კინემატოგრაფისტთა სახლში ფილმის - ”მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი” ჩვენება შედგა

 

28 მაისს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის დარბაზში ჩატარდა ფილმ ”მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელის” ჩვენება. ფილმის პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია.

 

ღონისძიება სულიერების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის დეკანოზ ბიძინა გუნიას ლოცვა-კურთხევით დაიწყო, ქართული ”მრავალჟამიერისა” და აფხაზური ”კლდის სიმღერის” შესრულების შემდეგ მოხდა ფილმის ჩვენება.

 

ფილმის დასრულების შემდეგ რეზო ჩხეიძემ საზოგადოებას უამბო ფილმის შექმნის იდეის შესახებ: ”სრულმეტრაჟიანი ფილმი შვედი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის სელმა ლაგერლოფის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული, ოღონდაც ორიგინალში მითითებული ფლორენციის ნაცვლად მოქმედება საქართველოშია გადმოტანილი. ფილმის მთავარმა გმირმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს ჩამოუტანოს მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი, რომელიც მის ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს”.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას განცხადებით: ”ფილმში ძალიან ოსტატურად არის ნაჩვენები ადამიანისა და ღმერთის ფაქიზი ურთიერთობა, სამშობლოსადმი ზრუნვა, თავგანწირული სიყვარული. მთავარი პერსონაჟი მრავალ დაბრკოლებას აწყდება გზაზე, მაგრამ მათი გადალახვისას ის ყველაზე მთავარს - კაცობას და პატიოსნებას ინარჩუნებს”.

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions