მართვადი „პოლიტიკური კრიზისების“ პროვოცირების შედეგად საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელების გახშირებული ცვლა სოხუმში წარმოადგენს მცოცავი ანექსიის კრემლისეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. „წინასაარჩევნო“ კამპანიის წარმოებისას „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს ოკუპანტის მხრიდან ჰქონდათ სრული „თავისუფლება“ ერთმანეთს კრემლის ერთგულებაში შეჯიბრებოდნენ, უხვად გაეცათ დაპირებები „სტრატეგიული პარტნიორის“ გულის მოგების მიზნით. სწორედ ამიტომ ყოველი ასეთი „არჩევნები“ იყო და არის ფარსი, ტრაგიკომედია, რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის იძულებითი ინკორპორაციისკენ, არსებითად, აფხაზი ხალხის თვითგანადგურებისკენ გადადგმული საბედისწერო ნაბიჯი. დარწმუნებული ვართ, ქართული სახელმწიფოს მეცადინეობითა და მისი მოკავშირეების თანადგომით ოკუპანტის ეს დანაშაულებრივი გეგმა ვერ განხორციელდება.
ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, რეგიონის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნების გამომხატველად კვლავაც რჩება დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა. საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცივილიზებულ სამყაროს მოვუწოდებთ მკაცრად დაგმონ ოკუპანტის პოლიტიკა, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ დაუშვან ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონება აფხაზეთში.