უმაღლესი საბჭო ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენციას გამართავს


20 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენციას გამართავს.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში მდებარე და ბოლო დრომდე თითქმის პირვანდელი სახით შემორჩენილი მე-11 საუკუნის ქართული ეკლესიის სავალალო მდგომარეობის გამო. რუსი ოკუპანტებისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ ჩატარებული ე.წ. რესტავრაციის შედეგად მთლიანად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა: გადაღებვის გზით წაშლილია ქართული წარწერები და ფრესკები, ხოლო ეკლესიას დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი გუმბათი.


ოდითგანვე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია საქართველოსთვის და განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი სალოცავი იყო. აფხაზეთში იგი ერთ-ერთ უძველეს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს. მისი გარეგნული იერის შეცვლა, ქართული წარწერებისა და ფრესკების განადგურების ფაქტი ვანდალიზმად და ისტორიის გაყალბების მცდელობად უნდა შეფასდეს.


აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებრიობა მტკივნეულად აღიქვამს საკუთარი სალოცავისადმი ასეთ დამოკიდებულებას და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გადასარჩენად მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო პოლიტიკურ, არასამთავრობო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა აღნიშნული ფაქტების აღსაკვეთად.


პრეს-კონფერენციაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გარეგნული იერის შეცვლისა და ქართული წარწერების განადგურების სპეციალურ ვიდეო მასალას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ისტორიკოსი, პროფესორი ლია ახალაძე წარმოადგენს.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions