დიდგორობა - სიამაყისა და პასუხისმგებლობის შთამაგონებელი თარიღი

900 წლის წინ - 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან)  ქართველებმა, დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს საქართველოში შემოჭრილ სელჩუკთა ურიცხვ ლაშქარზე.

 

დიდგორის გამარჯვება იყო „ძლევაი საკვირველი,“ რომელმაც დასაბამი დაუდო ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში. უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის გარდა, ეს  ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს იდეის გამარჯვების სიმბოლოა საქართველოსთვის.

 

დიდგორობის დღესასწაული წელს განსხვავებულად აღინიშნა. გარდა იმისა, რომ ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა 900 წლის იუბილის გამო, ამასთან გათალისწინებულიქნა ეპიდემიოლოგიური ვითარებაც და დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო; ცალკეული ტელევიზიებით ტრანსლირების პარალელურად, დაინტერესებულთ საიუბილეო ღონისძიება შეეძლოთ სოციალური ქსელებითაც ეხილათ.

 

საინტერესოდ მოფიქრებული საიუბილეო საღამოს მთავარი კონცეფცია და მხატვრული სცენარი მიზნად ერთიანობის იდეისა და საქართველოს ერთიანობის მნიშვნელობის წარმოჩენას ისახავდა.

 

დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს და საქართველოს მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

დიდგორის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროები პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა.

 

დიდგორობის დღესასწაულზე მიწვეული იყო და ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელ სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს ის, იქნება ეს ინტელექტუალური თუ ფიზიკური საქმიანობა, დიდგორის „ძლევაი საკვირველმა“  ქვეყნის გაერთიანების, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების, ნდობის აღდგენის რწმენა, პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად მიზანმიმართული მებრძოლი სული უნდა განუმტკიცოს!

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions