აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

 

ზოგიერთი ექსპერტისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა ინტერვიუსა და შეხვედრებზე გამოითქმება მოსაზრება, საქართველოს მიერ  აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ საჭიროდ არ თვლის მსგავს ექსპერტებთან დისკუსიაში შესვლას, რადგანაც საკითხის ასე დასმაც კი არამართებულად მიაჩნია.

 

აფხაზეთის აღიარების თაობაზე თბილისში დისკუსიის გამართვა სტიმულის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი რიგი ქვეყნებისთვის, რათა აღიარონ აფხაზეთი. აი, რატომ არის მსგავსი მოსაზრება არათუ მცდარი, არამედ დანაშაულებრივიც. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ნაწილია.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გზით, რასაც საქართველო ნელი ნაბიჯებით ახორციელებს და რისი დასტურიცაა ევროპული თანამეგობრობის ლიდერების მრავალჯერ გაცხადებული პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ამ დღეებში საქართველოში ვიზიტის მთავარი გზავნილიც: ”ნატო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; მტკიცედ ემხრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას და, შესაბამისად, არალეგიტიმურად მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში”.

 

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, თვით რუსეთისგან მკაცრად მოითხოვენ აღიარების უკან წაღებას. ამ ვითარებაში ცალკეული ”ექსპერტების” ინიციატივა აფხაზეთის აღიარების შესახებ მხოლოდ ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს.

 

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ასეთი პოლიტიკური უმეცრების ფაქტებს და მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის გასხვისებაზე ფიქრიც კი, რა მასშტაბისა და დონის პოლიტიკური დივიდენდების მომტანადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ის მავანს, საზიანო იქნება ქვეყნის ერთიანობის, მისი დამოუკიდებლობის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და  სუვერენიტეტისათვის.

 

მიზნის მიღწევა შესაძლებელია არა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების, არამედ თანმიმდევრული, მტკიცე საგარეო პოლიტიკის განხორციელების გზით. ამ პოლიტიკამ უკვე გამოიღო, მართალია, მცირე, მაგრამ საკმაოდ ხელშესახები შედეგი - ეს არის ოკუპანტის მიერ საქართველოს ეკონომიკური საზღვრების აღიარება. აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელება, დღეს თუ ხვალ უსათუოდ მიგვიყვანს კრემლის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების აღიარებამდეც.

 

თბილისი,

11.11.2011წ.

Print
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions