იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

22 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად ცნობის საკითხი.

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის საკანონმდებლო წესით ინიცირება.

პირველ საკითხთან დაკავშირებით  ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ფრაქციების, კომიტეტებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ წარმოდგენილ დადგენილებასთან და კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან 76-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია, საჭიროა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტზე იურიდიული და საპროცედურო კომიტეტის დასკვნა.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს წარმოდგენილი დადგენილებისა და კანონის პროექტი და სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრაზე დაყენების შემდეგ ერთხმად დაუჭირეს მხარი მისი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად ცნობის საკითხს.

სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 15 დეკემბერს შევიდა ცვლილება. საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში სხვა ინფორმაციასთან ერთად აისახა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება. მიზანშეწონილია აღნიშნული ცვლილება აისახოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონშიც. წარმოდგენილი პროექტი ამ მიზანს ემსახურება.

საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო წესით ინიცირებას.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, მურმან კვარაცხელია, როსტომ შამუგია, ნაპოლეონ მესხია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
























Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions