თ. ხუბუა: ”ოკუპირებულ ცხინვალში გამართული არჩევნების ირგვლივ მიმდინარე პროცესებისადმი ინდიფერენტული ვერ ვიქნებით”

 

ცხინვალის რეგიონში ჩატარებულმა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებმა იქაურ მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვია და როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საქმე ის გახლავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ ჩატარებული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები არშემდგარად გამოაცხადა და მის სანაცვლოდ 25 მარტს დანიშნა, რამაც არა მხოლოდ „გამარჯვებული“ კანდიდატის მხარდამჭერთა, არამედ ზოგადად, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, საქართველოს დამოკიდებულება ვერ იქნება ინდიფერენტული ამ არჩევნების მიმართ, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა იმ თვალსაზრისით, რომ კრემლის მიერ დაწერილი სცენარით არ განვითარდა.

 

- საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, და არავითარ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თავად დამოკიდებულება ამ არჩვევნებისადმი ინტერსს მოკლებული არ არის, რადგანაც საკმაოდ არაორდინალურ ვითარებაში წარიმართა. ის, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, შემდეგ მოხდა არჩევნების შედეგების ანულირება და ა.შ. – უდავოდ არის იმის მიმანიშნებელი, რომ არჩევნებს არ ჩაუვლია კრემლის მიერ შედგენილი სცენარის მიხედვით და სწორედ ამ თვალსაზრისით მიმაჩნია ეს არჩევნები საინტერესოდ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მუქარისა და ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებას, მოსახლეობამ მაინც გააკეთა თავისი არჩევანი და არა კრემლის დირექტივას ბრმა შემსრულებელი გახდა.

 

აშკარაა, რომ მოსახლეობაში ნდობის რესურსი ცხინვალის დღევანდელი რეჟიმისადმი და მისი გარე მხარდამჭერების მიმართ მცირდება და მალე, ალბათ, გაქრება კიდეც, ანუ, როგორც იტყვიან, შაგრენის ტყავის ავისმომასწავებელი სინდრომი ნდობის ფაქტორს ამ რეგიონშიც შეეყარა.

 

რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ კრემლის მიერ წახალისებულ სეპარატისტულ რეგიონში, მოგვიანებით კი „დამოუკიდებლად“ აღიარებულ ”რესპუბლიკაში”, კრემლისავე კანდიდატი „საპრეზიდენტო“ არჩევნებში ვერ იმარჯვებს? ხომ არ ნიშნავს ეს მოსკოვის მორიგ მარცხს?


- მე, ჯერ კიდევ აფხაზეთის დე-ფაქტო არჩევნების დროს, როდესაც ა.ანქვაბი იქნა არჩეული ე.წ. პრეზიდენტად, განვაცხადე, რომ იქ ნათლად ჩანდა ძალადობრივი ზეგავლენა კრემლის მხრიდან, რაც სოციალურ-ეკონომიკურ შანტაჟში ვლინდებოდა. აფხაზეთში გრძნობდნენ, რომ კრემლის ფავორიტების – შამბასა და ხაჯიმბას დამარცხების შემთხვევაში რუსეთზე დამოკდებული „რესპუბლიკის“ ბედი არც თუ სახარბიელოდ წარიმართებოდა. მაგრამ მიუხედავად ათასგვარი ზეწოლისა, დაშინებისა და მუქარისა, მაინც ღებულობდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელზედაც ზეგავლენას ვერც კრემლი და ვერც ადგილობრივი სეპარატისტული ძალები ვერ ახდენდნენ.  კრემლის სურვილი – ოღონდაც არა ანქვაბი – ვერ განხორციელდა, მათ უკან დაიხიეს და მოჩვენებითი სიმშვიდით მიიღეს აფხაზი ხალხის არჩეული კანდიდატი. იგივე მეორდება ახლაც, მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ ცხინვალი აფხაზეთი არაა, ამიტომაც ამ რეგიონში შედეგიც განსხვავებული შეიძლება იყოს. თუმცა აშკარაა, რომ ეს არის კრემლის ნეოიმპერიული ზრახვების შეჩერებისკენ გაკეთებული კიდევ ერთი, არც თუ ისე ძლიერი, მაგრამ კრემლის ხელმძღვანელობისთვის მაინც საყურადღებო ნაბიჯები. აქ კიდევ ერთი რამ არის საინტერსო, რომ იქ მაცხოვრებელი ადამიანები თვლიან, რომ არ უნდათ ყოველთვის ვიღაცის გავლენის ქვეშ იყონ. ეს არ არის მე-17 საუკუნე, დღეს ადამიანები გათვითცნობიერებული და პოლიტიკურად განსწავლულები არიან, და ყველა ხვდება, რომ ამის დაუსრულებლად გაგრძელება არ შეიძლება. დიახაც, ეს არის რუსეთის ზეგავლენის შემცირების დასაწყისი.

 

რამდენად მისაღებია საქართველოსთვის ალა ჯიოევას კანდიდატურა?


- მინდა გითხრათ, რომ ალა ჯიოევას გამარჯვება სულაც არ ნიშნავს მის ანტირუსულ განწყობას, ის არც „დამოუკიდებლობაზე“ იტყვის უარს. ის არის კონსტიტუციის, სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის განმტკიცების მომხრე, თავისი კომპეტენტურობით უფრო განსხვავებული, ვიდრე ის ნახევრადკრიმინალი და გაუგებარი წარმოშობის ადამიანები, რომლებიც დღემდე ხელმძღვანელობდნენ სეპარატისტულ ადმინისტრაციას და შემდგომშიც აპირებენ მოსვლას.

 

საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში ასეთი კანდიდატი იქნება კი კრემლისგან დამოუკიდებელი პრეზიდენტი?


- ვერ გეტყვით! ამიტომ ვთვლი, რომ მისი გამარჯვება არ შეიძლება იყოს ჩვენთვის სიხარულის მომგვრელი. მან შეიძლება იგივე პოლიტიკა გააგრძელოს. იმის გარანტიები არ არსებობს, რომ ჯიოევა კრემლის პოლიტიკის გამტარებელი არ იქნება, თუმცა არც თუ ისე მყიფე პოლიტიკური ძალის მატარებელია და ეს გასათვალისწინებელია. ოს ხალხს მიაჩნია, რომ ის პროგრესულად მოაზროვნეა და ასეთი ადამიანი უფრო გამოადგება „დამოუკიდებელ“ ოსეთს. მეორე მხრივ, ჩვენ რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყნის მთლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, უფრო გაგებით არ მოეკიდება ოსეთის საქართველოს შემადგელნობაში ყოფნის პერსპექტივებს. ზოგს შეიძლება ეს ხმამაღალ სიყვებად მოეჩვენოს, მაგრამ ჭეშმარიტად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ამ საკითხებში არის ჩართული, არ შეიძლება ამ საკითხზე არ ფიქრობდეს. ამიტომ მე თქვენს კითხვაზე ასეთ პასუხს ვერ გავცემ. ძალიან რთულია ამის პროგნოზირება, ამომრჩევლებს მოსწონთ, მაგრამ რამდენად ჯდება ქართულ ინტერესებში ჯიოევა, ეს სხვა საკითხია და დრო გვიჩვენებს. მე იმედი მაქვს, რომ ცხინვალში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს ეყოფათ გონიერება და სისხლისღვრამდე არ მიიყვანენ არსებულ დაპირისპირებას, მიუხედავად იმია, რომ კრემლი ასეთ ნაბიჯებზე ადვილად მიდის.


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions