15 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესმა საბჭომ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორატთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, 1993 წლის 15-16 მარტს მოწინააღმდეგის მიერ სოხუმზე განხორციელებული იერიშის წარმატებით მოგერიების 25 წლისთავი აღნიშნა „სოხუმის მოედანზე“, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაერქვა მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიას.
ღონისძიებას ჰქონდა სიმბოლური სახე. აფხაზეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა ელგუჯა გვაზავამ და ვახტანგ ყოლბაიამ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს ქართველი მებრძოლების გმირული სულისკვეთება და ახალგაზრდებს მოუწოდეს, რომ არცერთი წამით არ დაივიწყონ აფხაზეთის უახლესი ტრაგიკული ისტორია, რომლის გარეშეც საქართველოს ძლიერება წარმოუდგენელია.
საგულისხმოა, რომ სოხუმის მოედანზე იმავე სახელწოდების ფირნიში 15 მარტს დამონტაჟდა.
ღონისძიების დასასრულს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცაში ცეცხლოვანი ფრანები გაუშვეს და გმირულად დაღუპული ბიჭების ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები აანთეს.