ბატონო პრეზიდენტო,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უკიდურესად გაკვირვებულია თქვენს მიერ მიმდინარე წლის 23 მარტს ტელესტუდია ”იმედის” ღია ეთერში გაკეთებული განცხადებით - თითქოსდა, რიყეზე განლაგებულ რესტორნებს შორის ერთ-ერთი ეკუთვნოდა მაშინდელი აფხაზეთის ”ეგრეთ წოდებულ” ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც მაშინდელ და არც ახლანდელ აფხაზეთის ა\რ ლეგიტიმურ სტრუქტურებს არასოდეს ჰქონიათ რიყეზე არავითარი რესტორანი. ერთადერთი, რაც ჩვენ რიყესთან გვაკავშირებდა, თბილისის მერიის მიერ მონიშნული ტერიტორია იყო, სადაც ”თბილისობის” დღეებში ჩვენ წარმოვადგენდით აფხაზეთის კუთხეს. ამ ტერიტორიაზე მუშაობდა აფხაზური ფაცხა, სადაც დევნილები იყვნენ დასაქმებული. ვის და რას დავაბრალოთ თქვენს მიერ აფხაზეთის მთავრობის ”ეგრეთ წოდებულად” მოხსენიება?
სამწუხაროა, მაგრამ ამ გამონათქვამს, ნებსით თუ უნებლიედ, აფხაზეთის საზოგადოება უკავშირებს თქვენს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმტკივნეულესი აფხაზეთის პრობლემისადმი, ამ ცხრა წლის მანძილზე აფხაზეთის დევნილ დეპუტაციასთან მხოლოდ ერთხელ შეხვედრის (ისიც ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით) და საქართველოს პარლამენტიდან აფხაზეთში არჩეული დეპუტატების გამოყვანის პოლიტიკურ ქვედინებებს.
და მაინც გვინდა ვირწმუნოთ, რომ ეს იყო ტექსტობრივი შეცდომა, რასთანაც დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის განმარტებებს გააკეთებთ არა მარტო აფხაზეთის საზოგადოების, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობის წინაშე.
ხოლო იმას თუ რამდენად იმსახურებს თქვენს ეპითეტს ”ეგრეთ წოდებულს” აფხაზეთის დევნილი საზოგადოება და მისი დევნილი ხელისუფლება, დრო და ისტორია მიუჩენს თავის ადგილს სამართლიან საქართველოში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
თბილისი, 26 მარტი 2013 წელი