უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლევან ჩაკვეტაძის ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ჯანდაცვის სფეროს გამოწვევებზე, დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ და ტერიტორიულ ხელმისაწვდომობაზე, არსებულ პრობლემებზე.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ. დეპუტატები შეეხნენ გალის რაიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის, და ასევე კერძო პოლიკლინიკების ფუნქციონირების საკითხებს. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ თავის გამოსვლაში ისაუბრა სირთულეებზე, რაც ენგურს იქით მაცხოვრებელმა ქართულმა მოსახლეობამ განიცადა კოვიდპანდემიის დროს. მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები და წინადადებები ასევე გამოთქვეს ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებაში.
სხდომის შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან დადებითა შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. ამასთან, აღნიშნა, რომ აუცილებელია ჯანდაცვის კუთხით დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული ძალისხმევის გაზრდა და ინიციატივების შესრულება. თავმჯდომარემ გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული ცალკეული შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც საჭიროებენ გათვალისწინებას. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წამოაყენა წინადადება ჯანდაცვის სფეროში არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსიის გამართვისა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის ბაზაზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის ა.ლუკაშენკოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტთან დაკავშირებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და მკაცრად დაგმო მომხდარი ფაქტი.
სხდომის დასასრულს, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ასევე გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
სიგელი იუბილარს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ზურაბ ჯგუბურიას მაღალ სიგელს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში.