აფხაზეთის ანექსიის რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ამა წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ,,კანონი“ ,,რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის შესახებ“. იმავე პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონებას, იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის ყოველმხრივ დისკრიმინაციას და კანონგარეშე მდგომარეობაში მისი ყოფნის შენარჩუნებას. ანექსიის პროცესის პირველი და მთავარი ეტაპის დასრულებას მოსკოვი გეგმავს ახლო მომავალში აფხაზეთის „მოქალაქეობის“ შასახებ ახალი „კანონის“ მიღებითა და რუსეთის მკვიდრთათვის აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭების პროცედურის გამარტივებით.
სრულიად ცალსახაა, რომ ზემოხსენებული და მთელი რიგი სხვა უკანონო აქტების მეშვეობით რუსეთმა უკვე ჩამოაყალიბა და მუდმივად სრულყოფს აფხაზეთის ანექსიისთვის აუცილებელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, სამხედრო და ამჯერად უკვე პოლიციურ ბერკეტებს.
შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდია აფხაზური ეთნოსის თვითმყოფადობის წაშლის, აფხაზეთისთვის ბოძებული ფსევდოსახელმწიფოებრიობის დაკარგვისა და მისი სრული ანექსიის საფრთხე. მისასალმებელია, რომ აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კარგად აცნობიერებს ამ სავსებით რეალურ საფრთხეს და ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას კრემლის მიერ სოხუმისთვის თავსმოხვეულ ,,შეთანხმებებთან“ და ,,კანონებთან“ დაკავშირებით.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გმობს რუსეთის ანექსიონისტურ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში. აღნიშნული პოლიტიკის შეკავების მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია გადაუდებელი ზომების მიღება, მათ შორის:
- აფხაზეთის ტერიტორიაზე ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის უშუალო გამტარებელი უკანონო სტრუტურების (რუსეთის ,,საელჩო“, სამხედრო ბაზები, გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის ე. წ. სასაზღვრო სამმართველო, შინაგან საქმეთა ორგანოების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი და ა.შ.) ხელმძღვანელი პირების ინტერპოლის მეშვეობით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება;
- საქართველოს პარლამენტის მიერ აღიარებული აფხაზეთის ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის თემის კვლავ გააქტიურება, რათა მოხდეს მისი აღიარება მეგობარი ქვეყნების პარლამენტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;
- აფხაზეთში ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება.