მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია „საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დაღუპვიდან 32 წლისთავთან დაკავშირებული მემორიალური ღონისძიების შესახებ“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ“ იმსჯელეს.

პირველ საკითხთან დაკავშირებით, კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზეთის ისტორიის სწავლების შემოღების, აფხაზეთთან დაკავშირებულ მემორიალურ ადგილებში მოსწავლეებთან შეხვედრების და საუბრების მოწყობის აუცილებლობაზე.  ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ჟიული შარტავას საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში მდებარე მონუმენტთან „საქართველოსთვის“, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დაღუპვიდან 32 წლისთავთან დაკავშირებული მემორიალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ და ჟიული შარტავას სახელობის ქ.თბილისის N62, N2 და N3  საჯარო სკოლის მოსწავლეები.

საკითხთან დაკავშირებით, წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანიამ.

პრეზიდიუმმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფომაცია და გადაწყვიტა,  აფხაზეთის მთავრობასთან გაგრძელდეს მუშაობა გამოთქმული წინადადებების იმპლემენტაციისათვის.

დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ  მეორე საკითხზე. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით მთავრობის წევრებს დღესვე უნდა მიეწოდოს უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ წარმოდგენილი შეკითხვები, რათა ოქტომბრის ბოლოდან დავიწყოთ მოსმენები ინტერპელაციის წესით.

განხილვის შემდგომ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხებს.

გალერეა

სხვა სიახლეები