უმაღლეს საბჭოში აფხაზეთში კონფლიქტის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს

 

22 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომიისის სხდომაზე 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ამ ტერიტორიების ”დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარების სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელეს.

 

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკანონობაზე ისაუბრეს პროფესორებმა ჯემალ გახოკიძემ, მურმან პაპაშვილმა და თენგიზ გრიგოლიამ, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონების ირგვლივ შექმნილი ვითარებისა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის წინადადებები წარადგინეს.

 

ჯ. გახოკიძემ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკანონობის დამადასტურებელი მრავალრიცხოვანი სამართლებრივი აქტი დაასახელა, მათ შორის გაეროსა და ეუთოს 49 დოკუმენტი, რომლებშიც რუსეთი თავად აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას. თუმცა, ამასთან ერთად სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებული დიპლომატიური ქაოსის პირობებში საერთაშორისო სამართალი მაინც საგრძნობლად მოიკოჭლებს,  ამიტომ არც ისე იოლია  იმ უკანონობის აღმოფხვრა, რაც ბოლო პერიოდში რუსეთმა განახორციელა საქართველოს მიმართ. საერთაშორისო კონვენციების (1939 წლის მონტევიდეოს, ასევე გაეროსა და ევროპის) თანახმად აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის  აღიარება ყოვლად გაუმართლებელია.

 

როგორც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, რუსეთის ოკუპანტურ პოლიტიკაზე საუბარს ყოველთვის 1990 წლიდან ვიწყებთ და რატომღაც გვავიწყდება 1921 წელი, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია. აი, მაშინ დაირღვა ჩვენი საზღვრები და სუვერენიტეტი, როცა ჩვენი სადავო ტერიტორიები წითელმა რუსეთმა ჩვენს მეზობლებს გადასცა. აი ამ პროცესის გაგრძელება იყო 1992 წელი და ის, რაც დღესაც ხდება. გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა წარვუდგინოთ ის დოკუმენტური მასალები, რაც იმ მთავრობამ დაგვიტოვა. გარდა ამისა, დღეს რუსეთი მიზანმიმართულად ახორცილებს ეკონომიკურ ექსპანსიასაც, ეს კი პირველ რიგში პოლიტიკაზე აისახება. სამწუხაროდ, ამა თუ იმ პოლიტიკურ აქტებზე პასუხს ხშირ შემთხვევაში ვაგვიანებთ, ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის არის პოსტ–ფაქტუმ. ე.გვაზავას განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის და პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა აღიარებითი ჩვენებების როლი შეასრულეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს მიმართ კრემლის მიერ განხორციელებული აგრესიის მხილებისათვის, რამაც ახალი გარემოებები შექმნა სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

აღმასრულებელ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის ზურაბ მებონიას აზრით ტალიავინის კომისიის ნახევრად მართალი დასკვნა საჭიროებს გადახედვას, რადგანაც რუსეთის ლიდერების პოლიტიკურ დაქადნებებს საქართველოში განხორციელებულ ოკუპაციასთან დაკავშირებით შემდგომი შეფასება არ მოჰყოლია. მით უმეტეს, როცა სამართლებრივად ახალი გარემოებები არსებობს რუსეთის პირველი პირების ბოლო დროინდელი განცხადებების სახით.

 

კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯ.გამახარიამ განაცხადა: აფხაზეთში მყარად არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომ ისინი რუსეთს არასოდეს შეუერთდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოცნებობენ საქართველოში დაბრუნებაზე. ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ საგრძნობლად მიმიდინარეობს ფასეულობების გადაფასება. რას აირჩევენ ისინი ორი „უბედურებიდან“ (მათი გაგებით), ეს ჩვენზეც არის ბევრად დამოკიდებული.

 

დასასრულს, სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მონაწილეობით მომზადდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტის სამართლებრივი შეფასება და სათანადო მასალებს წარუდგენენ ცენტრალურ ხელისუფლებას საერთაშორისო ინსტანციებში რეაგირებისათვის გასაგზავნად.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions