„აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით და დიდი სიხარულით, გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ ჩვენს ერს ბედნიერებასა და კეთილდღეობას, ყველას ერთად გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში!“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ - დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი!