შეხვედრა საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროში

2 ივნისს გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის შეხვედრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ელგუჯა გვაზავასა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ყოლბაიასთან

საუბრის ძირითადი თემა იყო აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემები და მათი მოგვარების გზების ძიება.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას თქმით: ”ეს იყო მორიგი სამუშაო კონტაქტი, რომლის დროსაც ჩვენ პერიოდულად ვმსჯელობთ დევნილი მოსახლეობის იმ პრობლემების შესახებ, რაც აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის უფრო მეტად არის ცნობილი და დევნილთა სამინისტროში შეიძლება ამ ინფორმაციებს ვერ ფლობდნენ. განვიხილეთ ზოგადი და კონკრეტული პრობლემები, მაგალითად, რესტიტუციის საკითხი, რომელზე მუშაობაშიც საქართველოს იუსტიციისა და დევნილთა სამინისტროებთან ერთად ჩავერთვებით ჩვენც. ბატონი ვახტანგი ესაუბრა იმ მშენებლობებზე, რომელიც უნდა წარიმართოს დევნილთა განსახლების კუთხით. როგორც გაირკვა, ძალიან სერიოზული გეგმებია ჩაფიქრებული, საკმაოდ დიდი ინვესტიციები და გრანტებია გათვალისწინებული ამ იდეის განსახორციელებლად. მაგალითად, ამ გეგმის მიხედვით, 2-3 წლის განმავლობაში დევნილთა დიდი რაოდენობა მიიღებს ბინას თბილისში და არა რეგიონებში, როგორც ამას ადრე ჰქონდა ადგილი იძულების წესით. დევნილთა შემწეობის გაზრდაც არის ჩაფიქრებული, მაგრამ პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია უმწეოთა კატეგორია.

სხვა კონკრეტულ პრობლემებზეც ვისაუბრეთ. მაგალითად, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის გერაშჩენკოს საკითხზე, რომელსაც ორი შვილი დაეღუპა აფხაზეთის ომში და დღემდე ვერ გადაწყდა მისი საცხოვრებელი ფართის პრობლემა. მინისტრს ვთხოვეთ პირადად გაეკონტროლებინა ეს საკითხი. ასევე განვიხილეთ ვარკეთილის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ უმწეო დევნილთა პრობლემა, რომელთაც კომუნალური გადასახადების გადახდის შესაძლებლობა არა აქვთ, არ არიან დამისამართებული და ა.შ.

იგეგმება დევნილთა ახალი რეგისტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ წინა რეგისტრაცია ჩატარდა თანამდეროვე სტანდარტებით, დარღვევებს მაინც ჰქონდა ადგილი. გამოაშკარავდა დევნილთა ყალბი მოწმობები, რომლებიც გაეცა არაფხაზეთელ მოქალაქეებს. მოსაგვარებელია ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ დევნილთა დარეგისტრირებაც, რომლებიც ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას. ჩვენი აზრით, ასეთი მოქალაქეების რეგისტრაციის პრობლემა საკონსულოებმა და საელჩოებმა უნდა მოაგვარონ”.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions