საქართველოს პარლამენტში ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ინიციატივით, 2017 წლის 5 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა.

 

დღის წესრიგის თანახმად, მოსმენილი იქნა მოხსენება „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარების, ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

 

მოხსენება წარმოადგინა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ჯემალ გამახარიამ.

 

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ხელმძღვანელი და სხვა პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, ქალბატონი ლია გიგაური, ბატონები პეტრე კანკავა, დავით დონდუა, ირაკლი გივიაშვილი, ვახტანგ ყოლბაია, დავით გვაძაბია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ქალბატონი რაისა ქარაია, ბატონები თამაზ ხუბუა, კონსტანტინეკუჭუხიძე, ქალბატონები მაყვალა ბერიანიძე, ნონა შონია, მარინა შენგელია, ბატონები გურამ მაღლაკელიძე, შერმადინ შარია.

 

ძირითადი მოხსენების მოსმენის შემდეგ სხდომა დაიხურა, რასაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურად ანგაჟირებული წარმომადგენლისგან სრულიად უადგილო და ყოვლად მიუღებელი ხმაური მოჰყვა.

 

დახურულ რეჟიმში გაგრძელებულმა გაერთიანებულმა სხდომამ მოხსენება მიიღო ცნობად და გადაწყვიტა მასში წარმოდგნილი წინადადებებისა და რეკომენდაციების წინასწარ დამუშავების შემდეგ უახლოეს მომავალში გაიმართოს მორიგი სხდომა იგივე შემადგენლობით, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დღის წესრიგში დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

 

მოხსენება თან ერთვის.

 

 

ჯემალ გამახარია - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე


მოხსენება


„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარების, ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 29 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობისშესახებ“


ბატონო სხდომის თავმჯდომარევ!

პატივცემულო პარლამენტის წევრებო!

ქალბატონებო და ბატონებო!


უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის სახელით მადლობას მოვახსენებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებს და  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას -  მადლობას მოვახსენებ ქალბატონ სოფიო ქაცარავას, ბ-ნ ზვიად კვაჭანტირაძეს, ქალბატონ მარიამ ჯაშს და ბ-ნ გედევან ფოფხაძეს იმისათვის, რომ ოპერატიული რეაგირება მოახდინეთ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ამა წლის 10 მაისის ერთობლივ მიმართვაზე თქვენდამი და მოიწვიეთ ესოდენ წარმომადგენლობითი გაერთიანებული სხდომა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.


საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალწინ აფხაზეთში დაუფარავად ირღვევა ადამიანის ყველა უფლება თვით სიცოცხლის უფლების ჩათვლით. ბოლოწლებში საოკუპაციო რეჟიმი განსაკუთრებული მონდომებით და მიზანმიმართულად არღვევს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. ქართული მოსახლეობის, ქართველი ბავშვების მიმართ ფეხქვეშ ითელება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმები და მოთხოვნები, რომლებიც  ჩამოყალიბებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948 წლის 10 დეკემბერი), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში (1950 წლის 4 ნოემბერი), გაეროს საერთაშორისო პაქტებში „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების“, აგრეთვე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ (1966 წლის 16 დეკემბერი), გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციაში (1989 წლის 20 ნოემბერი) და სხვა სპეციალიზებული საერთაშორისო ორგანიზაციების  დოკუმენტებში. არაფერს ვამბობთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევაზე. ოკუპანტები არაფრად აგდებენ აფხაზეთის 1994 წლის დე-ფაქტო კონსტიტუციასაც, რომელიც აღიარებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერისა და ეთნოსის უფლებას, მიიღოს განათლება და ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე. სეპარატისტული კონსტიტუციით ვითომ გარანტირებული „უფლების“ მიუხედავად, გალისრაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი  31 ქართული სკოლიდან დღეს თითქმის ყველა სკოლა რუსულ სწავლებაზეა იძულებით გადაყვანილი. 31-ვე სკოლაში 2016-2017 სასწავლო წელს 4363 მოსწავლე სწავლობდა და 746 პედაგოგი მუშაობდა. გარდა ამისა, გალის რაიონში ფუნქციონირებს 7 საბავშვო ბაღი 496 აღსაზრდელით, 3 სამუსიკო სკოლა 179 მოსწავლით და 1 სამხატვრო სკოლა 60 მოსწავლით. საბავშვო ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში დაკავებულია 136 პედაგოგი და ადმინისრტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.


ყველა სკოლას თუ საბავშვო ბაღს, თითოეულ მოსწავლეს თუ პედაგოგს უკიდურესად მძიმე ვითარებაში, მუდმივი შიშის, თვალთვალის, ღია მუქარის, შეურაცხყოფისა და დევნის პირობებში უხდება სწავლა, საქმიანობა. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად აფხაზეთში დარჩენილი და დაბრუნებული მოსახლეობის საყოველთაო მოთხოვნისა, ცდილობს რეგიონიდან გააძევოს  უძველესი ქართული ენა   თავისი უნიკალური დამწერლობით - იმ დამწერლობით, ანბანით, რომელსაც, სხვათა შორის, 2016 წლის ნოემბერში იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა და იცავს მას. საოკუპაციო რეჟიმისთვის ასეთი სტატუსიც არაფერს ნიშნავს. იგი არა მარტო არ იცავს, არამედ ცდილობს გაანადგუროს ისენა და დამწერლობა, რომელიც, არსებული ისტორიული მონაცემების მიხედვით, VIII-IX საუკუნეებიდან (ალბათ, ბევრად უფრო ადრეული ხანიდანაც) XIX საუკუნის დასაწყისამდე აფხაზეთში ერთადერთ ოფიციალურ ენას წარმოადგენდა, რომელზეც მიმდინარეობდა საქმისწარმოება, აღესრულებოდა ღმრთისმსახურება, იქმნებოდა წერილობითი ძეგლები, წარმოებდა სწავლა-განათლება. რეგიონში რუსეთის დამკვიდრების შემდეგაც ქართულმა ენამ, მიუხედავად მისი დევნა-შევიწროებისა, აფხაზურთან და რუსულთან ერთად წამყვანი პოზიციები შეინარჩუნა. ეს სამი ენა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან აფხაზეთში სახელმწიფო ენას წარმოადგენდა. დღეს კი ქართული ენა და მისი მატარებელი ქართული მოსახლეობა აფხაზეთში  კანონგარეშეა გამოცხადებული.


აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიზანმიმართულად  იცვლება და იშლება ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიული ეთნოლინგვისტური მოცემულობა, საუკუნეების მანძილზე შექმნილი საერთო სულიერი ღირებულებები და ფასეულობები. როგორც უკვე ითქვა, დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში მთლიანად  არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება; განადგურებულია ქართული სკოლები, ქართული წიგნები დადოკუმენტები; ქართულ ენაზე იკრძალება მიწერ-მოწერა, შეტყობინებები, საუბრები და, წარმოიდგინეთ, სიმღერის ცოცხალი შესრულებაც კი. ყველა ხერხით და მეთოდით ოკუპანტები ცდილობენ ქართულიეთნოლინგვისტურიკვალის წაშლას, ამ მიზნით უნიკალურ ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებსაც კი ანადგურებენ, რის შესახებაც ამ დარბაზში არაერთხელ ყოფილა საუბარი და პრინციპული მსჯელობა.


საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც გალის რაიონში ხორციელდება, წარმოადგენს კრემლის ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის მიზანია საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა დამაკავშირებელი, თუ გნებავთ, გამაერთიანებელი ცოცხალი ხიდის დანგრევა, ანუ გალის რაიონის ქართული მოსახლეობის ჯერ დისკრიმინაცია, დროთა განმავლობაში კი მისი სრული რუსიფიკაცია ან აფხაზეთის ტერიტორიიდან  ეტაპობრივი განდევნა. ცხადია, ამგვარ პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ განათლებასთან, ბავშვებზე ზრუნვასთან, მშობლების ნებასთან და ინტერესებთან. მას აგრეთვე არაფერი აქვს საერთო ე.წ. ინტეგრაციის პროცესთან, როგორც ამის შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.


განათლების სფეროს რუსიფიკაციის პროცესი შეიძლება შეფასდეს როგორც გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ჩვეული პოლიტიკის სხვა ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელების მცდელობა. ეს პროცესი ძალადობრივი, ველური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს. იგი მოიცავს გარკვეული სანქციების განხორციელებას მოსახლეობის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიმართ - ყველა იმათ მიმართ, ვინც ქართულ ენაზე ისაუბრებს ან სკოლაში ქართულ წიგნს თუ ლიტერატურას გამოიყენებს.


ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობა გალის რაიონში უკანასკნელი წლების მანძილზეაშკარად გაუარესდა.  დღითი-დღე  რთულდება და მძიმდება მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობები. ასე მაგალითად, მოსწავლეთა ასიმილაციის დაჩქარების მიზნით გალის რაიონისაგან ხელოვნურად გამოყოფილ და ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებს მიკუთვნებულ 11 სკოლაში ქართული ენა რიგით საგნადაც კი არ ისწავლება, თუმცა მოსწავლეები და პედაგოგები, იშვიათი გამონაკლისის გარდა,  ქართველები არიან.


ქალაქ გალსა და  ე. წ. ზედა ზონის  სოფლებშიც ქართული ენა  9 სკოლიდან  8-ში  როგორც ,,უცხო ენა’’  ისწავლება და  თითოეული კლასის მიხედვით კვირაში სულ 2 საათი ეთმობა. კიდევ ერთ - გალის № 1 - სკოლაში ამ „უცხო ენას“ მხოლოდ ფაკულტატივის სახით მე-5 კლასში ასწავლიან.


ბოლო წლებში საოკუპაციო ხელისუფლებამ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იერიში მიიტანა ე. წ. ქვედა ზონის 11 სკოლაზე, სადაც მანამდე სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.  2015-2016 სასწავლო წლიდან დაიწყო ამ სკოლების დაჩქარებული ტემპებით რუსულ  სწავლებაზე  გადაყვანის პროცესი, რომელიც 5 წელიწადში დასრულდება. ამასთანავე მინიმუმამდეა დაყვანილი ქართული ენისთვის, როგორც საგნისთვის, გამოყოფილი საათების რაოდენობა (თითო საათი ენასა და ლიტერატურაში).


ამრიგად, საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გატარებული „რეფორმების“ შედეგად, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ქართული სკოლა უკვე არ  არსებობს.


მიუხედავად არნახული დისკრიმინაციისა და ძალადობისა, რაც სხვადასხვა ინტენსიურობით ორ ათეულ წელიწადზე მეტია გრძელდება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გალის რაიონის მოსწავლეები კარგი შედეგებით გამოირჩევიან. მაგალითად, გასულ წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საშუალო სკოლა 347 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 204 ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა. სხვადასხვა უმაღლეს საწავლებელში 84 ახალგაზრდა ჩაირიცხა. გალის რაიონის სკოლადამთავრებულები, მიუხედავად იქ შექმნილი ვითარებისა, მშვენივრად ფლობენ მშობლიურ ენას, წარმატებით გამოდიან საგნობრივ ოლიმპიადებზე. საკმარისად გვყავს მედალოსანი მოსწავლეებიც.


როგორ და რანაირად გახდა ეს ყოველივე შესაძლებელი? ეს ნამდვილი სასწაული შესაძლებელი გახდა, უპირველეს ყოვლისა, გალელი პედაგოგების თავდადებით, პატრიოტიზმით, მაღალი პროფესიონალიზმით, მათი მხრიდან, მე ვიტყოდი, გმირობის ტოლფასი ქმედებებით, რაზეც საუბარი ძალიან-ძალიან დიდ დროს წაიღებდა; კარგი შედეგები განაპირობეს ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ამ სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებადი გალის რაიონის რესურსცენტრის ეფექტურმა მუშაობამ, პირადად ქალბატონების მანანა ქვაჩახიასა და ნონა შონიას, მათი ხელმძღვენელობით მომუშავე სპეციალისტთა და თანამშრომელთა ყოველდღიურმა საქმიანობამ, რისთვისაც უღრმესი მადლობა ამ ადამიანებს და, რა თქმა უნდა, ქება და დიდება თითოეულ გალელ პედაგოგს.  არ შემიძლია  მადლობა არ მოვახსენო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბ-ნ მინისტრს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გალის რაიონის პრობლემებს; მინისტრის მოადგილეს ქ-ნ ლია გიგაურს ყოველდღიური თანადგომისა  და დახმარებისთვის. გვინდა ასევე მადლობა ვუთხრათ ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს ქ-ნ მაია მიმინოშვილს გალელი პედაგოგების მხარდაჭერისთვის, მათი პროფესიული დონის ამაღლებაზე ზრუნვისთვის. ამ ზრუნვის პირდაპირი შედეგი გახლავთ გალელი აბიტურიენტების წარმატებები ეროვნულ გამოცდებზე.


ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. საოკუპაციო რეჟიმმა, დაისახა რა მიზნად რაიონის ასიმილაცია-რუსიფიკაცია, კიდევ უფრო გაამკაცრა კონტროლი სკოლებზე; შეიზღუდა რეგიონთან კომუნიკაციის შესაძლებლობა; ჯერ არ ვიცით, მომავალი სასწავლო წლისთვის შევძლებთ თუ არა იქაური სკოლების ქართული სახელმძღვანელოებით მომარაგებას, რაც ადრე, ასე თუ ისე, ხერხდებოდა; გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, დადგეს ქართულენოვანი პედაგოგების პრობლემაც, რაც უკიდურესად გაართულებს ისედაც რთულ მდგომარეობას და გზას გაუხსნის რუსიფიკაციის პროცესს. არის სხვა პრობლემებიც. გაითვალისწინა რა შექმნილი ვითარება, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ 2016 წლის 5 აპრილს კონკრეტული წინადადებები განსახილველად წარუდგინეს წინა მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიას, მაშინდელ მის თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი ვოლსკის, რომელიც მანამდეც აქტიურად იყო დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული განათლების, კულტურის ძეგლთა დაცვის თუ სხვა პრობლემებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებში მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ოქტომბრის სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანამდევი პრობლემები“  ჩამოყალიბებული რეკომენდაციები, რომლებიც დღესაც უაღრესად აქტუალურია.


საკითხის საფუძვლიანად მომზადების შემდეგ, 2016 წლის 19 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

სხდომის მიერ მიღებული რეკომენდაციები ითვალისწინებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კოორდინირებულ საქმიანობას მთელ რიგ კონკრეტულ  საკითხებზე. აღნიშნული რეკომენდაციები ფაქტობრივად წარმოადგენენ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, ერთგვარ პროგრამას, რომლის სრული მოცულობით შესრულება სერიოზულად შეაფერხებდა რუსიფიკაციის პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შექმნიდა პირობებს მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად.


შევეცდებით პუნქტების მიხედვით მოკლედ მოგახსენოთ, თუ რა შესრულდა და რა  ვერ თუ არ შესრულდა განვლილი  ერთი წლის განმავლობაში. წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ რეკომენდაციების მეტი ნაწილი შესრულებულია, მაგრამ დარჩენილია ისეთი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების გარეშე  2016 წლის 19 აპრილს მიღებული დოკუმენტის მთავარი მიზანი ვერ იქნება მიღწეული.

რამდენიმე რეკომენდაცია ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების - ევროკავშირის, ეუთოს, ევროსაბჭოს, გაეროს, იუნესკოსა და სხვათა ინფორმირება გალის რაიონში არსებული ვითარების შესახებ; სამინისტროს მხრიდან დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელება, რათა მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაშვება.


საერთაშორისო მონიტორების დაშვება გალის რაიონში, მიუხედავად სერიოზული ძალისხმევისა, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას  ადამიანის უფლებების, მათ შორის განათლების კუთხით იქ არსებული ვითარების შესახებ, ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, მე პირადად ყველაზე მაღალ შეფასებას მივცემდი. როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე მესამე წელია სამინისტრო ინგლისურ ენაზე რეგულარულად აქვეყნებს და მთელს მსოფლიოში ავრცელებს ყოველკვარტალურ ანგარიშებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვითარების შესახებ. მორიგი ასეთი ანგარიში დღეს ან ხვალ გამოქვეყნდება. ცალკე თავი აღნიშნულ ანგარიშებში მუდმივად ეთმობოდა და ეთმობა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის საკითხს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას აქვთ პატივი საკუთარი მოკრძალებული, მცირე  წვლილი შეიტანონ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ყოველკვარტალურად მომზადებასა და გავრცელებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, გალის რაიონში განათლების უფლების დარღვევის საკითხზე ყურადღება გამახვილებულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ბოლო წლების კონსოლიდირებულ მოხსენებებში და მათ საფუძველზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 6 მაისს, იმავე წლის 16 ნოემბერსა და სულ ახლახან - 2017 წლის 8 მაისს მიღებულ რეზოლუციებში; ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების 2016 წლის 15 დეკემბრის ერთობლივ განცხადებაში; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის 2017 წლის 24 მარტის რეზოლუციაში და ა.შ.


მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ჩვენთვის საინტერესო პრობლემაზე ასეთი აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის, თუმცა აქვე გვინდა ვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისრტროს, რომ შემდგომში მეტი ყურადღება  შეუსრულებელ რეკომენდაციებზე გამახვილდეს. მხედველობაში გვაქვს ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია: „მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევის შესახებ საკითხის დაყენება ევროსაბჭოში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში“. კარგია, როდესაც ევროსაბჭო იხილავს საკითხს „კონფლიქტი საქართველოში“ და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას თავის რეზოლუციაში ერთ ან ნახევარ წინადადებას უთმობს, როგორც ეს დღემდე ხდება, მაგრამ სულ სხვა წონა, რეზონანსი და შედეგი ექნება თუ  ევროპის საბჭოში, მისი ხელმძღვანელი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტის სესიაზე ან საპარლამენტო ასამბლეაზე მოხდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზოგადად ადამიანის უფლებების ან კონკრეტულად განათლების და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხის განხილვა. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არამედ პარლამენტმაც - მისმა დელეგაციამ ევროსაბჭოში. არ მინდა წაგართვათ ძვირფასი დრო იმაზე საუბრით, თუ რა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება აღნიშნული საკითხის ასეთ მაღალ დონეზე განხილვას და სასურველი ანუ ობიექტური რეზოლუციის მიღებას. ამით ჩვენ არა მხოლოდ ვამხელთ, არა მხოლოდ სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მივაყენებთ ოკუპანტებს, არამედ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასაც გავამხნევებთ  და მას ხვალინდელი დღის იმედს ჩავუსახავთ, განვუმტკიცებთ რწმენას საკუთარი სამშობლოს-საქართველოს მიმართ, რომლისადმი ერთგულების გამო ისინი იქ ყოველდღიურად გაუგონარ დისკრიმინაციას განიცდიან.


ევროპის საბჭოში გალის რაიონის საკითხის განხილვა და ობიექტური რეზოლუციის მიღება, გასაგები მიზეზების გამო,  იქნება საწინდარი, კარგი წინაპირობა 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესასრულებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ეძლევა რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განიხილოს საერთაშორისო სასამართლოს გზით მშობლიურ ენაზე განათლების უფლების აღდგენის შესაძლებლობის საკითხი. ჩვენთვის უცნობია, ამ ორ პატივცემულ უწყებას შორის აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შედგა თუ არა.  დრო კი არ ითმენს - იგი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ამჯერადაც თავს არ შეგაწყენთ  აღნიშნული რეკომენდაციის მნიშვნელობაზე და იმ პოლიტიკურ დივიდენდებზე საუბრით, რომელსაც უეჭველად მივიღებთ საერთაშორისო სასამართლოს მოგების შემთხვევაში; მხოლოდ მინდა ვთხოვო საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, რაც შეიძლება მალე შეუდგნენ ზემოხსენებული რეკომენდაციის შესრულებას. აქვე შეგახსენებთ მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევის თემაზე არსებული საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესახებ. ეს არის  საქმეები „კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ“ (2001 წელი) და „კატანი და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ“ (2012 წელი). არსებული პრეცედენტების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვიყოთ აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენი სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება.  პოლიტიკური მხარდაჭერისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან თანადგომის შემთხვევაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა მზად არიან საკუთარი ძალებით აქტიური მონაწილეობა მიიღონ აუცილებელი წინასწარი სამუშაოების შესრულებაში, მათ შორის სარჩელის მომზადებაში ყველაზე მეტი რეკომენდაცია ეხება ერთობლივად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, აფხაზეთის მთავრობას და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.  მიუხედავად რეკომენდაციების სიმრავლისა, სასაუბრო ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა გვაქვს, რადგანაც რეკომენდაცები მთლიანად შესრულებულია ან შესრულების სტადიაშია.


2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად,


-         გალის რაიონის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ყოველკვარტალური ფინანსური დახმარება, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფს, გაზრდილია 2. 393 ათასი ლარიდან 2016 წელს, 3. 140 ათას ლარამდე 2017 წელს (დირექტორი ღებულობს 810 ლარს, პედაგოგი - 780 ლარს, ტექნიკური პერსონალი - 522 ლარს); იმავე პერიოდში დახმარება სკოლამდელი დაწესებულებებისა და სახელოვნებო სკოლებისთვის, რომელიც   აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ასევე გაზრდილია 125 100 ლარიდან 147 900 ლარამდე;


-         პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, განვლილი ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ტარდება ტრენინგები, რომლებშიაც მონაწილეობა უკვე მიიღო დაახლოებით 110 პედაგოგმა; 140 მოსწავლე მონაწილეობდა სასწავლო-საზაფხულო ბანაკებში, მათ შორის 16 მოსწავლემ  ესპანეთში დაისვენა;


-         2016-2017 სასწავლო წელს რაიონის ყველა პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს  ნეთ-ბუკები გადაეცათ (სულ 439 ცალი), თანაც  ეს მოხდა პირველად;


-         გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში 31-ვე სკოლას უფასოდ მიეწოდა 13.727 გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელო და 7.510 რვეული;


-         ადრე არსებული ლიმიტი ფაქტობრივად მოიხსნა და ამიერიდან ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ყველა სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტით ფინანსდება;


-         მიმდინარეობს და შემდგომშიაც გაგრძელდება სერიოზული მუშაობა აფხაზური ენის პოპულარიზაციის, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, როგორც ამას ერთობლივი სხდომის რეკომენდაციები ითვალისწინებენ;  ჩვენთვის სავსებით ნათელია  ყოველივე ამის მნიშვნელობა ქართველთა და აფხაზთა შორის ნდობის აღდგენის საქმეში;  შექმნილია აფხაზური ენის თვითმასწავლებელი, რომლითაც უზრუნველყოფილია აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა და 31-ვე სკოლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე; ყოველწლიურად ხდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ თითოეულზე 1000  ლარის ოდენობით (სულ 3 სტუდენტი); 2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის ხუთ საჯარო სკოლაში არჩევითი საგნის სახით ისწავლება აფხაზური ენა; ხორციელდება აფხაზური ენის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება; ერთ-ერთი რეკომენდაცია ითვალისწინებს აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზების რესურსის გამოყენებას აფხაზური ენის სწავლებაში როგორც ენგურს გაღმა, ისე გამოღმა.  ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებულია აფხაზური ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტები; ეს კი  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აძლევს ამ საგნის სახელმძღვანელოებზე გრიფირების გამოცხადების საშუალებას, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევაც;


-         თითქმის მოგვარებელია (მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დარჩენილი), გალის რაიონიდან ჩარიცხული სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.


შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეკომენდაციების უმეტესობა შეასრულა ან აგრძელებს მათზე მუშაობას; იგი მუდმივ რეჟიმში ეწევა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ, უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხის განხილვას როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პერიოდულად წარმოებულ გალის შეხვედრებზე;


გვინდა ყურადღება გავამახვილოთ შეუსრულებელ რეკომენდაციაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ეხება. რეკომენდაცია ასეთია: „უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გალის რაიონის მოსახლეობისთვის ინტერნეტ წვდომის უზრუნველყოფის შესაძლებლობის განხილვა“. ჩვენთვის უცნობია, შედგა თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის სხდომა, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ გალის რაიონის მოსახლეობის ინტერნეტ წვდომის პრობლემა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სრულად ვაცნობიერებთ ყველა იმ უაღრესად რთულ, ძალიან ძნელად გადასალახავ დაბრკოლებას, რომელსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაწყდებით და მომავალშიც წავაწყდებით, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ტერიტორია ოკუპირებულია. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ოკუპაციის პირობებშიც გალის რაიონის ინტერნეტიზაცია, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია. ეს კი მოგვცემს დისტანციური სწავლების ფორმის აქტიურად გამოყენების საშუალებას, რითაც ხელი შეეწყობა  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფას. ამიტომაც არის იგი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წამოყენებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება გალის რაიონიდან დაიწყება.


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ეძლევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია,  რომლის თანახმადაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, სხვა შესაბამის უწყებებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს გალის რაიონში განათლების პროგრამასთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მუშაობა ამ მიმართულებით ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. ჩვენი ღრმა რწმენით, ამ ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა გახდეს დისტანციური სწავლება. აქვე მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ, რომ ზემოაღნიშნული უწყებები, კონკრეტულად ბატონი პეტრე კანკავა, ქალბატონი ლია გიგაური, ბატონი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, აგრეთვე სპეციალისტთა  მონაწილეობით  მუშაობენ მშობლიურ ენაზე დაფუძნებული ბილინგვური სწავლების ოპტიმალური მოდელის შექმნაზე, რომელიც გალის რაიონის სკოლებში უნდა დაინერგოს, რა თქმა უნდა, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების თანხმობით. ამასთან დაკავშირებით  ქართველი და აფხაზი პედაგოგების ჯგუფი ამ დღეებში ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც გაეცნო ბილინგვური სწავლების ევროპულ მოდელს, რომელიც აპრობირებულია ბასკეთში და კარგადაც მუშაობს. ჯგუფი გუშინ დაბრუნდა მივლინებიდან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებებით. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ქ-ნი ნონა შონია დღეს აქ გვესწრება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება აფხაზური მხარის რეაქცია. აღნიშნული პროექტის წარმატებით დაგვირგვინებისა და დამატებით კიდევ დისტანციური სწავლების დანერგვის შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება დიდწილად უზრუნველყოფილი იქნება.


2016 წლის 19 აპრილის ერთობლივ სხდომაზე მიღებული დოკუმენტი შეიცავს კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომლის ადრესატი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გახლავთ. მას უნდა განეხილა „ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გალის რაიონის მასწავლებლების, სასკოლო და საბავშვო ბაღების ტექნიკური პერსონალის 100%-იანი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით მომსახურების დაფინანსების შესაძლებლობის საკითხი“. ასეთია რეკომენდაცია. სამინისტროში მისი განხილვის თაობაზე ვერაფერს ვიტყვით, თუმცა  შემიძლია მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი არ არის, არადა აუცილებლად უნდა გადაწყდეს. სწორედ რომ, პედაგოგების დაზღვევით უნდა დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე  100%-იანი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა მთლიანად გალის რაიონის მოსახლეობაზეც  უნდა გავრცელდეს. ცნობისათვის მოგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი  დიდი ხანია დგას დღის წესრიგში.


ქალბატონებო და ბატონებო!


შევეცადეთ მოკლედ მოგვეხსენებინა თქვენთვის ოკუპირებულ გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევისა და ამ საკითხთან დაკავშირებით 2016 წლის 19 აპრილს ამ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. როგორც დავინახეთ, ბევრი რამ გაკეთდა, მუშაობაც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი აზრით, მთელი ძალისხმევა ამიერიდან შეუსრულებელი რეკომენდაციებისკენ უნდა მიიმართოს, რადგანაც მათი რეალიზების გარეშე სასურველი საბოლოო შედეგი მიღწეული ვერ იქნება. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელ სხდომას, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებულ ნებას  გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რათა ერთი წლის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაგვირგვინდეს. საქმის ბოლომდე მისაყვანად და სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია მუშაობის კოორდინაცია, განსაკუთრებით პროცესის მიმდინარეობაზე კონტროლის, მონიტორინგის განხორციელება. კარგი იქნება, თუ ამ ფუნქციას თავის თავზე აიღებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია ბ-ნ გედევანის ხელმძღვანელობით.


ვასრულებთ რა მოხსენებას, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ყველაზე უხეში ფორმებითა და მეთოდებით დარღვევა არ გახლავთ ცალკე აღებული, რაღაც განყენებული თემა თუ პრობლემა. როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ეს არის ოკუპანტის შორსმიმავალი დანაშაულებრივი გეგმის შემადგენელი ნაწილი, ანუ ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის ანექსიას, ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული და სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ გენოციდად შეფასებული ეთნოწმენდის შედეგების დაკანონებას, ქართველთა და აფხაზთა გამაერთიანებელი ხიდის მოშლას. მტერმა იცის გალის რაიონის მნიშვნელობა; იცის, რომ დასახული მიზნის მიღწევა აფხაზეთში თავმოყრილი უზარმაზარი სამხედრო ძალის მეშვეობით, მხოლოდ ტანკებითა და რაკეტებით  შეუძლებელია, საჭიროა კიდევ საიმედო პლაცდარმი მომავალში მისდამი ლოიალურად განწყობილი გალის რაიონისა და მისი  ასიმილირებული მოსახლეობის სახით.


ჩვენი მიზნები ხომ სრულიად საპირისპიროა - აფხაზეთის დეოკუპაცია, ეთნოწმენდისა და გენოციდის შედეგების აღმოფხვრა, აფხაზ ხალხთან დამაკავშირებელი, მაგრამ დღეს ჩატეხილი ხიდის აღდგენა. ამ სავსებით ლეგიტიმური და ამასთანავე მშვიდობიანი მიზნის მისაღწევად ჩვენც ჰაერივით გვჭირდება საიმედო პლაცდარმის შენარჩუნება და განმტკიცება გალის რაიონისა და საქართველოსადმი ერთგული მისი ქართული მოსახლეობის სახით.


ერთი სიტყვით, გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების აღდგენა და დაცვა დღეისათვის გახლავთ აფხაზეთისათვის საერთო ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი. ეს კი მოითხოვს საკითხისადმი კომპლექსურ მიდგომას.


რადგანაც ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა აფხაზეთში არის ოკუპაციის პირდაპირი შედეგი, შეუძლებელია შედეგთან სრულად გამკვლავება თუ ერთდროულად არ განვახორციელებთ თავად ოკუპანტის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს. ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, საჭიროა ოკუპანტის წინააღმდეგ კარგად გააზრებული იდეოლოგიური, დიპლომატიური და სამართლებრივი ბრძოლის მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად წარმოება. სასურველია და ეს ჩვენი თხოვნაც არის, ბატონო გედევან, რომ  აღნიშნული საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში მიეძღვნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სპეციალური გაფართოებული სხდომა,  სადაც შესაძლებელი იქნება ამ კუთხით უკვე კონკრეტულ ხედვებზე და მიდგომებზე საუბარი.


გმადლობთ ყურადღებისათვის. 05. 06. 17 წ.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions