ჯაიანი დიმიტრი, ბაკარაძე ქეთევანი, გვაძაბია დავითი, კუჭუხიძე კონსტანტინე, კოპალიანი იგორი, ბასარია ვალერი.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions