სამოქალაქო განათლების „ცოცხალი გაკვეთილი“

 

ასე შეაფასეს მოსწავლე ახალგზრდებმა და პედაგოგებმა შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობასთან, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია „პროექტი ჰარმონიისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომით.

 

საგულისხმოა, რომ ეს შეხვედრა იყო  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილი, რომელიც ხორციელდება საქართველოს 570 სკოლაში, მათ შორის აფხაზეთის სკოლებშიც. პროგრამის მიხედვით, შერჩეულ სკოლებში ჩამოყალიბებული სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები სტუმრობენ სხვადასხვა სახელისუფლებო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა გაეცნონ მათ მუშაობას.

 

შეხვედრაზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ მოზარდებს გააცნო აფხაზეთის ხელისუფლების სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კონფლიქტის დარეგულირების სახელმწიფო სტრატეგიაში. ითქვა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 50–ზე მეტი კანონ–პროექტი და ნორმატიული აქტი შეიტანეს საქართველოს პარლამენტში დევნილთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და დღემდე აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესებში. გ.გვაზავა ახლალგაზრდებს ესაუბრა ომამდელ აფხაზეთზე, პოლიტიკურ გარემოებაზე და გარედან თავსმოხვეული კონფლიქტის წარმომშობ მიზეზებზე. შეკითხვაზე - თუ რამდენად შესაძლებელია აფხაზ ბავშვებთან კონტაქტის დამყარება, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ასეთი შეხვედრები ადრე უფრო ადვილად ხორცილედებოდა და ურჩია ინტერნეტ–სივრცის გამოყენება, რაც დღეს მეტად აქტიურია, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა აუცილებლად ექნებათ. გარდა ამისა, მან ასეთი პროექტისთვის საინტერესო იდეა მიაწოდა მათ: „შეგიძლიათ სურამში მოიწვიოთ მოზარდები სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონებიდან, მათ შორის საზღვარგარეთიდანაც. მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი უნიკალური  კურორტია, მის ჰავას და კლიმატს  სუნთქვის ორგანოთა დაავადებების სამკურნალოდ ბადალი არა ყავს. ამას ექნება მრავალმხრივი დატვირთვა: მკურნალობა, ინტეგრაცია, შემეცნება, დასვენება და ა.შ., და ამ საქმეში ჩვენი თანადგომის იმედიც გქონდეთ“.

 

ამის შემდეგ შეხვედრა გადავიდა კითხვა–პასუხის რეჟიმში. ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე   განმარტებებს იძლეოდნენ აგრეთვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მებონია, ანალიტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დალი ჯონჯუა.

 

მოზარდების კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია აფხაზეთში არსებული უძველესი ქართული კულტურის ძეგლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ განმარტა: „აფხაზეთი განსაკუთრებულად არის მოფენილი ქართული ქრისტიანული ძეგლებით. რუსებიც გაკვირვებული იყვნენ, როცა უამრავ ნანგრევს გადააწყდნენ ისეთ ადგილებშიც კი, რომელიც უფრო ”აფხაზურად” ითვლებოდა, მაგალითად, გუდაუთის რაიონში. ისმის კითხვა: რამ დაანგრია ისინი იმ ტერიტორიაზე, სადაც ნაკლებად იყო ომები და ბუნებრივი კატაკლიზმები? დაანგრია იმ მოსახლეობამ, რომელიც იქ მოვიდა XVI-XVII საუკუნეებში. დღეისათვის აფხაზები ცდილობენ მსოფლიოს წარმოუდგინონ თავიანთი თავი, როგორც უძველესი ქრისტიანული ერი (რაც მათ „დამოუკიდებლეობისთვის“ სჭირდებათ) და ამის დასტურია ის ქართული ძეგლები, რომლებიც თავის დროზე გადაურჩა დანგრევას. XVI-XVII საუკუნეებიდან განსხვავებით, დღეს მათ არ ანგრევენ, მაგრამ ცდილობენ ამ ძეგლების იერ–სახის შეცვლას, ქართული ”კვალის” წაშლას. ამ თვალსაზრისით, მეტად საგანგაშო მდგომარეობაა იქ“.

 

ჯემალ გამახარიას თქმით, რუსეთი ნებით არასდროს დააბრუნებს აფხაზეთს, მან ეს არ გააკეთა საკმაოდ ლოიალური და ზედმეტად დამთმობი ე.შევადნაძის დროსაც. აფხაზეთის დასაბრუნებლად ერთდაერთი და სწორი გზა არის საქართველოს დღევანდელი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია, ევრო-ანტლანტიკურ სივრცეში გაერთიანება. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით არის შესაძლებელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა.

 

შეხვედრის ბოლოს ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს ასეთი თბილი და შედეგიანი შეხვედრისთვის.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions