ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მთავრობაში შექმნილ დევნილთა სამინისტროს ცენტრალური მთავრობიდან ფუნქციები უნდა გადაეცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესს აფასებს.


როგორც ყოლბაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარია ადამიანები შემოსავლისა და სამსახურის გარეშე არ დარჩნენ.

 

„პროცესი, რომელსაც ჰქვია ოპტიმიზაცია, რეორგანიზაცია, სტრუქტურიზაცია, ბუნებრივი პროცესია და ამაში მე დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. როდესაც მე მოვედი სათავეში, მეც განვახორციელე ცვლილებები, გავაერთიანე რამდენიმე სამინისტრო, ზოგიერთი კი გავაუქმე - 10-დან 7-მდე დავიყვანე. თუმცა მე შევეცადე მაქსიმალურად დამესაქმებინა ეს ხალხი და შემექმნა ახალი სამუშაო ადგილები მათთვის. ეს მოვახერხე კიდეც, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საელჩოების დახმარებით. სამუშაო ადგილები შევქმენით როგორც რუხში, ისე აქ, თბილისში. პროცესი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იქ დასაქმებული ხალხი ყველა მაღალი კვალიფიკაციისა და ყველა პროფესიონალი კადრია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისინი დევნილები არიან და მათ უკან ოჯახები დგანან. ამიტომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა და საჭიროებს დაკვირვებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ეს სტრუქტურიზაცია ისე, რომ არ შევუშალოთ ხელი იმას, რასაც ჰქვია ხვალინდელი დღე . ეს კადრები მომზადებულები არიან აფხაზეთთან მიმართებაში და ამ კადრების დაკარგვა არ შეიძლება“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

აფხაზეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს დევნილთა დეპარტამენტის დევნილთა სამინისტროდ გადაკეთებაზე. ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ცენტრალური მთავრობისგან ახალ სამინისტროს ფუნქციები უნდა გადაეცეს.

 

„ბოლომდე მართებულ ნაბიჯად არ მიმაჩნია გადაწყვეტილება, რომ დევნილთა სამინისტრო ცენტრალურ დონეზე გაუქმდა. ჯანდაცვის სამინისტრო გახდა უზარმაზარი სტრუქტურა და პრაქტიკულად ჩაიკარგა დევნილთა თემა. ბევრი საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში საერთოდ ჩაიკარგა დევნილთა თემა. არაფერი თქმულა, რა გაკეთდა გასულ წელს დევნილებთან მიმართებაში. აფხაზეთის მთავრობაში არსებული დევნილთა დეპარტამენტის სამინისტროდ გადაკეთებას ექნება აზრი და გამართლებული იქნება თუ ცენტრალური სტრუქტრებიდან დამატებითი ფუნქციები წამოვა. მის არსებობას რომ აზრი ჰქონდეს, დამატებითი ფუინქციები უნდა შესძინონ, რომელიც სწორედ ცენტრალური სტრუქტურებიდან იქნება წამოსული. რაც შეეხება იუსტიციის დეპარტამენტის გაუქმებას და მისი ფუნქციების გადანაწილებას - ეს არ არის დიდი ტრაგედია. თუმცა ეს დეპარტამენტი საკმაოდ დატვირთული დეპარტამენტი იყო დევნილებთან მიმართებაში და იქ ძალიან კარგი სპეციალისტები მუშაობდნენ,“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მოქმედმა დეპუტატმა ისაუბრა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის, დავით გვაძაბიას დავით ფაცაციათი ჩანაცვლებას ეხებოდა. ყოლბაიამ გამორიცხა მოცემულობა, რომ ფაციაცია ნეპოტიზმით დაინიშნა.

 

„დავით ფაცაციაზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი. საქართველოში ყველა ვიღაცის ნათესავები და ახლობლები ვართ. პატარა ქვეყანაა საქართველო. იმიტომ რომ ირაკლი კობახიძის სიძეა, ამ ნიშნით არ მომხდარა მისი დანიშვნა. თავის დროზე სანამ სიძე გახდებოდა, დავით ფაცაციას კანდიდატურა ჩემს შემცვლელადაც განიხილებოდა და სხვა სამინისტროების ხელმძღვანელადაც. ის ძალიან მზარდი და პერსპექტიული კადრია. რაც შეეხება დავით გვაძაბიას, ის ძალიან კარგი მინისტრი იყო, კარგი ახალგაზრდა, დიდი გამოცდილებით და მისი რესურსის გამოყენება არა მხოლოდ აფხაზეთის მთავრობაში არამედ ცენტრალურ სტრუქტურებშიც წარმატებული იქნება“, - დასძინა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. რეორგანიზაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო, ხოლო მისი ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის მთავრობის აპარატს; აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის შესაბამის დაწესებულებებს; რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში. გარდა ამისა, დევნილთა დეპარტამენტი დევნილთა სამინისტროდ გარდაიქმნება.

https://www.interpressnews.ge/ka/article/560703-vaxtang-qolbaia-miichnevs-rom-apxazetis-mtavrobashi-shekmnil-devnilta-saministros-centraluri-mtavrobidan-punkciebi-unda-gadaeces


Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions