ამ სიტყვების ავტორს ბატონ ლორიკ მარშანიას ამ დღეებში 80 წელი შეუსრულდებოდა, 2 წლის წინ იგი ტრაგიკულ შემთხვევას რომ არ ემსხვერპლა. 24 ნოემბერს ბატონი ლორიკის საფლავზე აფხაზეთის და თბილისის საზოგადოებრიობამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი მის ხსოვნას და სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაუხადა, ხოლო მის საცხოვრებელ სახლთან, ჭავჭავაძის გამზირის #75–ში, მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
შემდეგ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზაში" ბატონი ლორიკისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა, სადაც ხელოვნების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა და რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა.
ლორიკ ბესარიონის ძე მარშანია იყო მარშანიების თავადური საგვარეულოს შთამომავალი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი; მოძრაობა „მშვიდობიანი აფხაზეთის“ კოორდინატორი, საქართველოს აგრარულ და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორი.
წლების მნძილზე ბატონი ლორიკი მოღვაწეობდა სხვადასხვა მარალ თანამდებობებზე სოხუმსა და თბილისში - იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის პარტიის საოლქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილე, საქართველოსმინისტრთა საბჭოსთან არსებული ეკონომიკის მართვის ინსტიტუტის დირექტორი. აფხაზეთში ომის პერიოდში და შემდგომ, დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. ლორიკ მარშანია საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს იცავდა. მას საზოგადოებაში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენის გულმხურვალე ქომაგად მოიხსენიებენ.
„ჩვენ ღმერთმა და ბედმა გვარგუნა ერთად ცხოვრება, ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრულად და ნათესაური სიყვარულით, ამიტომ მე ვიქნები იქ, სადაც ჩემი შრომა, ძალა და ენერგია გამოადგება ჩემს სამშობლოს: მე ჩემი ერის და საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ“ – ასეთი იყო მისი მრწამსი და ასე ემსახურებოდა თავის სამშობლოს.