მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განცხადება გაკეთდა

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, მდინარე ენგურზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებით გახსნა.

 

ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოკუპაციის მძიმე პირობების შედეგად დაღუპული თანამოქალაქეების ელგუჯა გვალიას, მაყვალა გამისონიას, თამუნა ცატავას, თამაზ ბასლანძეს ხსოვნას.

 

ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა რა,  ჩვენი დროის საშინელი ტრაგედიის მასშტაბს, კოლეგების სახელით მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს. როგორც მან აღნიშნა, ეს არის სრულიად საქართველოს თავსდამტყდარი ტრაგედია, რომლის გამოც, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს გასაგონად, კიდევ ერთხელ და ძალიან მკაცრად უნდა დაიგმოს საუკუპაციო რეჟიმი,  რომელიც  ენგურის ხიდით გადმოსვლის ნებას მხოლოდ პენსიონერებს აძლევს. არასაპენსიო ასაკის ადამიანებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე  ლეგალურად გადმოსვლის ნება იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუკი მათ ხელთ ექნებათ იქაური ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა ავადმყოფობის შესახებ. გამახარიას განცხადებით, ოკუპანტმა, მთელი ამ წლების მანძილზე  იქ მცხოვრებ ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების უფლება წაართვა და შედეგად დაუსრულებლად ვხდებით მსგავსი ტრაგედიების მოწმენი.

 

ამასთანავე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გააჟღერა განცხადება იმის თაობაზე, რომ მათ ორი კვირის წინ ოფიციალურად მიმართეს საქართველოს ყველა შესაბამის სტრუქტურას, რომლებზეც არის დამოკიდებული კარანტინის  მოხსნა თუ გახანგრძლივება. მისივე განმარტებით, ყველა დონეზე შედგა კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და დარწმუნდნენ, რომ არსებობს მზაობა კარანტინის მოხსნის თაობაზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე დამაბრკოლებელი გახდა  სიფრთხილე - პანდემიის მოსალოდნელ  ახალ ტალღასთან დაკავშირებით.

 

როგორც ჯემალ გამახარიამ სესიაზე განაცხადა, იგი მაინც იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში შეიძლება ენგურის ხიდზე კარანტინი მოიხსნას. ამის თქმის საშუალებას მას აძლევს საქართველოს ყველა ოფიციალურ სტრუქტურასთან კომუნიკაცია და აზრთა თანხვედრა კარანტინის რეჟიმის გაუქმებაზე.  მისივე განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი, მართალია, მხოლოდ კარანტინისთვის თავის არიდების გამო არ სარგებლობენ შემოვლითი გზებით, მაგრამ ქართული მხარის გადაწყვეტილება კარანტინის რეჟიმის გაუქმების შესახებ, მცირედით მაინც შეამცირებს მათ რიცხვს.

 

მდინარე ენგურზე დატრიალებულ ტრაგედიაზე მსჯელობის შემდეგ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულმა სხდომამ მუშაობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გააგრძელა. ხანგრძლივი მსჯელობისა და დისკუსიის ბოლოს, დეპუტატებმა კენჭი უყარეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ „ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ამირან დოლიძე, მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.

 

ხმათა უმრავლესობით,  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ „ავტონომიური რესპუბლიკის კანონში“  ცვლილება დაამტკიცეს. წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი  დაუჭირა 13 დეპუტატმა, წინააღმდეგ მისცა ხმა 4 დეპუტატმა.

მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, საბჭოს სახელით, ჯემალ გამახარიამ განცხადება გააკეთა

https://youtu.be/Ue3bWvqXe2Y










Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions