სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში, მიროსლავ იენჩა, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტას წარმომადგენლები. ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი; გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.