19 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების უმაღლესი საბჭოს პლენარული და კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომითი სტაჟის დადგენის წესის ანალიზი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მოთხოვნის თანახმად, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და უმაღლესი საბჭოს აპარატი იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ყოველი თვის დასაწყისისთვის უგზავნის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სხდომებსა და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზე დასწრების აღრიცხვის მონაცემებს.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომითი სტაჟის დადგენის საკითხი წლებია გართულებულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, კერძოდ, არქივში არ მოიპოვება მონაცემები სტაჟის შესახებ და უარის მიღების შემდეგ მხარე იძულებულია მიმართოს სასამართლოს. ეს პროცესი, როგორც წესი ჭიანურდება, რაც დევნილს საქმის ვითარებას უმძიმებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ ნსჯელობა, როგორც საქართველოს პარლამენტთან, ისე აფხაზეთის მთავრობასთან. მათ წარუდგინეს თავიანთი ხედვა. ისინი საკითხის მოგვარების შესაძლებლობას ხედავენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციული წარმოების ფორმატში. მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს წარუდგინეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომითი სტაჟის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტიც.

კომიტეტის სხდომის თავმჯდომარის თქმით, როგორც მათთვის ცნობილია აფხაზეთის მთავრობამ იმსჯელა მთავრობის სხდომაზე, მოიწონა აღნიშნული მიდგომა და შექმნა კომისია, რომელიც განიხილავს ამ სახის საკითხებს შესაბამისი აქტის მომზადების მიზნით. 

საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს ანზორ წოწონავან და მურმან კვარაცხელიამ. მათ მოიწონეს სტაჟის დადგენის გამარტივების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. 

ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის სრულყოფისა და დახვეწის მიზნით იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს კომპეტენციის ფარგლებში მომავალშიც აქციოს სტაჟის დადგენის საკითხი მსჯელობის საგნად. 

კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომითი სტაჟის დადგენის წესის შესახებ ინფორმაცია.

გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, მურმან კვარაცხელია, ნაპოლეონ მესხია.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

გალერეა