გია გვაზავა: “სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლი არ შეიძლება უაზრო იყოს”

 

 

იყო თუ არა აფხაზეთში მიმდინარე ომი უაზრო, რატომ მოხდა ქართველების და აფხაზების გაუცხოება, რას ნიშნავს ქართველებისთვის 27 სექტემბერი, ამის შესახებ გაზეთ ”ახალ თაობას” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესაუბრა:

 

- გია გვაზავა: 27 სექტემბერი არის ტრაგიკული დღე, რომელსაც ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით. საოცარი რელიგიური დამთხვევაა, რადგანაც 27 სექტემბერი არის ჯვართამაღლების დღე. ამიტომ ეს თარიღი ჩვენი დაცემის, მაგრამ ამავე დროს ამაღლების დღეც უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ყველა ტკივილს აუცილებლად მოჰყვება სიხარული.

 

- თქვენ გჯერათ, რომ ამ ტკივილსაც ექნება ბედნიერი დასასრული?


- აუცილებლად მოჰყვება სიხარული. იმიტომ, რომ ცხოვრება ხან დაღმართია, ხან კი აღმართი.

 

- ბავრი კამათი მიდის იმაზე, უნდა აღვნიშნოთ თუ არა სოხუმის დაცემის დღე. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უაზრო ომი იყო.


- არ მიყვარს სიტყვა უაზრო ომი. როგორ შეიძლება უაზრო იყოს შენი ქალების ღირსების დაცვა, როგორ შეიძლება უაზრო იყოს შენი მიწის დაცვა. უაზრო იყო ის, როცა აფხაზეთში ბიჭები იღუპებოდნენ, ჩვენ კი დუბაიში დავდიოდით. ვინც ეს გააკეთა, ის არის მოღალატე. მაშინ ქვეყანა არ იბრძოდა. ერთი ნაწილი სისხლში იხრჩობოდა, მეორე კი ”გულაობდა”. ასე არ შეიძლება. ეს მაშინდელი ხელისუფლების მართვის შედეგია. ომი იმ პოლიტიკამ წააგო, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება აწარმოებდა.

 

- და მაინც უნდა აღინიშნოს თუ არა ეს თარიღი?


- სოხუმის დაცემის დღე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. მე არ ვამბობ, რომ რამე ზეიმი უნდა მოვაწყოთ. საზეიმოდ ნამდვილად არ არის საქმე. უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ომმა შეიწირა და ვიმსჯელოთ იმაზე, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.

 

- თქვენი აზრით, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? რატომ მოხდა ჩვენი და აფხაზების ასეთი გაუცხოება?


- ამას ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება. ეს საკითხი მარტივი არ გახლავთ. ვიღაცა მარტივად იტყვის, რომ რუსეთი ჩაერია. კი ბატონო, ამ ამბავში რუსეთი ნამდვილად პირველი სკრიპკა იყო, თუმცა ამ ყველაფერს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ჩვენ ცოტა ღრმად უნდა ვიცნობდეთ აფხაზურ საზოგადოებას, იმ ისტორიას, რომელიც ამ კუთხეს გააჩნია. საუბედუროდ კომუნისტური ეპოქის ისტორიკოსებმა და პოლიტიკოსებმა მისცეს საშუალება რუსეთს, გაეყალბებინა ამ კუთხის ისტორია. მნიშვნელოვანია ჩრდილოეთკავკასიელების ფაქტორიც, რომლებიც მე-16, მე-17 საუკუნეებში ჩამოდიან და ეპატრონებიან აფხაზეთს. მათთან გამუდმებით ომები გვქონდა. უდიდესი შემოტევა იყო მთიდან. მათ მხარს უჭერდა თავის დროზე თურქეთი, მერე რუსეთი. დღეს კი აფხაზებს ის ადამიანები უწოდებენ საკუთარ თავს, რომლებიც ამ კუთხის შვილები არ არიან. დღევანდელი აფხაზური ენა არის აბაზური ენის ერთ-ერთი დიალექტი. კერძოდ,  აშხარუას ტომის დიალექტი. მე ხმლის ამოღებისკენ არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, რაც არის სიმართლე. მინდა ვიცოდეთ, რომ გუდაუთისა და ოჩამჩირეს აფხაზები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ოჩამჩირეში კოლხური ფესვია. გუდაუთაში - უფრო ადიღეური. რუსეთმა სინონიმი აფხაზეთი და აფსუა გააერთიანა. როგორც კი თურქეთი წავიდა ჩრდილოეთ კავკასიიდან, თავად ჩაუდგა ამას სათავეში. ასე, ნელ-ნელა და მიზანმიმართულად ხდებოდა ჩვენი გაუცხოება. ამ გაუცხოებას დღევანდელი ტექნოლოგიებით ძალიან მარტივად აღწევენ. აფხაზებზე მიდის მასობრივი ზემოქმედება. შევარდნაძემ მისცა საფუძველი, რომ ჩვენს შორის ომი დაწყებულიყო. თუმცა სისხლისღვრა ჩვენს შორის გაცილებით ადრე დაიწყო.

 

- ადრე, როდის?


- სისხლისღვრა დაიწყო 1989 წელს. მაშინ არანაირი ჯარი არ შესულა აფხაზეთში. აფხაზმა ბოევიკებმა 2 დღის განმავლობაში დაიკავეს სოხუმი, ოჩამჩირე. ეს მოხდა 1989 წლის  15-16 ივლისს. პირველი სისხლი ჩვენს შორის მაშინ დაიღვარა. პოლიტიკოსებისა და ისტორიკოსების დიდ ნაწილი ამ თარიღს რატომღაც დღემდე არ ახსენებს, არადა ყველაფერი მაშინ დაიწყო.

 

- ჩვენ ხშირად ვადანაშაულებთ  რუსეთს, რომ მან მოგვიწყო პროვოკაცია, მაგრამ იმაში, რაც აფხაზეთში მოხდა, ჩვენი დანაშაულიც ხომ არის?


- ბუნებრივია, არის ჩვენი დანაშაული. ჩვენ ყველაფერზე ვთანხმდებოდით, რასაც კომუნისტები ითხოვდნენ. არც ერთი ერი ისე იოლად არ დათმობდა იმას, რაც ჩვენ დავთმეთ. დავთმეთ და ამიტომაც გვაქვს ასეთი სავალალო შედეგი.

 

- საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ იარაღით. მეორე ნაწილი ამბობს, რომ სხვა გზა უნდა მოვნახოთ. თქვენი აზრით, რომელი გზაა სწორი?

 

- მსოფლიოში ისეთი პროცესები მიდის, რომ აფხაზეთს იარაღით არავინ არ დაგვაბრუნებინებს. როცა ომის გზაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ დარჩენილი აფხაზები ჩვენი სისხლი და ხორცია. 1993 წლის 16-17 მარტს სოხუმზე დიდი შემოტევა იყო. ამ ბრძოლების დროს დაიღუპა 2 გვაზავა. აქედან ერთი მათგანი არის საქართველოს გმირი, მეორე - აფხაზეთის. ამის გარდა, საქართველო არის კავკასიონის კარიბჭე და ყოველივე ის, რაც ხდებოდა ამ რეგიონში, ეს ხდებოდა ჩვენს თავზეც. ჩვენ ყოველთვის გვიწევდა თავის გადარჩენაზე ფიქრი, ხვალ თუ აფხაზი ეთნოსი გაქრება, ზეგ გაქრება ქართველი ეთნოსი. ამიტომ, ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს დანაწევრების გეგმა არსებობს და ამის შესახებ ყველამ იცის. ვიცით ისიც, რომ ეს გეგმა საქართველოს ქართველების გარეშე  ითვალისწინებს.

 

- როგორც ამბობენ, მალე აფხაზეთი აფხაზების გარეშე დარჩება. აფხაზების ნაწილი უკვე ხვდება ამას. რამდენიმე აფხაზმა მებრძოლმა ღია წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ისინი კითხულობენ, რატომ ვებრძოდით ქართველებს თუკი მაინც ვინმეს დაქვემდებარებაში ვიქნებოდითო. არ იცოდნენ აფხაზებმა, რასაც მათ რუსეთი საქართველოსგან ”გათავისუფლების” შემდეგ უზამდა?

 

- როგორ შეიძლებოდა აფხაზებს ეს არ სცოდნოდათ. არ შეიძლება ყველას გაექცე და მარტო დარჩე. ჩვენგან გასაქცევი მათ არაფერი ჰქონდათ. სამწუხაროდ, მათ გააკეთეს არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, რის შედეგებსაც ისინი ნელ-ნელა მოიმკიან. აფხაზების ნაწილი უკვე ხვდება, რა ყულფში გაყვეს თავი. ახლა ისინი ხვდებიან, რომ ევროპაზე უნდა გავიდნენ, რადგანაც ევროპა არის მათი გადარჩენა.

 

- ევროპა მზადაა აფხაზეთის მისაღებად?

 

- ევროპაში არიან ძალები, რომლებიც მზად არიან ცნონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

 

- რომელი ქვეყნებია ამისთვის მზად?

 

- აქ ქვეყნებზე არ არის საუბარი. მე ცალკეულ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ, რომლებიც ამ ნაბიჯზე წასასვლელად მზად არიან. გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ ეტაპზე მადლობა უნდა ვუთხრათ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სწორედ მისი პოლიტიკის შედეგია, რომ აფხაზეთის აღიარება არ მომხდარა. იმედი ვიქონიოთ, რომ არც მოხდება.

 

- კონფლიქტის მოგვარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახალხო დიპლომატიას. გასაგებია, რომ ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან, მაგრამ რა ურთიერთობები აქვთ რიგით ადამიანებს. ქართველებსა და აფხაზებს შორის ისევ დიდია გაუცხოების გრძნობა?

 

- სამწუხაროდ, გაუცხოება ისევ არის. ამ მიმართულებით რუსეთი სერიოზულად მუშაობს. ამის მიუხედავად, რაღაც გამოსავალი აუცილებლად იქნება. გენეტიკურად ადამიანი მიდის იქ, სადაც მას სისხლი ეძახის. აფხაზები ძალიან ხშირად გადმოდიან აქ  და მკურნალობენ. მათ საქართველოში ძალიან სერიოზულ ოპერაციებს უტარებენ. ისინი  კმაყოფილები ბრუნდებიან უკან, იქითაც გადადიან ჩვენი ექიმები. აფხაზები ხვდებიან, რომ ქართველები არ არიან კაციჭამიები. ამიტომ არის აუცილებებლი აფხაზებთან ურთიერთობა. თუ არ იქნა კონტაქტი, კიდევ უფრო გაღრმავდება გაუცხოება. როცა გერმანია გაერთიანდა, იქაც კი საკმაოდ დიდი გაუცხოება იყო. კომუნისტების დროს ხალხი თურქეთში ვერ გადადიოდა. ნათესავები ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ. ახლა ეს ბარიერი აღარ არსებობს. აფხაზებთანაც ასე იქნება.

 

- ჩვენს შორის კედელს და მავთულხლართებს რომ ავლებენ?

 

- ყველა კედელი და მავთულხლართი ბოლოს მაინც ინგრევა. ინგრევა იმიტომ, რომ ღმერთს ასე უნდა. აფხაზებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა ომი ადრე თუ გვიან შერიგებითა და მშვიდობით მთავრდება. თუ აფხაზებს გადარჩენა უნდათ, მაშინ ჩვენთან უნდა იყვნენ. ჩვენ ერთად უნდა გადავრჩეთ. ჩვენთან ერთად უნდა გადარჩნენ სხვა პატარა ეთნოსებიც. ნახეთ ჩეჩნეთი რა დღეშია. მათ რუსეთმა გენოციდი მოუწყო, რისი აღიარებითაც მსოფლიო დიდად თავს არ იწუხებს. მსოფლიო ორმაგი კი არა შეიძლება ათმაგი სტანდარტითაც ცხოვრობს. სადღაც 1000 კაცის სიკვდილი გენოციდია, სადღაც კი 250 ათასი ადამიანის სიკვდილი არაფერს არ ნიშნავს. ეგ ახლა არ ნიშნავს არაფერს, თორემ ადრე თუ გვიან ჩეჩნების გენოციდის აღიარებაც მოხდება.

 

- მოდით ისევ აფხაზებს დავუბრუნდეთ. დაიწყება თუ არა მათთან დიალოგი? ალექსანდრე ანქვაბმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე თქვა, რომ ქართველებთან დიალოგისთვის მზად არის. იქნება დიალოგი?


- ანქვაბი არის წესრიგის ადამიანი. ის მკაცრი ზომების მომხრე იქნება. ის ღირსეული ადამიანია, მაგრამ ის ჩვენზე არ იზრუნებს. მისი მთავარი დანიშნულება წესრიგის დამყარება იქნება. ის დღეს კრემლს ამ საქმის გასაკეთებლად სჭირდება. მისი ნამდვილი სახე მაშინ გამოჩნდება, როცა აფხაზეთში წესრიგს დაამყარებს.

 

- პირადად თქვენ თუ გაქვთ აფხაზ პოლიტიკოსებთან კავშირი?


- არა, ჩვენ ერთმანეთს ასე არ ვეკონტაქტებით. ანქვაბს, შამბას და ცხონებულ ბაღაფშს ძალიან კარგად ვიცნობდი. მე და შამბა ბავშვობის მეგობრები ვართ. ერთხელ დავწერე, რომ მე მისი დაკარგული სინდისი ვარ-მეთქი. მას წაუკითხავს და სწყენია. შემომითვალა, რატომ დაწერაო გიამ ასე.

 

- პირადად არ დაურეკავს?


- პირდაპირი კონტაქტი მათთვის აკრძალულია. ამის მიუხედავად, რაღაცნაირად მაინც ვაწვდით ერთმანეთს ხმას. ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენ შორის აუცილებლად გალღვება ყინული და ჩვენთანაც გამოიდარებს.

 

”ახალი თაობა”, (27.09.2011წ., №229).

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions