უკრაინის ელჩის ვიზიტი

14 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი და საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი ეწვივნენ.

შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და პრეზიდიუმის წევრები. ისაუბრეს ქართული და უკრაინული პრობლემატიკის შესახებ, იმ საკითხებზე, რომლებიც ამჟამად წარმოადგენს საერთო ინტერესს.

 

უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ „ისტორია განმეორებით განგვსწავლის ხოლმე... ისევე როგორც 100 წლის წინ, დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. მართალია, ცივილიზებული სამყარო ყველა სახელმწიფოს სთავაზობს თანაბარ შესაძლებლობს იყოს სუვერენული და დემოკრატიული, მაგრამ რუსეთი ამას  სისხლიანი მეთოდებით ეწინააღმდეგება. რუსეთი ყველგან ყველა მეთოდით ახშობს თავისუფლებას. მან ჯერ საქართველოში განახორციელა ტერიტორიების ოკუპაცია, ახლა უკრაინაში ახორციელებს. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენი არჩევანია ევროპულ ოჯახში ცხოვრება და ეს უნდა გაიგოს კრემლმა. 21-ე საუკუნის რიჟრაჟზე მშვიდობიანი და პოლიტიკური ბერკეტებია გამოსაყენებელი და რუსეთს მოუწევს ანგარიშის გაწევა ჩვენისთანა სახელმწიფოებისთვის.  უკრაინას  საქართველოსთან საერთო პრობლემები აერთიანებს. ჩვენ გვყავს მილიონ ნახევარზე მეტი დევნილი. საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან ფასეულია. მსოფლიო სწავლობს შეცდომებზე. სამწუხაროდ, 2008 წელს მსოფლიომ ვერაფერი ისწავლა..... 2014 წელს მივიღეთ სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში. ასეთი პრობლემების გადაჭრა არ შეიძლება ცალკეულად. საქართველოს და უკრაინის პრობლემა ერთმანეთის გვერდით წყდება. მე ვყოფილვარ ოკუპაციის ხაზებზე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, მინახავს ბორდერიზაცია და უნდა ავღნიშნო, რომ საერთაშორისო მისია ამ პრობლემურ ადგილებში ძალიან შეზღუდულია. უნდა მოხდეს მათი ფუნქციების გაფართოება და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი თბილი და საინტერესო შეხვედრისთვის, მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვაფასებთ“.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა ბატონ იგორ დოლგოვს ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსთვის არის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში როგორც სულიერი, ისე სამხედრო მხარდაჭერა გაუწია ქვეყნას. „ჩვენ,  ორივეს, ერთი ოკუპანტი გვყავს და პრობლემებიც იდენტური გვაქვს იმიტომ, რომ რუსეთი ყველგან ერთი და იგივე  სცენარით მოქმედებს... ჩვენ გვმართებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მეტი ერთობლივი პროექტების განხორციელება - ეს იქნება სამეცნიერო კონფერენციები, პოლიტიკურ-კულტურული ღონისძიებები, გამოცდილებების გაზიარება თუ სხვა....  ჩვენ უნდა მოვიძიოთ არქივში ისტორიული ცნობები და მივაწოდოთ მსოფლიოს, საერთაშორისო უფლებადამცველ ინსტანციებს და ასე ერთიანად თუ დავამარცხებთ საერთო მტერს“.

დიალოგი იყო საინტერესო და გულახდილი, დეპუტატებმა - დ.გვაძაბიამ, თ.მჟავიამ, ა.წოწონავამ, თ.ხუბუამ, ნ.მგალობლიშვილმა თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს უკრაინის ელჩს რუსულ ოკუპანტურ რეჟიმსა და საერთო პრობლემებთან დაკავშირებით.

 





















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions