ნატოს მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება კონფლიქტების მოგვარების პროცესში


23-25 აპრილს, ბათუმში, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით  გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარზე - „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების პირველი პირები - ვახტანგ ყოლბაია და ელგუჯა გვაზავა.

 

 

სემინარის მონაწილებმა იმსჯელეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ, აგრეთვე საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ.

მე-2 სესიის თემაზე „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: 10 წელი ომის შემდეგ“ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოეგმა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის ნაწილში დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ. მისი თქმით, „მეზობელი ქვეყნის აგრესიის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ის ყველანაირი ხრიკებით ცდილობს გავლენის შენაჩუნებას. ამას ემატება ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, რუსულ პოლიტიკაზე ორიენტირებული ეთნოსები, საბჭოთა სისტემის მიმართ ჯერ კიდევ აქა-იქ ნოსტალგიურად განწყობილი მოსახლეობის ფენა და ა.შ... დღეს განსხვავებული ომების დროა, კიბერ-ომების დრო.... ასეთ ომში პატარა საქართველოს გაუჭირდება დიდ იმპერიულ  მონსტრთან შებმა, მაგრამ მსოფლიო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით და კარგად გათვლილი ნაბიჯებით ჩვენ მოვახერხებთ ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაბრუნებას“.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions