აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ეხმაურება აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესებს


სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს ოკუპირებულ აფხაზეთზე ზეწოლისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ბოლო დღეების განმავლობაში აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, დე-ფაქტო მმართველების მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს აფხაზური საზოგადოების ფართო ფენების მწვავე განხილვებისა და პროტესტების საგნად ქცეული საკითხი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის (186 ჰა ფართობი) თავისი ნაკრძალით - სახელგანთქმული რელიკტური პარკით, ასევე მიმდებარე ზღვის აკვატორიის ორკილომეტრიანი მონაკვეთის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. შესაბამისი ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის საზოგადოების ზურგსუკან ამა წლის 19 იანვარს გაუფორმებიათ, რის თაობაზეც ცნობილი გახდა მხოლოდ ახლა, როდესაც დღის წესრიგში დადგა იმ ე. წ. ხელშეკრულების დე-ფაქტო პარლამენტში „რატიფიკაციის“  საკითხი. მთელი აფხაზეთი ამ „ხელშეკრულების“ წინააღმდეგია, გარდა დე-ფაქტო ხელისუფლებისა. ადამიანებისთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ასეთი, თვით დე-ფაქტო კანონმდებლობასთანაც კი შეუსაბამო „ხელშეკრულების“ გაფორმება მაშინ, როდესაც აღნიშნული ტერიტორია ჯერ კიდევ 1995 წლიდან რუსეთისთვის ისედაც იყო გადაცემული სარგებლობის უფლებით. ჩვენზე უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა „ხელშეკრულების“, ასე ვთქვათ,  „გასაპრავებლად“ ბიჭვინთაში 9 ივლისს ჩასული ა. ბჟანიას ახსნა-განმარტებებმა. ადგილობრივი საზოგადოების წინაშე წარსდგა კუთხეში მიმწყვდეული „პრეზიდენტი“, გასაცოდავებული ადამიანი რომელიც მოსკოვის მიერ ულტიმატუმის წესით წამოყენებულ მოთხოვნას ასრულებდა. მან ახსენა „დამოუკიდებლობის“ პერიოდში აფხაზეთისთვის გამოყოფილი 105 მილიარდი რუბლი და ამით გასაგებად მიანიშნა, რომ უკვე გაღებული და მომავალი ხარჯების სანაცვლოდ რუსეთი აფხაზებისაგან საუკეთესო ტერიტორიების დათმობას მოითხოვდა.

 

ჩვენი ღრმა რწმენით, სულაც არ იყო შემთხვევითი ამ რამდენიმე დღის წინ ინფორმაციის შემოგდება ერთ-ერთი ვითომ გერმანული კომპანიის წერილობითი წინადადების შესახებ აფხაზეთში ახალი ზღვისპირა ქალაქის აშენების თაობაზე 30 ათასიანი მოსახლეობით (სხვათა შორის, მსგავსი ხმები 4-5 წლის წინაც გავრცელდა), რისთვისაც 6 მილიარდი ევრო დაიხარჯებოდა. აღნიშნულ წინადადებას ა. ბჟანიას წერილობითი თანხმობა და, როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. არავის ეჭვიც არ ეპარება, რომ ყოველივე ამის უკან რუსეთი დგას. ეს თემა მალევე მიწყნარდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი ზღვისპირა ქალაქის აშენების გეგმა აუცილებლად ამოტივტივდება.

 

ჯერ ყაზანში, შემდეგ კი უფაში ვიზიტით მყოფ ა. ბჟანიასაგან 13 ივლისს კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ მოვისმინეთ განცხადება 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტის ამოქმედების შესახებ. იმავე დღეს დე-ფაქტო ვიცე-პრემიერი ქრისტინე ოზგანი ამ საკითხს მოსკოვში რუსეთის ეკონომიკის მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვთან იხილავდა. სამი წლის წინ. 2019 წლის 26 ივლისს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ სოხუმის აეროპორტს ერთობლივი ბაზირების ანუ სამოქალაქო, სამხედრო, სასაზღვრო და ა. შ. აეროპორტის სტატუსი მიანიჭა. იგი როსტოვს დაექვემდებარება და რუსეთის შიდაფრენებს განახორციელებს ახალი კოდით URAS. ფიქრობენ, რომ ამით თავიდან აიცილებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სანქციებს, რომელმაც სოხუმის აეროპორტის ნამდვილი კოდის ანულირება 2006 წელს მოახდინა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აფხაზებზე მეტად სოხუმის აეროპორტის აღდგენით დაინტერესებულია რუსული მხარე, რომლის ფულითაც იგი აშენდება და რომლის საკუთრებაშიც სულ მალე გადავა.

 

უფაში ა. ბჟანიამ კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მზად არის აფხაზეთი აქციოს რუსეთში დასავლური სანქცირებული პროდუქციის პარალელური იმპორტის პლატფორმად და ამ მიზნით სოხუმისა და ოჩამჩირი პორტები გამოიყენოს. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს არა მხოლოდ და არა იმდენად სანქციების გვერდის ავლის, არამედ რუსეთის მიერ აღნიშნული პორტების დასაკუთრების მცდელობასთან.

 

აქვე უნდა გავიხსენოთ მსხვილი რუსული ტურისტული კომპანია „ბიბლიო-გლობუსის“ მიერ ტამიშში სასტუმრო კომპლექსის აშენების, იგივე მიზნებისთვის ბიზნესმენ ალ. ტკაჩოვისთვის ბიჭვინთაში 45 ჰა მიწის გამოყოფის ფაქტები.

 

რასთან გვაქვს საქმე? ყველა მოტანილი ფაქტი და რასაც მომავალში ვიხილავთ - ბიჭვინთის საუკეთესო ნაწილის რუსეთისთვის გადაცემა, ახალი ზღვისპირა ქალაქის აშენების იდეა, სოხუმის აეროპორტის აღდგენის მცდელობა, საზღვაო პორტების თემა, ტამიშის ტურისტული კომპლექსის აშენება და ა. შ. უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დიდი პრობლემის, ერთი დიდი საფრთხის ნაწილი. ეს პრობლემა, ეს საფრთხე  გახლავთ აფხაზეთის მცოცავი ანექსიის პოლიტიკა, ამ მიმართულებით  გადადგმული თუ გადასადგმელი ნაბიჯები. აი, რასთან გვაქვს საქმე!

 

როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე კრემლი ცდილობს აფხაზეთის ზღვისპირა ნაწილის ხელში ჩაგდებას და იქ რუსეთის მოქალაქეების დასახლებას. ამიტომაც პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ორმაგი მოქალაქეობის შემოღებაზე. რუსეთის ფედერაცია ერთ კაპიკს არ ხარჯავს აფხაზეთის, აფხაზების საკეთილდღეოდ; უკვე დახარჯული ფულის ანაზრაურებას ახდენს და მომავალშიც მოახდენს ზღვისპირეთის თანდათანობითი მისაკუთრებით (არც მთიან აიბგას ივიწყებს), დემოგრაფიული ექსპანსიით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების - აეროპორტის, საზღვაო პორტების ხელში ჩაგდებით. ერთი სიტყვით, რუსეთი დღეს ახორციელებს იმ გეგმას, რომელიც  ქართველთა წინააღმდეგობის გამო ჩაუვარდა XIX-XX საუკუნეეების მიჯნაზე, როდესაც აფხაზები დამნაშავე ერად იყო გამოცხადებული ზღვისპირეთში დასახლების უფლების აკრძალვით.

 

ფრიად სამწუხაროა, რომ დღეს აფხაზები, მასობრივი უკმაყოფილების ღიად გამოხატვის მიუხედავად, სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ „სტრატეგიული მოკავშირის“ მანტიაში გახვეულ ოკუპანტებს. შექმნილ საკმაოდ კრიტიკულ ვითარებაში ქართული მხარე, მათ შორის აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას, რათა წინ აღუდგეთ კარსმომდგარ საფრთხეს. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის მთლიანობის, მოტყუებული აფხაზი ხალხის კანონიერი ინტერესების დაცვა იგივე საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions