სხდომაზე მოხსენებით წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე. მოხსენების თემა გახლდათ „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. ბატონმა ზურაბმა ყურადღება გაამახვილა საუნივერსიტეტო დიპლომატიის როლზე კონფლიქტების მოგვარებაში და არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაზე; მან ისაუბრა სამხრეთ კავკასიის ერთიანობის აუცილებლობაზე, ამ ერთიან სივრცეში საქართველოს როლზე, შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე, რომლებსაც ჩვენს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს და რომელთა გამოყენებითაც ქვეყანას შეუძლია დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში და შექმნას უკეთესი მომავალი. ბატონმა ზურაბმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტისა და დიპლომატიის კავშირზე, საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციაზე და მის როლზე კონკრეტულად აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში.
მოხსენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება დაესვა ბატონი ზურაბისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური შეკითხვები გლობალური თუ ლოკალური პოლიტიკის შესახებ, რაც საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა.
მოხსენების განხილვაში და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილიმა, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ, თეიმურაზ მჟავიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა. დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობისა და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ერთობლივი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.
სამეცნიერო სხდომის მუშაობა შეაჯამა ჯემალ გამახარიამ.