2025 წლის 13 ოქტომბერს 85 წელი შეუსრულდებოდა რენალდ დგებუაძეს - სახელოვან მამულიშვილს, აფხაზეთის მკვიდრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და საზოგადოებრივი აქტიურობით გამორჩეულ პიროვნებას. რენალდ დგებუაძე 63 წლის ასაკში 2004 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა. 

21 ოქტომბერს  უმაღლეს საბჭოში გაიმართა რენალდ დგებუაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პლენარული სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შეკრებილ საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ რენალდ დგებუაძე იყო გამორჩეული პიროვნება. გაიხსენა მასთან პირველი შეხვედრა 1989 წლის დასაწყისში შოთა ჯღამაძესთან და ზაურ კვარაცხელიასთან ერთად, რამაც ძალიან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ჯემალ გამახარიას თქმით, იგი იყო ღრმად განათლებული ადამიანი, შესანიშნავად ერკვეოდა ლიტერატურაში, პოეზიაში, ორიგინალში კითხულობდა გერმანელ კლასიკოსებს, ფილოსოფოსების და ეკონომისტების ნაშრომებს. ბატონ რენალდს ძალიან უჭრიდა კალამი, რისი დასტურია მისი ლექსების კრებული. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რენალდ დგებუაძის მეგობრები, კოლეგები, მისი უშუალო თანამებრძოლები იმ ურთულეს წლებში, როდესაც მას მოუწია მოღვაწეობა. გამომსვლელებს შორის იყვნენ  საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი ჯემალ შონია,  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საიუბილეო კომისიის ხელმძღვანელი თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, უმაღლესი საბჭოს წევრები ვახტანგ ყოლბაია, თეიმურაზ მჟავია, რაისა ქარაია, რენალდ დგებუაძის მეუღლე თამარ ვეფხვაძე, მეგობრები ტარიელ კასრაძე, თენგიზ დარსანია. 

გამომსვლელებმა გაიხსენეს რენალდ დგებუაძის მოღვაწეობის საინტერესო მომენტები, ენგურჰესის მშენებლობაზე მუშაობა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისი, ურთულესი პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში - აფხაზეთში ომის და ომის შემდგომი პერიოდი. ის იღწვოდა დევნილების დაბინავებისა და მათი სოციალური, ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვის. საზოგადოება რენალდ დგებუაძეს იცნობდა, როგორც პატიოსან, კეთილშობილ, განათლებულ, პროფესიონალ ინჟინერსა და მაღალი კვალიფიკაციის მოხელეს. ის გახლდათ ჩვენი ქვეყნის, აფხაზეთიდან დევნილთა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ფორმების, იდეების,  მოსაზრებების გენერატორი, რომლებსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და სრული თავსებადობა ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან. საინტერესოა მისი შემოქმედება. ის გახლდათ პოეტი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, წიგნების რედაქტორი. რენალდ დგებუაძის ნაადრევი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, როგორც აფხაზეთისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. მას შეეძლო კიდევ უამრავი საქმის გაკეთება თავისი სამშობლოსთვის. 

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეოფილმი რენალდ დგებუაძის შესახებ. რენალდ დგებუაძის მეუღლემ თამარ ვეფხვაძემ დაარიგა ოთარ აკიშბაიას მიერ რენალდ დგებუაძეზე დაწერილი წიგნები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები,  აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, რენალდ დგებუაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, საზოგადოების წარმომადგენლები. 

დღეს რენალდ დგებუაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი  საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ჯემალ გამახარიამ,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა,  აფხაზეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების, ქვეყნის დედაქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა, რენალდ დგებუაძის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა.


გალერეა

სხვა სიახლეები