ჯემალ გამახარია: “დაბრუნებისკენ მიმართული ყველაზე მოკლე და საიმედო გზა“

 

მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში მნიშვნელოვანი გადახალისება მოხდა. იმავდროულად წარმოდგენილ იქნა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამა, რომელიც პირდაპირ კავშირშია დევნილთა ყოფითი პრობლემის მოგვარებასთან. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, პროფესორ ჯემალ გამახარიას გავესაუბრეთ.


საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. რა იმედებს ამყარებთ მასზე?


- ძალიან დიდს! როდესაც ჩვენი მოსახლეობა დეტალურად გაეცნობა ბ-ნ ვანო მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილ ოთხწლიან პროგრამას და ცივი გონებით გაანალიზებს მას, მერწმუნეთ, პროგრამა მოიპოვებს საყოველთაო მხარდაჭერას. შესაბამისად, ამა წლის ოქტომბერში თავიდან ავიცილებთ კრემლის მიერ დაგეგმილ მორიგ დიდ პროვოკაციას.

 

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებს გულისხმობთ?


- დიახ! მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის გამოცდა და შესაბამისად ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობა იქნება. ეს კარგად იცის რუსეთმა, ამიტომ ცდილობს ამომრჩეველთა ერთი ნაწილის მოსყიდვითა და მეორე ნაწილის დაშინებით - ჩვენთან არჩევნების პარალელურად ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილი სამხედრო წვრთნებით - მიაღწიოს ქვეყნის სათავეში მისთვის სასურველი ძალების მოყვანას. ჩათვალეთ, რომ ეს ისედაც უპერსპექტივო გეგმა გუშინ საბოლოოდ ჩაფლავდა.

 

რამდენად რეალურია წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა, რატომ გაჟღერდა იგი ახლა, არჩევნების წინ და არა შარშან ან შარშარწინ?


- შარშან და შარშანწინ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე ჯერ კიდევ არ იძლეოდა მსგავსი გრანდიოზული პროგრამის წარმოდგენის საშუალებას. ამაჟამად კი განსხვავებული მდგომარეობაა. მიუხედავად პრობლემებისა, ეკონომიკა დინამიურად ვითარდება და სწორედ ეს გახლავთ ის მყარი საძირკველი, რომელზეც არის დაფუძნებული ახალი სამთავრობო პროგრამა. ამდენად, იგი რეალურიც არის და დროულიც.

 

გარკვეული პიროვნებები აცხადებენ, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის წარმოდგენა ნიშნავს ბოლო წლების ეკონომიკური პოლიტიკის კრახის აღიარებას. ეთანხმებით?


- არავითარ შემთხვევაში. პირიქით, ეკონომიკური პოლიტიკის სერიოზულმა წარმატებამ გახადა შესაძლებელი ასეთი შთამბეჭდავი პროგრამის წამოყენება, რამაც გარკვეული ძალები გამოუვალ ჩიხში მოამწყვდია და ახლა არ იციან რა ილაპარაკონ.

 

რა სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი ჩვენთვის - დევნილებისთვის?

 

- დევნილები ვისარგებლებთ ყველა იმ სიკეთით, რაც სამთავრობო პროგრამით არის გათვალისწინებული საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. რაც შეეხება ჩვენს სპეციფიკურ სოციალურ პროგრამებს - ბინებით დაწყებული და დასაქმებით დამთავრებული, როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გამოსწორდება ადრე დაშვებული უსამართლობები. ამის კიდევ ერთი გარანტი იქნება ახალი მინისტრი ქ-ნი დალი ხომერიკი, რომელსაც მინდა ვუსურვო უფრო მეტი ან მინიმუმ ისეთივე წარმატებები, როგორიც მას ჰქონდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას.

 

დევნილებისთვის სოციალური საკითხების მოგვარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარ სახლებში დაბრუნება.

 

- რა თქმა უნდა, საკუთარ სახლებში დაბრუნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მოკლედ გიპასუხებთ, რომ სწორედ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მართლაც გრანდიოზული ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამის განხორციელება და ამჟამინდელი საგარეო-პოლიტიკური კურსის გაგრძელება იქნება საკუთარ სახლებში ჩვენი დაბრუნებისკენ მიმართული ყველაზე მოკლე და საიმედო გზა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions