ერთობლივი სხდომა საქართველოს პარლამენტში


24 მაისს საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა  და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა სხდომა თემაზე   „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“.


 

სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძემ.

მონაწილეობდნენ:საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრები, აკადემიური წრეებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მონაწილეების წინაშე საინტერესო მოხსენებით წარსდგა  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, რომელმაც ისაუბრა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელობასა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე 1918-1921 წლებში. მისი შეფასებით, ქართველებმა და აფხაზებმა დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოახერხეს არა მხოლოდ  მშვიდობიანი თანაარსებობა, აფხაზეთმა ამ პერიოდში მოიპოვა სრული თვითმმართველობა საშინაო საკითხებში. ამ საქმეში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით აფხაზ, ქართველ და სხვა ეროვნების პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებმაც იმავდროულად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში დიდი წვლილი შეტანეს.

ჯემალ გამახარიას თქმით, რუსულ-ბოლშევიკური ძალები იმ პერიოდშიც ხელს უშლიდნენ ავტონომიური აფხაზეთის მშენებლობას, პოლიტიკური, საეკლესიო და სხვა რეფორმების განხორციელებას, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში აფხაზეთში ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადგილობრივი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეთა ძლიერი, გავლენიანი გუნდი ახერხებდა მათ განეიტრალებას.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთის წარსულზე, ყოველთვის ვფიქრობთ ამჟამინდელ ოკუპირებულ აფხაზეთზე, ვფიქრობთ იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც შეიძლება დღეს იყოს ან ხვალ გახდეს საინტერესო. მართალია, დღევანდელი ვითარება სრულიად განსხვავებულია, მაგრამ მაინც დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ აფხაზებთან ერთად ჩრდილოელი მედიატორის გარეშე მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და, რა თქმა უნდა, ახალი რეალიების გათვალისწინებით აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას“ - აღნიშნა ჯ. გამახარიამ.


მოხსენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბატონებმა: გიორგი ვოლსკიმ, გედევან ფოფხაძემ, ელგუჯა გვაზავამ, თამაზ ხუბუამ, ზურაბ ხონელიძემ, იგორ კვესელავამ, ლელა სარალიძემ, დოდო ჭუმბურიძემ, ოთარ ჟორდანიამ, ზურაბ პაპასკირმა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს თანადგომისთვის, აფხაზეთის  პრობლემურ თემაზე ერთობლივი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში რეალური ისტორიის ამსახველი ლიტერატურა მიუწვდომელი იყო მოსახლეობისთვის, ამდენად ბევრი რამ, მათ შორის დღეს მოსმენილი ისტორიაც უცნობია საზოგადოების ფართო მასებისთვის. მივესალმები იმას, რომ ახლა ხდება მისი განახლება, შევსება, თუმცა ეს არ არის საკმარისი.... „კარგი იქნება, თუ აფხაზეთის უახლესი ისტორიის სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში იქნება უფრო მაღალ დონეზე.  ახალი თაობა, სამწუხაროდ, არ იცნობს აფხაზეთში განვითარებულ ბოლო დროის მოვლენებს.... სიმართლის ცოდნა საჭიროა როგორც ქართველი, ისე ენგურს გაღმა დარჩენილი აფხაზი ერისთვის, რადგანაც თუ ცრუ გეზით ვიარეთ, ეს პრობლემა ბოლომდე არასოდეს გადაიჭრება.  მართალი ისტორია ჩვენს მომავალ თანაცხოვრებას სჭირდება“.


შეხვედრის დასასრულს, გედევან ფოფხაძემ მადლობა გადაუხადა მრგვალი მაგიდის ინიციატორებს, მოწვეულ სტუმრებს საინტერესო მოხსენებისთვის და დისკუსიისთვის.  „ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური და სამეცნიერო აზრის თანხვედრა ყველა იმ საკითხში, რომელიც აფხაზეთის საკითხებთანაა დაკავშირებული. მეცნიერული აზრი არ იქნება პრაქტიკული, ქმედითი რესურსი თუ მას პოლიტიკური აზრიც არ ახლავს და თუ პოლიტიკური აზრი არ იქნება მეცნიერული ცოდნის საფუძვლით გაძლიერებული, ასეთი პილიტიკური აზრიც ძალიან სუსტი იქნება მიზნის მიღწევაში. ამიტომ, ეს ურთიერთობა გადავზარდოთ ისეთ სინთეზში, რომ პოლიტიკური და მეცნიერული აზრი ერთობლივად გამოვიყენოთ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ყველა ვემსახურებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი

ქალბატონებო და ბატონებო!

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენაა ქართველი ხალხის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ იმ დღეს მკვდრეთით  აღდგა საქართველო. აღდგა არა რუსეთის მიერ 117 წლის წინ გაუქმებული ქართლ-კახეთის სამეფო,  ან რომელიმე სხვა ქართული სამეფო თუ სამთავრო, არამედ  XV საუკუნის ბოლოს დაშლილი ერთიანი ქართული სახელმწიფო. როგორც მოგეხსენებათ,  XV საუკუნემდეც მთელი 2.5 საუკუნე საქართველო მხოლოდ ეპიზოდურად ახერხებდა სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღდგენას და მის შენარჩუნებას.  ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთიანი ქართული სახელმწიფო არ არსებულა; აქედან 117 წელი ქვეყანა რუსეთის იმპერიაში შემავალ და რუსი ჩინოვნიკების მმართველობის ქვეშ მყოფ რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად იყო დანაწევრებული. 1811 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაც გაუქმდა. ქართველი ხალხი როგორც პოლიტიკური, ისე სულიერი წინამძღოლების გარეშე დარჩა. განვლილი საუკუნეებისა და წლების მანძილზე, რომელიც ტრაგიკული მოვლენებით იყო აღსავსე, ქართველმა ხალხმა  გამოავლინა ისტორიაში არნახული სიცოცხლისუნარიანობა, უფლისადმი რწმენა, ხვალინდელი დღის იმედი. შედარებით მცირერიცხოვანმა ხალხმა, რომელსაც არსებობის მეტი ხნის მანძილზე არ ჰქონდა საერთო სახელმწიფო, რომელიც მტრულ გარემოცვაში და სხვადახვა დამპყრობელთა უღლის ქვეშ იმყოფებოდა,  არა მარტო შეინარჩუნა, არამედ კიდევ უფრო გაიღრმავა  ზოგადქართული ცნობიერება; არა მარტო შეინარჩუნა, არამედ კიდევ უფრო განიმტკიცა ეროვნული ერთიანობის შეგრძნება. ჩვენი ხანგრძლივი ისტორია, რომელიც ათასწლეულებს ითვლის,  მოარული მოსაზრების საპირისპიროდ, ადასტურებს, რომ ქართველობის ერთ-ერთი მთავარი, მე ვიტყოდი, უნიკალური თვისება ყოფილა არა დაშლისკენ და განცალკევებისკენ მიდრეკილება,  არამედ ერთიანობისკენ ლტოლვა. შორეულ - ძალიან შორეულ წარსულში ჩაყრილი ქართველთა ეროვნული ერთიანობის ფუნდამენტი იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ ვერც ერთმა დამპყრობელმა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მუდმივი მცდელობისა, მისი მოშლა ვერ შესძლო; შესაბამისად, ჩვენს ერში ვერ ჩაკლეს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოს აღდგენისკენ მისწრაფება, სახელმწიფოს აღდგენის შინაგანი მოთხოვნილება. გადარჩენისთვის პერმანენტული ბრძოლის ფორმები მრავალფეროვანი იყო - ხმლით დაწყებული და მოთმინებით, განათლებით, კულტურული და ეკონომიკური წინსვლით დამთავრებული. დღევანდელი გადასახედიდან როცა უყურებ გარდასულ საუკუნეთა სიღრმეებში განვითარებულ მოვლენებს, თითქოს თვალნათლივ ჩანს, აშკარად ხედავ, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ მიიწევდა ქართველი ხალხი არა დაშლისკენ, არა დეგრადაციისკენ, როგორც ეს ჩვენს მტრებს სურდათ, არამედ 26 მაისისკენ. ის მხოლოდ ხელსაყრელ ჟამს  ელოდებოდა. ეს ჟამიც 1918 წლის 26 მაისს დადგა. ამ ისტორიულ დღეს ეროვნულმა საბჭომ  საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

თავის ისტორიულ საზღვრებში  ჩამოყალიბებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ცხადია, მოიცავდა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიასაც, რომელიც დღეს ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივი იყო ჩვენი სურვილი, თქვენთან ერთად გვემსჯელა  დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში - პირველ ქართულ რესპუბლიკაში ქართველებისა და აფხაზების სამწლიანი თანაცხოვრების გამოცდილებისა და  თანამედროვე ეტაპზე მისი მნიშვნელობის შესახებ. სად უნდა შემდგარიყო ამ თემაზე საუბარი, თუ არა საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში. უღრმესი მადლობა ბ-ნ გედი ფოფხაძეს ამ შესაძლებლობისთვის.

თავიდანვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აფხაზეთის მკვიდრთა განსაკუთრებული დამსახურება, მათი გამორჩეული როლი და ადგილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასა და მშენებლობაში. პირველ რიგში, დავასახელებთ სამურზაყანოში, კერძოდ, ოქუმში დაბადებულ და გაზრდილ აკაკი ჩხენკელს (1874 -1959) - გამოჩენილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, ასევე გამოჩენილ დიპლომატს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ საგარეო საქმეთა მინისტრს. როგორც ამიერკავკასიის  მთავრობის თავმჯდომარე, ის ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციას, რომელიც მოლაპარეკებას აწარმოებდა თურქეთთან ჯერ ტრაპიზონში (1918 წლის 27 მარტიდან  14 აპრილამდე), შემდეგ კი ბათუმში (11 მაისიდან). თურქეთის აგრესიული ქმედებების გამო შექმნილი ვითარების ანალიზმა, აგრეთვე ამიერკავსიის დელეგაციის შიგნით პრინციპულ საკითხებში წარმოქმნილმა უთანხმოებამ აკაკი ჩხენკელი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გადასარჩენად აუცილებელი იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მისი ეს პოზიცია, უფრო სწორად, კატეგორიული მოთხოვნა  დასაბუთებულია საკმაოდ ვრცელ წერილში, რომელიც აკაკი ჩხენკელმა 1918 წლის 15 მაისს ბათუმიდან ნოე ჟორდანიას გამოუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოზე განსახილველად. 16 მაისს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ეთანხმება აკაკი ჩხენკელის წინადადებას და იწყებს მზადებას დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის. 22 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში აკაკი ჩხენკელი დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას მოითხოვდა. ერთი სიტყვით, სამურზაყანოელი აკაკი ჩხენკელი იყო ის პიროვნება, რომლის დაჟინებული მოთხოვნით ეროვნულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ.

მეორე პიროვნება, რომელიც მინდა დავასახელო და რომელსაც ასევე გამორჩეული ადგილი უჭირავს პირველი ქართული რესპუბლიკის ისტორიაში, განსაკუთრებით მის დაცვაში გახლავთ სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ვალიკო ჯუღელი (1887-1924) - საქართველოს ეროვნული გვარდიის სახელოვანი მეთაური, საქართველოს დამფუძნებელი  კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი.

ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებამდე საქართველოს ეროვნული საბჭო (არჩეულია 1917 წლის 19-23 ნოემბერს I ეროვნული ყრილობის მიერ) დიდ ყურადღებას უთმობდა აფხაზეთის პრობლემას, ცდილობდა საქართველოს თვითმმართველი ერთეულის შემადგენლობაში მის შემოყვანას. პრობლემა კი  იმაში მდგომარეობდა, რომ აფხაზთა I პირველმა ყრილობამ, რომელიც 1917 წლის 7-8 ნოემბერს გაიმართა, ასევე ყრილობის მიერ არჩეულმა სახალხო საბჭომ გეზი არა საქართველოსთან გაერთიანებისკენ, არამედ მთიელთა კავშირში (შეიქმნა 1917 წლის მაისში) გაწევრიანებისკენ აიღო. წარმოიშვა  აფხაზეთის დაკარგვის საფრთხე.  საჭირო გახდა  ღონისძიებათა მთელი კომპლექსის განხორციელება, რათა აფხაზებს უარი ეთქვათ თავიანთ განზრახვაზე.

ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რომელიც ისტორიული ტერიტორიის დაბრუნებას და ამავე დროს აფხაზებთან დაახლოებასაც ისახავდა მიზნად, გახლდათ ამიერკავკასიის მმართველი ორგანოს - საგანგებო კომიტეტის 1917 წლის 30 ოქტომბრის  გადაწყვეტილება გაგრა - ბზიფის ზონის სოხუმის ოკრუგის შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ და სათანადო შუამდგომლობის აღძვრა რუსეთის დროებითი მთავრობის წინაშე. ამ გადაწყვეტილების ინიციატორი იყო საგანგებო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აკაკი ჩხენკელი. პეტერბურგში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ (1917 წლის 7 ნოემბერი) შექმნილმა ამიერკავკასიის კომისარიატმა ე. გეგეჭკორის თავმჯდომარეობით თავის თავზე აიღო ამ საკითხის მოგვარება. 1917 წლის 7 დეკემბერს მან გააუქმა რუსეთის მინისტრთა კომიტეტის 1904 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება  გაგრა-ბზიფის ზონის სოხუმის ოკრუგის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ.

ძალიან მალე ამიერკავკასიის კომისარიატის ეს გადაწყვეტილება იქცა  საკმაოდ ძლიერ კოზირად საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელში, რომელმაც 1918 წლის 9 თებერვალს გამართა მოლაპარაკება აფხაზთა სახალხო საბჭოსთან. ამ შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ასევე სამურზაყანოს წარმომადგენლები, რათა მათ ხელი შეეწყოთ აფხაზებთან ნდობისა და ურთიერთგაგების მიღწევისთვის. აფხაზებისაგან განსხვავებით, სამურზაყანოელები უარს ამბობდნენ მთიელთა კავშირში გაერთიანებაზე და მტკიცედ იცავდნენ ქართულ ორიენტაციას. ამიტომ  გახდა აუცილებელი მოლაპარაკებაში სამურზაყანოელთა მონაწილეობა. აფხაზეთის დელეგაცია ა. შარვაშიძის, მ. ემუხვარის, ნ. მარღანიას, რ. ჩხოტუას და მ. ცაგურიას შემადგენლობით შეხვდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს - ა. ჩხენკელს, კ. მესხს, პ. საყვარელიძეს, ნ. ქარცივაძეს და გ. გვაზავას.  ქართული მხარე არ დაეთანხმა აფხაზეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეას და გამოთქვა სურვილი, რომ აფხაზეთი  1904 წლის საზღვრებში (ანუ გაგრის ზონასთან და ასევე სამურზაყანოსთან ერთად) საქართველოს შემადგენლობაში შემოვიდეს სრული საშინაო ავტონომიით. მიღებულ შეთანხმების პირველ პუნქტში ნათქვამია: „აღდგეს ერთიანი განუყოფელი აფხაზეთი მდინარე ენგურიდან მდინარე მზიმთამდე საზღვრებში, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საკუთრივ აფხაზეთი და სამურზაყანო“. მითითებულ საზღვრებში ერთიანი და განუყოფელი აფხაზეთის აღდგენა შესაძლებელი გახადა საქართველოს მხარდაჭერამ, საქართველოს შემადგენლობაში ყოფნამ.  სხვა შემთხვევაში ის ვერასოდეს დაიბრუნებდა 1904 წელს შავიზღისპირეთის გუბერნიისთვის მიერთებულ გაგრის ზონას, უფრო მეტიც, დარჩებოდა სამურზაყანოს გარეშეც. გაგრის საკითხი 1917 წლის 7 დეკემბერს და 1918 წლის 9 თებერვალს არ დასრულებულა. 1918 წლის ოქტომბერში დენიკინის ჯარმა მდინარე ბზიფამდე ტერიტორია დაიკავა. გაგრა-ბზიფის ზონა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ 1919 წლის 17 აპრილს გაანთავისუფლეს და ამაში დიდი როლი ვალიკო ჯუღელსაც მიუძღვის.

ამრიგად, 1918 წლის 26 მაისამდე ამიერკავკასიის რესპუბლიკის შემადგენლობაში ყოფნამ და იმავდროულად საქართველოსთან მჭიდრო კავშირმა,  26 მაისის შემდეგ კი საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანებამ უზრუნველყო აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა -  გაგრისა და სამურზაყანოს შენარჩუნება.

1918 წლის 16-21 თებერვალს, აგრეთვე 8 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში სოხუმში და აფხაზეთის მეტ ნაწილში სოჭის მხრიდან შემოჭრილი ბოლშევიკები ბატონობდნენ. პირველ რიგში, მათ გააუქმეს აფხაზთა სახალხო საბჭო, მისი თავმჯდომარე (ს. ბასარია) და წევრები კი დააპატიმრეს. ბოლშევიკური ტერორისგან და ანარქიისგან აფხაზეთი ქართულმა ეროვნულმა გვარდიამ იხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა აფხაზთა სახალხო საბჭოს აღდგენა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ სახალხო საბჭო  აფხაზეთის ერთადერთ ხელისუფლებად აქცია. 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს მთავრობამ სწორედ აფხაზთა სახალხო საბჭოსთან გააფორმა ხელშეკრულება, აღმოუჩინა მას პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, რომლის გარეშე ის ვერც კი იარსებებდა. აღნიშნული ხელშეკრულების ძალით, აფხაზეთი დე-ფაქტო საქართველოს ნაწილი გახდა.

1918 წლის ზაფხულში ადგილი ჰქონდა აფხაზეთზე ორმხრივ შეტევას - რუსულ-ბოლშევიკურს და თურქულს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მასშტაბის ტრაგედიით დასრულდებოდა ეს ყოველივე, რომ არა ქართული ჯარის გმირობა, რომელმაც არა მხოლოდ გაანთავისუფლა აფხაზეთი, არამედ 1918 წლის 26 ივლისს ტუაფსეც კი დაიკავა. რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ ქართველებთან ერთად 300 აფხაზი მხედარიც იბრძოდა. ასევე მოხერხდა 1918 წლის 27 ივნისს კოდორის მაზრაში შემოყვანილი თურქული დესანტის ნეიტრალიზება, რომელიც მუჰაჯირების შთამომავლებისაგან შედგებოდა. ვითარების სტაბილიზაცია მოხერხდა როგორც ქართული ჯარის, ისე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე აფხაზი მოღვაწეების ძალისხმევის შედეგად.

აფხაზთა სახალხო საბჭოს რეალური ძალაუფლებით აღჭურვა, ეთნიკური აფხაზების ხელში აფხაზეთის მართვის სადავეების გადასვლა, რუსი ბოლშევიკებისაგან და რუსი თეთრგვარდიელებისაგან, აგრეთვე თურქული ექსპანსიისაგან მისი დაცვა, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება - კიდევ ერთი სიკეთეა, რომელიც აფხაზეთს და, პირველ რიგში, აფხაზებს,  საქართველოს შემადგენლობაში ყოფნამ მოუტანა.

1919 წლის 13 თებერვალს აფხაზეთში ჩატარდა მის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები, გაიმარჯვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის აფხაზეთის საოლქო ორგანიზაციამ. შეიქმნა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც იმავე წლის 20 მარტს მიიღო ისტორიული დოკუმენტი - „აქტი ავტონომიური აფხაზეთის შესახებ“. მისი პირველი პუნქტი იუწყებოდა:  „აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში როგორც მისი ავტონომიური ერთეული“. 1919 წლის მაისში სახალხო საბჭომ, რომელსაც უკვე აფხაზეთის  (და არა აფხაზთა) სახალხო საბჭო ეწოდებოდა, ჩამოაყალიბა კომისარიატი - აფხაზეთის მთავრობა; სოხუმის ოკრუგს ამიერიდან დაუბრუნდა თავისი ნამდილი სახელი - აფხაზეთი. სახალხო საბჭოს სათავეში ჩაუდგა აფხაზი ვარლამ შარვაშიძე, მთავრობას - ასევე აფხაზი არზაყან ემუხვარი.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში  შემავალი და რუსების მიერ მართული ადმინისტრაციული ერთეულის (სოხუმის ოკრუგის) დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალ პოლიტიკურ ერთეულად - დემოკრატიული წესით არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების მქონე ავტონომიურ აფხაზეთად  ტრანსფორმაციის რთული პროცესის პირველი მთავარი ეტაპის დასრულება ასევე 26 მაისის შემდგომი საქართველოს დამსახურებაა.

აფხაზეთის ხელისუფლებამ არა მხოლოდ მოახდინა ავტონომიური სტატუსის დეკლარირება, არამედ  რეალური შინაარსიც შესძინა მას. 1919 წლის 30 მარტს მუშაობას შეუდგა აფხაზეთის საკონსტიტუციო კომისია. სახალხო საბჭოს უმრავლესობის  ზოგადი მიდგომა ცენტრისა და ავტონომიის უფლებამოსილების  საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობდა იმაში, რომ აფხაზეთს, როგორც საქართველოს შემადგენლობაში შემავალ ავტონომიას და მის განუყოფელ ნაწილს, უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლობა მხოლოდ საშინაო საკითხებში; საქართველოს კანონმდებლობა აფხაზეთზეც გავრცელდებოდა. სწორედ ასეთი მიდგომა ჩაიდო სხვადასხვა პროექტების შეჯერების შედეგად 1920 წლის 16 ოქტომბერს სახალხო საბჭოს სხდომაზე მიღებულ და დამფუძნებელი კრებისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტში. ამ დოკუმენტის საფუძველზე მომზადდა „დებულება ავტონომიური აფხაზეთის მართვის შესახებ“, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ 1921 წის 21 თებერვალს დაამტკიცა.  „დებულებაში“ ჩადებული უფლებამოსილებებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთი დე-ფაქტო 1919 წლიდან სარგებლობდა.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთს არასოდეს ჰქონია ისეთი ფართო უფლებები, როგორიც ენიჭებოდა მას აღნიშნული დებულებით - ეს იყო სრული თვითმმართველობა, სრული ავტონომია  საშინაო საკითხებში.  აფხაზეთის მართვის შესახებ დებულების ამოქმედება 1921 წლის თებერვალ-მარტში განხორციელებულმა რუსულმა ოკუპაციამ  ჩაშალა, თუმცა ეს არ აკნინებს ამ დოკუმენტის ისტორიულ მნიშვნელობას.

როცა ვსაუბრობთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსის შესახებ, უნებლიედ გვახსენდება გასაბჭოების პირველი წელი, 1921 წლის 16 ნოემბერი, როცა რკპ (ბ) კავკასიის ბიუროს მიერ  ე. ეშბასთვის მიცემული წინადადება, „წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო საწყისებზე საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის საწყისებზე რსფსრ-ში აფხაზეთის შესვლის შესახებ“. როგორც ვხედავთ, რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში, აფხაზეთი მიიღებდა  არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ან თუნდაც ავტონომიური რესპუბლიკის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სრულიად უუფლებო ავტონომიური ოლქის სტატუსს.

აფხაზეთისთვის ამაში მდგომარეობდა  ერთ-ერთი მთავარი განსხვავება დამოუკიდებელ  საქართველოსა და რუსეთს შორის.

ავტონომიურ აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებით, სერიოზულ პრობლემად იქცა საეკლესიო საკითხი. ავტონომიის ტერიტორიაზე ვერ ვრცელდებოდა საქართველოს I საეკლსიო კრების მიერ შექმნილი ცხუმ-ბედიის ეპარქიის იურისდიქცია. სოხუმის რუსი ეპისკოპოსი სერგი (პეტროვი) კი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ის 1917 წლის ივლისში შექმნილ კავკასიის საეგზარქოსოს ექვემდებარებოდა. სერგიმ მიზნად დაისახა ამ ე. წ. საეგზარქოსოდანაც სოხუმის ეპარქიის გამოყოფა, სანამ ქართული ეკლესია მოასწრებდა აფხაზეთზე თავისი იურისდიქციის გავრცელებას. ეპისკოპოს სერგის უკან თეთრგვარდიელი გენერლები იდგნენ. ერთი სიტყვით, სოხუმის ეპარქიის საკითხმა, გარდა წმინდა ეკლესიურისა, პოლიტიკური ელფერიც შეიძინა. 1917 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ავტონომიური აფხაზეთის მთავრობის, მისი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარის ხელშეწყობით და, რა თქმა უნდა, მიტროპოლიტი ამბროსი ხელაიას ძალისხმევით გატარებული ღონისძიებების შედეგად სოხუმის ეპარქია დედა-ეკლესიის  წიაღს დაუბრუნდა. ეს მოხდა 1919 წლის 7 ოქტომბერს აფხაზეთის საგანგებო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც ქართული, აფხაზური, ბერძნული და რუსული სამრევლოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგანგებო საეკლესიო კრებამ  ცხუმ-ბედიის ეპარქიას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია. ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) ემიგრანტულ გაზეთში „დამოუკიდებელი საქართველო“ (პარიზი) სავსებით სამართლიანად წერდა, რომ   მიტროპოლიტი „ამბროსი ბრძნულად და განსაცვიფრებელის პოლიტიკური ნიჭით განაგებდა ცხუმ-აფხაზეთის მეტისმეტად საპასუხისმგებლო ეპარქიას... იგი შეიქმნა მუნ ცენტრალ პიროვნებად, რომელიც ამ განაპირა კუთხეში განასახიერებდა საქართველოს მთლიანობის იდეას“.

აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, აფხაზებისთვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის შექმნა ნიშნავდა მათი ასიმილაციისთვის, ეროვნული დისკრიმინაციისთვის, ხალხთა  შორის შუღლის ჩამოსაგდების მიზნით თავის დროზე  შექმნილი ინსტიტუტის - რუსული ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიის  რეფორმირებას და ყველა ერის პატივისცემაზე, სიყვარულზე, ძმობასა და ერთობაზე, ანუ ქრესტეს მოძღვრებაზე დაფუძნებული ახალი ინსტიტუტის შექმნას.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველოს მთლიანობის იდეას მიტროპოლიტ ამბროსისთან ერთად ავტონომიური აფხაზეთის საერო ხელისუფლებაც განასახიერებდა. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ავტონომიური აფხაზეთის მშენებლობა, პოლიტიკური, საეკლესიო და სხვა რეფორმების განხორციელება სეპარატისტული ძალების, აგრეთვე აფხაზეთში მოკალათებული რუსულ-ბოლშევიკური და რუსულ-თეთრგვარდიული აგენტურის შეთანხმებულ და კარგად ორგანიზებულ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ყველა დაპირისპირება ამ შავბნელ ძალასთან ხელისუფლების  გამარჯვებით თუ სრულდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ეს გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში აფხაზეთში ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე აფხაზ, ქართველ და სხვა ეროვნების პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეთა ძლიერი, გავლენიანი გუნდის დამსახურება. მისი თვალსაჩინო წევრები იყვნენ ა. ემუხვარი, ვ. შარვაშიძე, ვ. ანჩაბაძე, დ. გულია, პ. გელოვანი, ვ. გურჯუა, ტ. კვარაცხელია, გ. ზუხბაია, ი. ფაშალიდი, დ. ზახაროვი, ნ. ავდალბეკიანი და სხვები. ავტონომიის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურ აფხაზთა ჩათვლით, მხარს უჭერდა სწორედ ამ გუნდს.

დასახელებულ პიროვნებათაგან გამორჩეული ადგილი ეკავა  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარს (1880-1939) - 1919 წლის თებერვალში დემოკრატიული წესით არჩეული სახალხო საბჭოს პირველ თავმჯდომარეს და იმავე წლის მაისში დამტკიცებული პირველი მთავრობის (კომისარიატი) პირველ  თავმჯდომარეს,  საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრს. როგორც თქვენთვის ცნობილია, დიმიტრი ემუხვარი 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა და  1939 წელს პარიზში გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ გამოჩენილი მოღვაწის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა; მის სახელს ატარებს თბილისის ერთ-ერთი ქუჩა, სადაც არზაყანის ბიუსტიც დგას. ამიტომ მის პიროვნებაზე ვრცლად არ შევჩერდებით.

ავტონომიური აფხაზეთის პოლიტიკური ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ვარლამ  შარვაშიძე (1889 – 1957 წ.წ.) - სახალხო საბჭოს თავმჯდომარე და დამფუძნებელი კრების წევრი, ამასთანავე პირველი აფხაზი ექიმი-ქირურგი. ის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით აფხაზეთის შესვლას და ბევრს იღვწოდა ამ მიმართულებით. 1921 წლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა და სამეცნიერო-სამედიცინო საქმიანობას მიჰყო ხელი, გახდა საქართველოს დამსახურებული ექიმი. იყო უაღრესად განათლებული ადამიანი.

ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს კიდევ ერთ თვალსაჩინო აფხაზ პოლიტიკურ მოღვაწეს ვასილ გურჯუას (1882-1924) - აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრს. იმისათვის, რომ თქვენ შეგექმნათ მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა ამ ადამიანის შესახებ, მოვიტან ამონარიდს მისი გამოსვლიდან დამფუძნებელი კრების 45-ე პლენარულ სხდომაზე, რომელიც  1919 წლის 2 აგვისტოს გაიმართა. სხდომაზე იხილებოდა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი, რომელიც შეიცავდა მკაცრ, მაგრამ ზოგჯერ უსამართლო კრიტიკას აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. აი რა პასუხი გასცა ოპონენტებს აფხაზმა ვ. გურჯუამ:

„ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთის ინტერესები მჭიდროდ არიან დაკავშირებული საქართველოს რესპუბლიკასთან. და ჩვენ ამ რესპუბლიკაში გერებათ კი არ ვსთვლით თავს, არამედ თანასწორ მოქალაქეებად, მის ღვიძლ შვილებად (ტაში). რამდენიც უნდა დაგვწამონ ცილი ბატონებმა  თავდგირიძეებმა, ჩვენ სწორ გზიდან მაინც არ აგვაშორებენ. გზა კი არის შემდეგი: ერთი დემოკრატიული რესპუბლიკა და ერთი სახელმწიფოებრივი კანონი ყოველ საქართველოს ნაწილისთვის (ტაში). აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ერთეული, მაგრამ ნაწილი ამ საქართველოისა, მხოლოდ თავის შინაურ საქმეში იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ მიერ გამომუშავებული კონსტიტუცია თქვენ უნდა მიიღოთ და მოიწონოთ. თქვენ მიერ მიღებული სახელმწიფოებრივი კანონები ჩვენთვისაც იქნება სავალდებულო.

ჩვენ მეტს არაფერს არ ვთხოულობთ და ამის წინააღმდეგ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიის წარმომადგენლები არასოდეს არ იყვნენ და არც იქნებიან წინააღმდეგნი. ჩვენ ეს არაერთხელ გამოგვითქვამს.

მაშ, გაუმარჯოს საქართველოს და მის დემოკრატიულ რესპუბლიკას, გაუმარჯოს დემოკრატიულად დარაზმულ ავტონომიურ აფხაზეთს, ამ საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს (ტაში)“.

ალბათ დამეთანხმებით, ამ სიტყვებს კომენტარები არ სჭირდება.  მხოლოდ მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ ცენტრსა და ავტონომიას შორის ურთიერთობის თაობაზე ვასილ გურჯუას მიერ ჩამოყალიბებული ზოგადი პრინციპები დღესაც საკმაოდ აქტუალურია. გასაბჭოების შემდეგ მან არ დატოვა აფხაზეთი.  ბოლშევიკურმა რეჟიმმა ის მაშინათვე დააკავა. 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლებული ვასილი  არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდა და 1921 წლის ზაფხულიდან აფხაზ და ქართველ თანამოაზრეებთან ერთად დღევანდელი ოჩამჩირე-გალის რაიონების ტერიტორიაზე გაგრძელა ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.  აფხაზეთის საგანგებო კომისია - ე. წ. ჩეკა პირდაპირ ნადირობდა ამ ადამიანზე; 1922 წლის ბოლოდან მასზე გამოცხადებული იყო ძებნა მთელი საბჭოთა იმპერიის მასშტაბით. ვასილ გურჯუას ადანაშაულებდნენ სამურზაყანოს მაზრაში 1922 წლის მაისში „ბანდიტური აჯანყების მომზადებაში“, აგრეთვე  „კოდორის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადების ორგანიზაციაში“.  ვინაიდან ჩეკა ვასილ გურჯუას ვერ აკავებდა, რეპრესიების ტალღამ მის ოჯახზე და ნათესავებზე გადაიარა. „პოლიტიკური დამნაშავის გადამალვის“ ბრალდებით, 1923 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მეუღლე, ახალგაზრდა ლანჩხუთელი ქალბატონი მარიამ პეტრეს ასული ჭყონია, აგრეთვე ძმები, ბიძაშვილები, ახლობლები (სპირიდონ, სტეფანე, თაბაქ გურჯუები და ნიკოლოზ ბჟანია).

საგანგებო კომისიისთვის 1924 წლის დასაწყისიდან უკვე  ცნობილი იყო, რომ საქართველოში შეიარაღებული აჯანყება მზადდებოდა. ჩეკისტები უსასტიკეს ზომებს ღებულობდნენ მის აღსაკვეთად, წინასწარ აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ ნებისმიერ ეჭვმიტანილს. ვიწროვდებოდა წრე ვასილ გურჯუას გარშემოც. 1924 წლის 1 აგვისტოს ჩეკისტებმა იგი სრულიად შემთხვევით სოფელ ბედიაში აღმოაჩინეს და დააკავეს. 1924 წლის 15 და 17 სექტემბერს გაიმართა საგანგებო სამეულის - ე. წ. ტროიკას - სხდომა აფხაზეთის სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის ნ. ლაკობას, აფხაზეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის ნ. ბახტაძისა და საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელი (პირველი) მდივნის ე. ასრიბეკოვის შემადგენლობით. სხდომამ გადაწყვიტა, ვასილ გურჯუას და მის თანამებრძოლებს,  „როგორც აფხაზეთისა და საქართველოს გასაბჭოების პირველივე დღიდან მიმალვაში მყოფ პოლიტბანდიტებს და ბანდიტური გამოსვლების მონაწილეებს, მიესაჯოთ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა“.  1924 წლის 18-19 სექტემბრის ღამეს სოხუმის გარეუბანში, „შუქურას“ მიდამოებში, განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს დიდმა პატრიოტმა ვასილ გურჯუამ.

მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ქუთაისსა და თბილისში ბრძანდებოდა ვასილ გურჯუას ძმისშვილი, აფხაზი კაცი ხუტა გურჯუა. ის ჩამოვიდა სოხუმიდან და ითხოვა  მასალების მოძიება სახელოვანი ბიძის შესახებ. ეს მასალები უკვე მოძიებულია. მიუხედავად სოლიდური ასაკისა,  ბატონი ხუტა ამ დღეებში კვლავ ჩამობრძანდება თბილისში და პირველად გაეცნობა არქივიდან ამოღებულ იმ მასალებს, საიდანაც გამორჩეული აფხაზი პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლის, ამ ბრძოლაში  გმირულად დაცემული ვასილ გურჯუას ნათელი სახე იკვეთება.

საქართველოს  დამოუკიდებლობის  მე-100 წლისთავი კარგი საბაბია იმისათვის, რომ დღეს მაინც  ღირსეული პატივი მივაგოთ ვასილ გურჯუას ხსოვნას. ოკუპირებულ აფხაზეთში ის კვლავაც რეპრესირებულია, კვლავაც „ხალხის მტერი“ და „პოლიტიკური ბანდიტია“. დროა სამართლიანობამ იზეიმოს. შესანიშნავი მამულიშვილის ვასილ გურჯუას ხსოვნის უკვდავყოფა ჩვენი წმინდათა წმინდა ვალია. ამის მოლოდინში არიან აფხაზეთში დღეს მცხოვრები მისი მრავალრიცხოვანი ნათესავებიც, რომლებიც აუცილებლად ნახავენ ჩვენი დღევანდელი სხდომის ჩანაწერს. აფხაზეთის მთავრობამ ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წინაშე უკვე დასვა საკითხი იმ შენობის ფასადზე, სადაც ვასილ გურჯუა თავის დროზე სწავლობდა, განთავსდეს მემორიალური დაფა მისი ბარელიეფური გამოსახულებით. სასურველია, აგრეთვე ქუთაისში მოიძებნოს ქუჩა, რომელსაც ვასილ გურჯუას სახელი დაერქმევა. არსებობს მცირე ბიუროკრატიული დაბრკოლება, რომელიც, იმედია, მალე გადაილახება და საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის, მშობლიური აფხაზეთის სრულფასოვანი ავტონომიის დაცვისათვის ბრძოლაში დაღუპული აფხაზი პოლიტიკური მოღვაწისთვის სათანადო პატივის მიგების საშუალება მოგვეცემა.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სწორად გათვლილი პოლიტიკის წყალობით მოახერხა ავტონომიურ აფხაზეთში მყარი სოციალური დასაყრდენის ჩამოყალიბება. პირველ რიგში, შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფდა აფხაზეთში მცხოვრები ერების პოლიტიკურ და ეკონომიკურ უფლებებში გათანაბრებას. მხედველობაში მაქვს საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მთავრობის მიერ 1918 წლის 16 ივლისს დამტკიცებული დებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 27 მაისს მიღებულ კანონს მოქალაქეობის შესახებ. როგორც დებულების, ისე კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობა და აქედან გამომდინარე პოლიტიკური უფლებები ენიჭებოდა ყველას, ვინც 1914 წლის 19 ივლისამდე ცხოვრობდა და მიწერილი იყო  საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველოს პარლამენტმა (ეროვნულ საბჭოს 1918 წლის 8 ოქტომბრიდან პარლამენტი ეწოდებოდა) 1919 წლის 28 იანვარს მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონი სანადელო, სახაზინო და სხვა მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული აქტების თანახმად, აფხაზეთში მცხოვრები ათასობით სომეხი და ბერძენი საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე და მიწის მეპატრონე გახდა. მიწათმფლობელები გახდნენ ქართველებიც. ამის გამო უკმაყოფილო დარჩა მხოლოდ სეპარატისტთა მცირე ჯგუფი, სამაგიეროდ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სახით  საქართველოს  დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და მისმა მთავრობამ საიმედო მოკავშირე და მყარი დასაყრდენი შეიძინა.

ქალბატონებო და ბატონებო! როგორც თქვენს წინაშე წარმოდგენილი ეს მოკლე მიმოხილვა გვიჩვენებს, 1918-1921 წლები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თვალსაზრისითაც  იყო უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

1.  მიუხედავად რთული პრობლემებისა, რომელთა ფესვები რუსეთის იმპერიის მიერ ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთში წარმოებული  „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ,  ქართველებმა და აფხაზებმა მოახერხეს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობა და აქტიური თანამშრომლობა ურთიერთმისაღებ  პირობებში;

2. მხოლოდ საქართველოსთან ერთობამ გახადა შესაძლებელი აფხაზეთის აღდგენა მის დღევანდელ საზღვრებში;

3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წყალობით აფხაზთა ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია - სახალხო საბჭო - იქცა აფხაზეთის რეალურ ხელისუფლებად, რომლის არსებობას და ფუნქციონირებას ქართული სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკური და სამხედრო დახმარება უზრუნველყოფდა;

4. აფხაზი ეთნოსისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ რუსი ჩინოვნიკების მიერ მართული ადმინისტრაციული ერთეულის - სოხუმის ოკრუგის ავტონომიის სტატუსის მქონე პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბება დემოკრატიული წესით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოთი და მის მიერ დანიშნული მთავრობით;

5. ავტონომიურ აფხაზეთში არსებობა შეწყვიტა  რუსული ეკლესიის ადგილობრივმა ეპარქიამ, შესაბამისად შეწყდა აფხაზთა ასიმილაციის პოლიტიკაც, რომელიც ღიად წარმოებდა ათწლეულების მანძილზე;

6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სწორი და პრინციპული პოლიტიკა უზრუნველყოფდა აფხაზეთში არსებული სხვადასხვა ორიენტაციის, მაგრამ საერთო ანტიქართული მიზნის მქონე სეპარატისტების, აგრეთვე აშკარა აგენტურისა და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ძალების პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას;

7. ავტონომიურ აფხაზეთში პოლიტიკურ სტაბილურობას, შესაბამისად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფდა მოკლე დროში გამოკვეთილი აფხაზი და სხვა ეროვნების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსთა ერთიანი და ძლიერი გუნდი;

8. ავტონომიურ აფხაზეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საიმედო  დასაყრდენად იქცა მისი მრავალეროვანი  მოსახლეობის დიდი უმრავლესობა.

ვასრულებთ რა მოხსენებას, იმედს გამოვთქვამ, რომ პატივცემული კოლეგები, რომლებიც აქ ბრძანდებიან, გააგრძელებენ 1918-1921 წლებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ანალიზს და შესაბამის დასკვნებსაც შემოგვთავაზებენ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთის წარსულზე, ყოველთვის ვფიქრობთ ამჟამინდელ ოკუპირებულ აფხაზეთზე, ვფიქრობთ იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც შეიძლება დღეს იყოს ან ხვალ გახდეს საინტერესო. ერთი რამ ცხადზე უცხადესია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, ამ რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიური აფხაზეთის ჩამოყალიბება, სერიოზული მიღწევები როგორც სახელმწიფოს, ისე მისი ავტონომიის მშენებლობის საქმეში შესაძლებელი გახდა რუსეთის იმპერიის კრახის პირობებში და იმ ვითარებაში, როდესაც ეს იმპერია სამოქალაქო ომის ალში იყო გახვეული. სხვათა შორის, 1991 წელს, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა, საქართველოს მიეცა აფხაზურ მხარესთან ჩრდილოელი მედიატორის გარეშე დიალოგის წარმოების საშუალება და, გახსოვთ, მოხერხდა კიდევაც სერიოზულ საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. მართალია, დღევანდელი ვითარება სრულიად განსხვავებულია, მაგრამ რუსეთის ისტორიაში ღრმად ჩახედული მეცნიერები, რომლებიც აქ ბრძანდებიან, დამეთანხმებიან, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაგება ის დრო, როდესაც ჩვენ აფხაზებთან ერთად ჩრდილოელი მედიატორის გარეშე მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას.  ეჭვიც არ გვეპარება, ჩვენი თანაცხოვრების მდიდარი გამოცდილებისა და, რა თქმა უნდა, ახალი რეალიების გათვალისწინებით აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას...

გმადლობთ ყურადღებისთვის.

 





















































































































































 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions