ამ დღეებში, ვლადიმერ პუტინის მორიგ ინიციატივას მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მხურვალედ გამოეხმაურა კრემლის მიერ მართული ”რუსეთში ქართველთა კავშირი”-ს ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია, რომელსაც არაერთხელ გამოუხატავს აღფრთოვანება რუსეთის პრემიერ-მინისტრის არადემოკრატიული წინადადებების და ქმედებების გამო. აღნიშნულ ფაქტს კომენტარს უკეთებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე თამაზ ჩოჩია.
სამწუხაროდ ოდითგანვე ქართველთა შორის მრავლად იყვნენ როგორც გმირები და რიგითი პატრიოტები, ასევე მოღალატეებიც, რომლებიც მზად იყვნენ ოცდაათ ვერცხლად გაეყიდათ ყველა და ყველაფერი.
ა.წ. 16 იანვარს ”Независимая газета”-ს ფურცლებზე გამოქვეყნებული ვ. პუტინის სტატიის მხარდასაჭერად, რომელშიც იგი მოითხოვს მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას და შესაბამისად ქვეყანაში ჩასულთა დასჯას, ფაქტიურად არცერთი თავმოყვარე რუსი ინტელიგენტი საჯაროდ არ გამოსულა. სამაგიეროდ, უმალვე გამოჩნდნენ არარუსული წარმოშობის ლაქიები. მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი მიხეილ ხუბუტია გახლდათ (არ შეგვეშალოს ცნობილ ექიმ ანზორ ხუბუტიაში, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს თანამემამულეებს მოსკოვში).
РИА ”Новости”-სთან მიცემულ ინტერვიუში მ. ხუბუტია აღფრთოვანებას ვერ მალავს ვ. პუტინის, რბილად რომ ვთქვათ, არადემოკრატიული ინიციატივის გამო და აცხადებს: ”პუტინი შეეხო ამ საკითხს სპეციალისტებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შემდეგ. შესაბამისად საუბარი თითქოსდა პრემიერმა ”ავტორიტარული გადაწყვეტილება მიიღო”, არამართებულია. მე პირადად ვესაუბრე მას ამ თემაზე”. მ. ხუბუტიამ ამჯერადაც ოფიციალურ თბილისსაც გამოკრა, გააკრიტიკა რა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კრემლის ინიციატივაზე ნეგატიური დამოკიდებულების გამო.
რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ხსენებულ სპეციალისტთაგან ალბათ ერთ-ერთი სწორედ მ. ხუბუტიაა, რომელიც შეთავსებით ვ. პუტინის მთავარი მრჩეველიც იქნება ანტიქართულ საკითხებში.
ყოველივე ამაში ცუდი ისაა, რომ კრემლის ეს ”გასტარბაიტერი” რუსეთში მცხოვრებ ქართველთა სახელით მოქმედებს, რითაც შეცდომაში შეყავს რუსული საზოგადოება. სინამდვილეში, რუსეთში და მათ შორის მოსკოვში მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობა უკვე დიდი ხანია განერიდა მას და მისნაირებს.
მე დანამდვილებით ვიცი, რომ გასული წლის ბოლოს მოსკოვში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ადგილობრივ ქართველებთან შეხვედრა, რომელთა უმრავლესობამ (ძირითადად აფხაზეთის მკვიდრნი) კატეგორიული უარი განაცხადა ასე ნანატრ შეხვედრაზე მოსვლა, თუკი მისი ორგანიზატორი და მონაწილე მ. ხუბუტია იქნებოდა. შეხვედრა შედგა, მაგრამ პუტინის მეგობრის გარეშე.
რაც შეეხება უშუალოდ ვ. პუტინის ინიციატივას, ამით უკვე ღიად და უმაღლეს სახელმწიფო დონეზე გაცხადებულია: რუსეთი - მხოლოდ რუსებისთვის, ხოლო დანარჩენნი, და არა მარტო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები, არამედ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებნიც - ფაქტიურად სხვა კატეგორიის ადამიანების არიან...
ეს კიდევ ერთი ზარია ... აფხაზთათვის, რომლებსაც ჯიუტად არ უნდათ გაავლონ ზღვარი ეროვნულ უმცირესობათა მიმართ ქართულ ტოლერანტობასა და რუსულ შოვინიზმს შორის. საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს არ შეიმჩნევენ ისინი, როდესაც აფხაზეთის მიწას (რომელსაც ისინი მხოლოდ თავისად მიიჩნევენ) და მათ ბუტაფორიულ დამოუკიდებლობას რუსი სამხედროები ატალახებენ, ჩექმებს კი ირეცხავენ არა ინდოეთის ოკეანეში, როგორც ამას ვ. ჟირინოვსკი გვპირდებოდა, არამედ აფხაზეთის ზღვისპირეთში .