ამასწინათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში ყოფნის დროს, საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ივან ესტრაბმა ერთობ უცნაური განცხადება გააკეთა კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
”ჩეხეთმა გაიარა სხვადასხვა ხალხებთან დაპირისპირების მძიმე პერიოდი. ჩეხოსლოვაკია ამჟამად არ არსებობს, არის ორი დამოუკიდებებლი სახელმწიფო, რომლებმაც ისწავლეს ურთიერთ ჰარმონიაში ცხოვრება. იმედი მაქვს საქართველო და აფხაზეთი ასევე გამონახავენ საერთო ენას ისტორიული უთანხმოებების დასაძლევად და მოიგონებენ ახლანდელ დაპირისპირებას, როგორც შორეულ უსიამოვნო წარსულს” - აღნიშნა ბატონმა ელჩმა.
მინდა ვივარაუდო, რომ სეპარატისტული აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტომ ”აფსნიპრესმა”, რომელმაც გაავრცელა ეს ინფორმაცია, თავისთვის სასურველ კონტექსტში გაუკეთა ინტერპრეტაცია ჩეხი დიპლომატის სიტყვებს და ე.წ. ”დამოუკიდებელი აფხაზეთის” აპოლოგეტად წარმოაჩინა იგი. ამიტომაც მეეჭვება, რომ ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა ლეგენდარული დამცველის ვაცლავ ჰაველის თანამემამულე პოლიტიკოსი და დიპლომატი მსგავს უპატივცემულობას გამოხატავდეს საქართველოს ძველი და უახლესი ისტორიული ჭეშმარიტებებისადმი და აკეთებდეს ასეთ უსუსურ, პოლიტიკური ბანალურობითა და აღმაშფოთებელი არაობიექტურობით გაჯერებულ განცხადებას ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
მაგრამ თუ ბატონ ი.ესტრაბს მართლაც იმგვარად წარმოუდგენია აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური სტატუსი, როგორც ეს ”აფსნიპრესის” მიერ იქნა საზოგადოებისათვის მიწოდებული, და, რაც მთავარია, თუ იგი უახლოეს დღეებში არ დაადასტურებს გავრცელებული ინფორმაციის არაადექვატურობას მის პირად მოსაზრებასთან აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან მიმართებაში, იგი ავტომატურად უნდა გახდეს მიუღებელი როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ხოლო ოფიციალური უწყებების მხრიდან გამოცხადდეს ”პერსონა ნონ გრატად”.
თამაზ ხუბუა,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე