მალხაზ ბარამიძის წიგნის - „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში" - პრეზენტაცია

 

28 ივნისს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში"  პრეზენტაცია გაიმართა.

პროფესორ მალხაზ ბარამიძის ნაშრომი მრავალწლიან მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა და საფუძვლად 1976-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და გათხრილი სრულიად ახალი არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები უდევს. ნაშრომში სრულადაა მოცემული და გააზრებული ყველა კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები: ნასახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები, განძები, საკულტო ობიექტები და სხვა.

 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები. ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერის ოჯახის წევრები  და მეგობრები.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions