უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

17 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული - “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ საკითხები.

ვახტანგ ყოლბაიამ კოლეგებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მისი თქმით, რეგლამენტში ცვლილება ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს მედლის და სხვა ჯილდოების ახლებურად და უფრო ეფექტიანად განსაზღვრისათვის. პროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე აქტიური სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ან უმაღლეს საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ან მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იღებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით, ხოლო მადლობის და წარმატებულის სიგელით, ასევე უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იღებს ერთპიროვნულად, პრეზიდიუმთან შეთანხმების გარეშე.

კენჭისყრის შედეგად კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას და საკითხის საკანონმდებლო წესით ინიციირებას.

კომიტეტეის წევრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ საკითხი. გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა სამინისტროში ერთი და იმავე პროექტის დუბლირების გამო. დეპუტატები საკითხის წამყვანი კომიტეტისთვის მიწოდების შესახებ შეთანხმდნენ.

ამასთან, კომიტეტმა წამოაყენა წინადადება, რათა 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას შემდეგი საკითხები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით გაერთიანების 105 წლისთავისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარის გარდაცვალებიდან 85 წლის აღნიშვნის ღონისძიებათა დაფინანსება; ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პოეტის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის რაულ ჩილაჩავას აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსთა კრებულის გამოცემის დაფინანსება; საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის თავდაცვისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ცნობილი ფრანგი ფოტო ხელოვანის ორელიენ ვილიეტის მიერ 2016 წელს აფხაზეთში გადაღებული ფოტოსერიის ნაწილის (2018 წელს გამოიფინა თბილისში, ეროვნულ მუზეუმში და 2022 წელს ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ლეიდენაში) მომზადება კოლექციის/ბარათების კრებულის სახით დამზადების დაფინანსება.

კომიტეტის წევრებმა აგრეთვე მიიღეს განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის თავდაცვისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას ბიუსტის ზუგდიდში დადგმის დაფინანსება გათვალისწინებული იქნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან.

სხდომას ესწრებოდნენ დეპუტატები ანზორ წოწონავა, ნაპოლეონ მესხია (დისტანციურად), მურმან კვარაცხელია (დისტანციურად), ბორის კაკუბავა (დისტანციურად), თემურ მჟავია.





































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions