მეოცე საუკუნის გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის წმინდა აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) 150 წლისთავი აღინიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთობლივი ორგანიზებით.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის გახსნისას აღნიშნა ამბროსი ხელაიას უდიდესი ღვაწლი საქართველოს ისტორიაში არა მარტო სულიერებისა და სარწმუნოების თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ მან თავის სულიერ მოღვაწეობას შეუერთა ეროვნული სულისკვეთებაც და ამ შემართებით იბრძოდა სამშობლოსთვის მეტად რთულ ისტორიულ პერიოდში - რუსიფიკატორული პოლიტიკის საპირისპიროდ ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინებისა და დამკვიდრებისთვის. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შეალია ქართული ეკლესიიისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ამბროსი ხელაიას ღვაწლს კათოლიკოს-პატრიარქის საპატიო თანამდებობაზე: “გელათში ჩატარებული მესამე საეკლესიო კრებიდან (სადაც ამბროსი აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად) თბილისში დაბრუნებულმა ამბროსიმ პირველი მღვდელმსახურება ჩაატარა სამხედრო ტაძარში, რომელიც დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილზე იყო და მიუძღვნა 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას, ისინი მან გმირებად გამოაცხადა. და ეს გააკეთა ტერორისტული რეჟიმის თვალწინ, რაც ფაქტიურად ომის გამოცხადებას ნიშნავდა მაშინდელი ხელისუფლებისთვის. მაგრამ მისი ყველაზე გაბედული ნაბიჯი, გადადგმული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, იყო 1922 წელს გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და რომ საქართველოს ტერიტორია გასხვისებულია, კულტურა - დაქვეითებული, ენა - დამცირებული, ერი - დაბეჩავებული და გაღატაკებული, ქვეყანა დაღუპვის წინაშეა. ამ მიმართვაში ამბროსი ხელაია ითხოვდა: უცხოეთის სახელმწიფოებს ხელი შეეწყოთ საქართველოსთვის დეოკუპაციის საქმეში; დახმარებას საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში”. ჯემალ გამახარიას აზრით, ეს მემორანდუმი მთელი 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის განმავლობაში იყო მტკიცებულება იმისა, რომ საბჭოთა კავშირთან შეერთება არ მომხდარა ქართველი ხალხის ნებაყოფილობით, საქართველო იყო ოკუპირებული და ამდენად მას ჰქონდა თავისუფლებისათვის ბრძოლის და ეროვნული თვითგამორკვევის უფლება. საგულისხმოა, რომ ამერიკის კონგრესმა ეს, დოკუმენტი 1975 წელს განიხილა და განაცხადა, რომ მას დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რუსეთის მიერ დაპყრობილი სხვა ქვეყნებისთვის.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს (ცაავა) თქმით, საქართველოს ყოველთვის ჯვარცმული მეფეები და პატრიარქები ჰყავდა და წმინდა ამბროსი აღმსარებელიც ერთ-ერთია მათ შორის. წარმოშობით ილორელი ამბროსი (ერში ბესარიონი) ხელაია 1917 წელს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ ჭყონდიდის მიტროპოლიტად აკურთხა და ამიერკავკასიის საეგზარქოსოს დაქვემდებარებაში მყოფი მაშინდელი ცხუმ-ბედიის ეპარქიაც ამბროსი ხელაიას შეუთავსდა. მან ძალიან მოკლე დროში და ურთულეს პირობებში მოახერხა აფხაზეთზე ქართული ეკლესიის იურისდიქციის გავრცელება, სადაც დიდხანს მსახურობდა და იბრძოდა იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ.
საზეიმო სხდომაზე ამბროსი ხელაიას მოღვაწეობისა და ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრეს სერგო ვარდოსანიძემ, ოთარ ჟორდანიამ, ზურაბ პაპასქირმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, ზურაბ ჩიქოვანმა, ანა კლდიაშვილმა და სხვებმა.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ სპეციალური დადგენილებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ პერიოდი ამა წლის 19 ოქტომბრიდან მომავალი წლის 19 ოქტომბრამდე, გამოცხადდეს ამბროსი ხელაიას წლად და ამ დროის განმავლობაში ჩატარდეს ის სამუშაოები, რაც სჭირდება მისი ცხოვრებისა და ღვაწლის კვალიფიციურ შესწავლას.