თამაზ ხუბუა: ”აფხაზეთის საკითხის დარეგულირებისას თავს არ უნდა მივცეთ უფლება შეცდომები დავუშვათ”

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროკავშირი – ქართულ – აფხაზურ – ოსური საერთაშორისო მოძრაობა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისათვის“ პრეზიდენტმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ პროფესიონალი ექსპერტების მიერ უნდა გადაიხედოს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა კომენტარს უკეთებს აღნიშნულ მოსაზრებას. „ვერაფერს საგანგაშოს იმაში, რომ შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ცალკეულმა მუხლმა ან ქვეპუნქტმა გარკვეული სახეცვლილება განიცადოს. მაგრამ ამასათანავე, მტკიცედ უნდა იყოს დაცული ამ კანონის უმნიშვნელოვანესი თეზა – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) ჩასვლა ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. აფხაზეთის დევნილი საზოგადოებრიობა და ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანოები ყოველთვის მხარს უჭერდნენ და დაუჭერენ  მომავალშიც იმ პოლიტიკურ და სამართლებრივ ინიციატივებს, რომლებიც ურთიერთშემხვედრი შემწყნარებლობის, ტოლერანტობისა და გახლეჩილი საზოგადოებებისათვის აუცილებლად აღსაქმელ უპირობო სიმართლეზე და არა ყოვლადგაუგებარ თვითგვემასა და მობოდიშების გაუნელებელ სურვილზე იქნება დაფუძნებული. ზოგადად კი, ქართული საზოგადოება აფხაზეთის სახით ისეთი მრავალმხრივი ფასეულობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას, რომ თავს არ უნდა მივცეთ უფლება ერთპიროვნულად ვიმოქმედოთ და შეცდომები დავუშვათ აფხაზეთის საკითხის დარეგულირების ეფექტური მახასიათებლების განსაზღვრისას“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions