აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო გამოხატავს მადლიერებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელისადმი
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტს მეუფე დანიელს (დათუაშვილს)
მეუფეო,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ცხუმ-აფხაზეთის საზოგადოებრიობის მხარდაჭერით გამოხატავს მადლიერებას ჩვენი მოსახლეობის სულიერი მესვეურის ღვთივსათნო მოვალეობის აღსრულებისას, განსაკუთრებით დევნილობაში, თქვენს მიერ გაწეული საგანგებო და წამგაუცდენელ ძალისხმევათა გამო.
მძიმე და დაუნდობელ წლებში გერგოთ ეს მოვალეობა - 1992 წლის მიწურულიდან 2010 წლის მიწურულამდე, ზუსტად 18 წელი თქვენ იღვაწეთ როგორც საველე-სასანგრო, ასევე დუხჭირი დევნილობის პირობებში, იცხოვრეთ თქვენი სამწყსოსა და მრევლის უმკაცრესი ყოველდღიურობით.
დღეს, როდესაც ავბედითი ქარტეხილების შედეგად ცხუმ-აფხაზეთი ცხინვალის მხარესთან ერთად დროებით ოკუპირებული გახლავთ, სახარებისეული სწავლება და ეროვნული სილისკვეთება ჩვენგან მიზანმიმართულად მოითხოვს ქრისტეს ჯვრის ერთგულებასა და ქრისტემხედრულ მოვალეობას, რათა ცხუმ-აფხაზეთში მკვიდრი მოსახლეობის აღორძინება ყოველ მიზეზგარეშე აღსდგეს სახლიკაცობისა და ძუძუმტეობის წესრიგში.
ღმერთი შეგეწიოთ საქართველოს ერთიანობისთვის ლოცვასა და ძალისხმევაში.
დიდება უფალს!
უფლისმიერი სიყვარულით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო