მიმდინარე
წლის 8 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის
შესახებ იმსჯელეს.
მუშაობის
მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ გონაშვილმა.
თავის გამოსვლაში
მან ვრცლად ისაუბრა ეთნიკური ავტონომიების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო
მმართველობაში. მიმოიხილა აფხაზეთის კონსტიტუციის გადასინჯვისა და ზოგადი დებულებების
მნიშვნელოვანი საკითხები. ვ. გონაშვილის განმარტებით ზოგადი დებულებები მომზადდა ძირითადად
შვეიცარიის გამოცდილების საფუძველზე, ხოლო ეთნიკური ავტონომიების მონაწილეობის საკითხი
აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების მაგალითზე შემუშავდა. ყურადღება გაამახვილა ისეთ
საკითხებზე, როგორიცაა ავტონომიის წარმომადგენლობის მონაწილეობა სახელმწიფოს სხვადასხვა
ორგანოების ფორმირებასა და ვეტოს უფლების გამოყენება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების
მუშაობაზე.
დისკუსიაში
მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა
დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ადა მარშანია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის"
თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატები ეთერ ასტემიროვა, ზურაბ ჯგუბურია, თემურ მჟავია,
თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ოთარ გარმელია.
სხდომის
შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა
ვასილ გონაშვილს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ჩატარებული მუშაობა.