ამ დღეებში რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რითაც ფაქტობრივად აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და 2008 წლის სექტემბერში აღებული ვალდებულებების იგნორირებას.
ა.წ. 13 ოქტომბერს გამოაქვეყნდა ”რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" პროექტი და განსახილველად გადასცა სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას. ადვილი მისახვედრია, რომ ამ ე.წ. დოკუმენტის ძირითად დებულებებში აფხაზები ვერავითარ ცვლილებებს ვერ შეიტანენ და მათი აზრი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელი იქნება.
ხელშეკრულების პროექტის თანახმად, რუსეთსა და ”აფხაზეთის რესპუბლიკას” ექნებათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცე საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურით ანუ ჯარით, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ”სახელმწიფო საზღვრების” ერთობლივი დაცვით, რაც თავისთავად ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფაქტობრივად მდინარე ენგურზე გადმოტანას; ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე იმოქმედებს შინაგან საქმეთა ერთობლივი ორგანოები. ”ხელშეკრულების” ეს და სხვა პუნქტები განაპირობებს რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოს - დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიის ანექსიის იურიდიულად გაფორმების დაუფარავ მცდელობას.
აღნიშნული ქმედებით რუსეთი საქართველოს დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს.
საუბარი ”ორი ქვეყნის” - რუსეთისა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით მაშინ, როცა მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთს აღიარებს საქართველოს განუყოფელ, მაგრამ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად, საიდანაც გამოდევნილია მოსახლეობის უმრავლესობა, საერთაშორისო იურიდიულ ნორმებს ეწინააღმდეგება.