თ. ხუბუა: ”გალის რაიონის მოსახლეობა დღემდე რჩება და დარჩება შემდგომშიც ქართული სულის მატარებლად აფხაზეთში”

 

2011 წლის 2 ნოემბერს დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში აფხაზეთის ყველა ქალაქისა და რაიონის უხუცესთა წარმომადგენლებთან მოეწყო შეხვედრა, რომელზეც გალის რაიონის ქართული მოსახლეობის ”აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირების” მიზნით, მათი ქართული გვარების აფხაზურ გვარებად გადაკეთების საკითხი განიხილებოდა.

 

შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში შემოდის არაერთი განცხადება, თითქოს გალის რაიონის მოსახლეობა თავისი ძირძველი გვარებისა და ეროვნების დაბრუნებას ითხოვს, თუმცა აწყდება ბიუროკრატიულ ბარიერებს. დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას განცხადებით, ისტორიული სამურზაყანოს მოსახლეობა გაქართველებული აფხაზები არიან: ”თავის დროზე, აფხაზური გვარები გადააკეთეს ქართულ გვარებად, ხოლო აფხაზები ჩაწერეს ქართველებად. აღნიშნული მდგომარეობა თანდათანობით უნდა შეიცვალოს” - აცხადებს აშუბა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი თამაზ ხუბუა აცხადებს, რომ ”რუსმა ოკუპანტემბა და აფხაზმა სეპარატისტემბა განახორციელეს ქართული მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გამოძევებულ იქნა საკუთარი კერებიდან, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა მკაცრი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება. აკრძალულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. საკუთრივ შეიარაღებული დაპირისპირების დამთავრების შემდეგ, სეპარატისტებს და მათ მფარველებს კრემლში, მუქარისა და ისტორიული სიმართლის დამახინჯებით, არაერთხელ უცდიათ და დღესაც ცდილობენ აიძულონ გალის რაიონის ქართული მოსახლეობა შეცვალონ თავისი ქართული გვარები აფხაზურ გვარებზე”.

 

”შეხვედრების ორგანიზატორები თვლიან, რომ ეს იქნება ”ისტორიული სამართლიანობის საბოლოოდ აღდგენის აქტი”. ამ გარემოებაზე მათი პოლიტიკური პრიმიტივიზმისა და ყოფითი ბონალურობის გამო არც ვაპირებდი აქცენტის გაკეთებას, რომ არა გალის რაიონიდან უხუცესთა სტატუსით ამ შეხვედრაში მონაწილეთა აფხაზურ პრესაში გამოქვეყნებული გვარები. როგორც ძირძველი გალელი, რითაც უსაშველოდ ვამაყობ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ამ ადამიანებს გალში 1993 წლამდე არასოდეს უცხოვრიათ. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სეპარატისტულმა რეჟიმმა გალის რაიონის მოსახლეობაში ვერ იპოვა სათანადო საყრდენი. მიუხედავად გალის რაიონში სეპარატიზმისა და მათი მხარდამჭერების მიერ პოსტკონფლიქტურ პერიოდში განხორციელებული აპარტეიდისა და სეგრეგაციის ნიშნის მატარებელი ძალისმიერი პოლიტიკისა, იქ დარჩენილი მოსახლეობა დღემდე რჩება და დარჩება შემდგომშიც ქართული სულის მატარებლად. ადგილობრივი მოსახლეობა არის ერთგვარი ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ ყოველგვარი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ მათ” - აცხადებს თ. ხუბუა.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions