ანდრია კურაევი აფხაზების და აფხაზეთის შესახებ

 

 

მართლმადიდებლურ-მისიონერული აპოლოგეტური ცენტრის "სტავროსის" ორგანიზებით,  ჩერემენეცკის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე სანკტ-პეტერბურგისა და ლადოჟის მიტროპოლიტის ვლადიმირის,  გატჩინისა და ლუჟსკის ეპისკოპოსის მიტროფანეს კურთხევით 2013 წლის 26 ივნისს ჩატარდა პირველი მართლმადიდებლური მისიონერული კონფერენცია. ერთ-ერთ მომხსენებლად გამოვიდა ცნობილი თეოლოგი, პროფესორი, მთავარდიაკონი ანდრია კურაევი. მისთვის დასმულ კითხვაზე - „თუ შეიძლება, გვიამბეთ აფხაზეთში  თქვენი გამოცდილების შესახებ“, ყველასთვის მოულოდნელი პასუხი გასცა.

 

ისტორიული აფხაზეთი რუსმა მეცნიერმა  საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად, ისტორიული აფხაზები ძირძველ ქართველებად, ხოლო თანამედროვე აფხაზები (აფსუები) XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიიდან თურქეთის დახმარებით ჩამოსახლებულ ხალხად გამოაცხადა, რომელიც, ა.კურაევის აზრით, არ წარმოადგენს ისტორიული აფხაზეთის სამეფოს, ისტორიული აფხაზეთის საკათალიკოსოს, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებისა და კულტურის სხვა ძეგლების სამართალმემკვიდრეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ისტორიკოსმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ.


-  მთავარდიაკონ ანდრია კურაევის ამ ყველასათვის მოულოდნელ განცხადებას თუ ექნება რაიმე დადებითი  გავლენა აფხაზეთის დეოკუპაციის პროცესზე?


- არა მგონია, ანდრია კურაევის მიერ აფხაზეთის პოლიტიკური ისტორიის ყველაზე მთავარი, საკვანძო საკითხის ობიექტურმა შეფასებამ მოსკოვის იმპერიალისტური პოლიტიკა ხვალვე შეცვალოს. ასეთ რამეს მიზნად, ეტყობა, არც კურაევი ისახავდა. მიუხედავად ამისა, თავისი შეფასებით, მან, ნებსით თუ უნებლიედ, საფუძველი გამოაცალა აფხაზეთის ”დამოუკიდებლობის” სასარგებლოდ კრემლის მიერ წამოყენებულ ერთადერთ ”არგუმენტს” ისტორიული სამართლიანობის ვითომ აღდგენის შესახებ. ამიტომ, ცხადია, ა.კურაევის შეხედულებები აფხაზეთის პოლიტიკურ და საეკლესიო ისტორიაზე ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის საქმეს რაღაც ეტაპზე გარკვეულწილად წაადგება.

 

- არის თუ არა ა.კურაევი ის ფიგურა, რომლის სიტყვას შეიძლება საერთაშორისო არენაზე სერიოზული რეზონანსი მოჰყვეს?


- ა.კურაევი საკმაოდ პოპულარული ფიგურაა რუსეთში, ცნობილია იგი დასავლეთშიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, მის მიერ ნახევარი წლის წინ გაკეთებულ ჩვენთვის საინტერესო განცხადებას არც საერთაშორისო არენაზე, არც რუსეთში და, წარმოიდგინეთ, საქართველოშიც კი დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ა.კურაევის ფიგურა კი აქ არაფერ შუაშია.

 

- XVI-XVII  საუკუნეების აფხაზეთის რეალური ისტორიის გახმოვანება რუსული ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან თუ შეიძლება რაიმე სიკეთის მომასწავებელი იყოს?


- გააჩნია, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ა.კურაევის განცხადებას, რომელიც მან აფხაზეთში წელიწადნახევრიანი მისიონერული მოღვაწეობის, აფხაზი ხალხის, მისი ჭეშმარიტი რელიგიური წარმოდგენების, სათანადო სამეცნიერო ლიტერატურის ღრმად შესწავლის შემდეგ გააკეთა. ეს განცხადება მას ჩვენთვის სიკეთის ან აფხაზებისთვის ზიანის მოსატანად არ გაუკეთებია. საქვეყნოდ ცნობილმა მეცნიერმა, ღვთისმეტყველმა, რელიგიათმცოდნემ საკითხი ყოველმხრივ შეისწავლა და კარგად გააზრებული, დასაბუთებული დასკვნა წარმოადგინა. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ გამოიყენებს ამ დასკვნას, რომელსაც მე პირადად აბსოლუტურად ვეთანხმები. უფრო სწორი და სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ ა.კურაევი გვეთანხმება ჩვენ, ქართველ მეცნიერებს.

 

- კურაევმა სწორი დასკვნა კი გააკეთა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ხმააა...


- პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ მსგავსი დასკვნა ანდრია კურაევამდე გაკეთებული აქვს XVIII-XXI საუკუნეების ათობით მეცნიერს - ქართველს, რუსს, გერმანელს, ფრანგს, ინგლისელს და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ეს არ არის "ერთი ხმა". გარდა ამისა, ა.კურაევის ხმა გამორჩეულია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 1910 წლის შემდეგ მსგავსი აღიარება არცერთ რუს მეცნიერს არ გაუკეთებია. მთელი საუკუნის მანძილზე ისინი აფხაზეთის ისტორიის მხოლოდ ფალსიფიკაციით, სეპარატისტულად განწყობილი, მათ მიერვე "ხელდასხმული" ისტორიკოსების დახმარებითა და წაქეზებით იყვნენ დაკავებულები. აი, გამოჩნდა კურაევი, რომელმაც რუსებს, სეპარატისტებს და ქართველ "ინტერნაციონალისტებს" ერთი საუკუნის ნამუშევარი წყალში ჩაუყარა. ამიტომ მისი განცხადება არის არა "ერთი ხმა", არამედ ერთი მძლავრი ბომბი, რომელიც მან აფხაზეთის ისტორიის გამყალბებლებს, ამ გაყალბებული ისტორიის საფუძველზე აფხაზეთის საქართველოსგან მოწყვეტის მოსურნეებს ნებსით თუ უნებლიედ ესროლა.

 

- ქართველებმა როგორ უნდა გამოვიყენოთ ა. კურაევის ეს "ბომბი"?


- ა.კურაევის "ბომბი" იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა გასანეიტრალებლად, მათი განიარაღების, მხილების მიზნით უნდა გამოვიყენოთ. როცა ოკუპანტები კვლავ დაიწყებენ კარგად დაზეპირებული ისტორიული ზღაპრების მოყოლას აფხაზებზე და ოსებზე, მაშინათვე ა. კურაევის (რომელსაც კრემლში ძალიან კარგად იცნობენ) მეცნიერული დასკვნები ცხვირწინ უნდა ავუფრიალოთ. კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებდი ყურადღებას: პოლიტიკური საკითხის განხილვისას თუ მოგვარებისას ა.კურაევის დასკვნები ამ ეტაპზე, ალბათ, დიდად არ გამოგვადგება, მაგრამ ბოლო წლებში თავსმოხვეულ საეკლესიო დავაში, შესაძლოა, ჩვენთვის ძალიან დადებითი როლი შეასრულოს, რადგანაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ საკითხის ისტორიულ ასპექტს ენიჭება. როგორც ვიცით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს სასულიერო პირთა მცირე ჯგუფი (დ.დბარი და სხვ.), რომელიც ისტორიული "ავტოკეფალური აფხაზური ეკლესიის" ვითომ აღდგენას მოითხოვს და ამ მიზნით კონსტანტინოპოლის პატრიარქს, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს მიმართავს. რაღაც მიზეზით თუ ეს დღემდე გაკეთებული არ არის, მაშინ უნდა ვთხოვოთ დედა ეკლესიის წმინდა სინოდს, პირადად უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, რომელიც იმავდროულად აფხაზეთის მიტროპოლიტიც ბრძანდება, რომ ა.კურაევის დასკვნა ბერძნულ ენაზე ითარგმნოს და იგი რუსულ დედანთან ერთად კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაეგზავნოს თანდართული ვრცელი წერილით. მასში მითითებული უნდა იყოს ჩვენი საპატრიარქოს დამოკიდებულება ა.კურაევის დასკვნისადმი, სხვა მეცნიერების (ქართველების, რუსების, ევროპელების) ანალოგიური მოსაზრებებისადმი და ა.შ. საპატრიარქოს ჰყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ასეთ წერილს მაღალ აკადემიურ დონეზე შეადგენენ. დარწმუნებული ვარ, ა.კურაევის დასკვნა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საეკლესიო სფეროში სეპარატიზმის აღკვეთის საქმეში.

 

 

 

●●●


 

ანდრია კურაევი დაიბადა მოსკოვში1963 წელს. 1993-1996 წლებში იყო რუსეთის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის  ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი. 1997 წლიდან სვიატო-ტიხონოვსკის საღვთთისმეტყველო ინსტიტუტის პრეფესორი. 2004 წლიდან მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მუშაობდა. 1996 წელს რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით მიანიჭა ღვთისმეტყველების პროფესორის წოდება. ის ასევე არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის ფილოსოფიის კათედრის  უფროსი მეცნიერთანამშრომელი.

 

ქართული თარგმანი 7 წუთიანი ჩანაწერის: http://www.youtube.com/watch?v=yjtMXbsPgH4


- თუ შეიძლება გვიამბეთ აფხაზეთში თქვენი გამოცდილების შესახებ.


- იქაურ გამოცდილებას არა მგონია წარმატებული ეწოდოს. ზოგჯერ მშურს კიდევაც პირველი ქრისტიანი მისიონერების, ისინი ნამდვილად თავისუფალნი იყვნენ. ჩემს შემთხვევაში საქმე სხვანაირად გახლდათ, ანუ, თუ მე თავისუფალი ვიყავი ჩემს ქმედებებში, ეს ერთია. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე ყველა მიმართულებით შებოჭილი ვიყავი - ანუ, არის ადგილობრივი სამღვდელოება, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება აფხაზეთში მოსკოვის წარმომადგენელი. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისაც ყველაფერი ეს საელჩოსთვის განკუთვნილი ურმის მეხუთე თვალივითაა. საპატრიარქო მეუბნება, რომ ამ მისიისთვის სახსრები არ გააჩნია. მე კი, მაპატიეთ, მაგრამ მღვდელი არ ვარ, არ შემიძლია საეკლესიო წესების შესრულებით ფული ვიშოვო. ანუ ორიდან ერთი: ან უნდა ვიზრუნო ამ მისიისთვის თანხის მოძიებაზე, ან მისიონერობით უნდა დავკავდე. ოფიციალურად მე იქ არავინ ვარ, ყველა გამირბის, რადგანაც ეკლესიური თვალსაზრისით ოფიციალურად ეს საქართველოს ტერიტორიაა. ამიტომაც არა მაქვს იქ ყოფნის, საქმიანობის უფლება. ასე რომ, წელიწადნახევრის ვაი-ვაგლახის, რა თქმა უნდა, თავისებური გამოცდილებაა: მიდიხარ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად, დირექტორის პირველივე შეკითხვაა - ”რას გვაჩუქებთ”?

 

აფხაზური რელიგიურობა - დიახაც, ის თავისებურია... ძალიან საინტერესო საკითხია, რომელიც სერიოზულ განხილვას საჭიროებს. დასაშვებია თუ არა მისიონერული სიყალბე, სიყალბე სიკეთისთვის? საქმე აი, რაშია: აფხაზებს, მაგალითად, ძალიან მოსწონთ ის იდეა, რომ მათი ტრადიციული ქრისტიანობამდელი რელიგია არ ყოფილა წარმართული - ჩვენ მაშინაც ერთი ღმერთი გვწამდა და გაქრისტიანების შემდგომაც იმავე ღმერთს ვადიდებთო. თუკი ამ თეზისს დავეთანხმებით, უეჭველია, ქადაგებაც გაადვილდება, მაგრამ სამეცნიერო ეთნოგრაფიული ლიტერატურის ელემენტარული გაცნობაც კი გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის! ეს არის წმინდა წყლის პოლითეიზმი და ის, ვისაც ისინი თავის ერთიან ღმერთს უწოდებენ, სრულებითაც არ არის ასეთი! ის დაახლოებით ბერძნული სამყაროს დასაბამიერი ღმერთის - ზევსის მსგავსია. წარმოიდგინეთ, როდესაც ამას ბერძენი ამბობს, შენ მას უმალ ეთანხმები. სიგიჟემდე მომწონს ჰერაკლიტეს ფრაზა (ყურადღებით მოუსმინეთ): "ერთიანი მხოლოდ ერთია, მას უნდა და კიდევაც არ უნდა ზევსის სახელით იწოდებოდეს". მართლაც, საოცარი საღვთისმეტყველო ფორმულააა. მე ამ საკითხში უცებ დავეთანხმებოდი ფილოსოფოს ჰერაკლიტეს. პრობლემა ერთ რამეშია:  როდესაც ჰესიოდეს ან ჰომეროსის ეთნოგრაფიას კითხულობ, სავსებით აშკარაა, რომ ზევსი სრულებითაც არ არის დასაბამიერი ღმერთი, მას კრონიდი ჰქვია, კრონოსის შვილია. არც ის არის პირველი, რადგანაც მანამდე ურანოსი იყო. მათ სულაც არა აქვთ ჩვენი იდეალური სამების უბრალო ურთიერთობები - ურთიერთსიყვარული და მორჩილება. იქ კი, გახსოვთ, უფრო ერთმანეთის უსასრულო მტრობაა, ომები, ინტრიგები და ა.შ., ანუ ნორმალური კომუნალური შფოთი ზეცაში. აი, რაღაც ამდაგვრია აფხაზური მითოლოგიაც, როცა მას ჩაუღრმავდები. ამას თავად აფხაზს თუ მოუყვები, არ მოეწონება. მაგრამ თუკი თავზე ხელს გადაუსვამ: - დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ გყავდათ ერთი ღმერთი,  თქვენ  უძველეს დროშიც იყავით "ბრძენნი", და საერთოდ, იცით, თქვენ აფხაზებო, ჩვენ, რუსები, მეხუთე საუკუნეში მაიმუნებთან ერთად ხეებზე დავძვრებოდით, თქვენთან კი, ბიჭვინთაში, უკვე ტაძარი იდგა - ჩინებულია! მაგრამ რა მიმართება აქვთ ამ ტაძართან, უმჯობესია, ეს საკითხი არ დასვათ. ან, ვთქვათ, მეტად სერიოზული საკითხი - რა საერთო აქვთ აფხაზეთთან იმათ, ვისაც ჩვენ დღეს აფხაზებს ვუწოდებთ? ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის გასაოცარი უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლური ტაძრები, არსებობდა უძველესი მართლმადიდებელი აფხაზეთის სამეფო, არსებობდა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ყველაფერი ეს სიმართლეა! საქმე ის არის, თუ რა კავშირი აქვთ ამასთან იმათ, ვინც დღეს იქ ცხოვრობს? პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები თავის თავს ”აფსუას” უწოდებენ, თავის ქვეყანას - ”აფსნის” და არა აფხაზეთს. სიტყვა "აფხაზეთი" კი ქართული სიტყვაა, ე.ი. ისინი, ვინც ოდესღაც თავის თავს აფხაზებს უწოდებდნენ, ქართული ეთნოსის ნაწილს წარმოადგნდნენ, როგორც მეგრელები და სხვანი. ვთქვათ, ქართველებიც, ქართველი ისტორიკოსებიც ასე ფიქრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ  აი, ის ავთენტური, ქართული ეკლესიის წიაღში და ქართველ ხალხთან გაერთიანებული მართლმადიდებელი აფხაზები თურქებმა გაჟლიტეს და გამოდევნეს იქიდან, იმ სანაპიროდან მე-16-17 საუკუნეებში. ნაწილი გაქრა და ნაწილი აღმოსავლეთით, საქართველოს ღრმა მთიანეთში გაიხიზნა. ხოლო დაცარიელებულ სანაპირო ზოლში თურქულმა ხელისუფლებამ მთებიდან ჩერქეზები ჩამოასახლა და უთხრა: - ამიერიდან აქ იცხოვრეთ. ანუ გამოდის, რომ აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობა დიდი ხანი არაა, რაც იქ არის; მაგრამ მათ ეამებათ თავიანთი თავი იმ უძველესი ტაძრების მშენებლებად და მემკვიდრეებად მიიჩნიონ როგორც, მაგალითად, ვალახები ნეტარებენ იმის გამო, რომ ჩვენ ძველი რომაელების მემკვიდრეები ვართო, თავის თავს რუმინელებს, რომეებს, რომანებს, უძველეს რომაელთა შთამომავლებს უწოდებენ; თუმცა დაკებს რა კავშირი აქვთ რომთან - ძალიან, ძალიან შორეული. მაგრამ რუმინელები პატიოსნად მაინც აღიარებენ, რომ მათთან რუმინეთში იმპერატორ ტრაიანეს კულტია. რატომ? იმიტომ, რომ ტრაიანემ დაიპყრო დაკები. და აი, გასაოცარი ისტორია: ე.ი. ერი თაყვანს სცემს თავის დამპყრობელს იმიტომ, რომ - ჩვენ, ბარბაროსები, ამით ევროპულ ცივილიზაციას მიგვაერთონ. აფხაზეთში საპირისპირო სიტუაციაა. ის ძირძველი აფხაზები მათ არ დაუმარცხებიათ, მათი დახმარების გარეშე მოხდა როგორღაც ეს დეპორტაცია. მათი მიწები კი დაისაკუთრეს, სახელიც ნაწილობრივ მიითვისეს, მაგრამ  არა თავიანთვის, არამედ ტურისტებისთვის.  თავის თავს ისინი აფხაზებს არ უწოდებენ. ამას აკეთებენ მხოლოდ რუსულ ენაზე და უცხოელებთან, აგრეთვე ნაწილობრივ სხვა ისტორიაზე საუბრისას. მაგრამ მე თუ აფხაზებს ამის მოყოლას დავუწყებ, ისინი ძალიან განაწყენდებიან, ქართველების აგენტს დამარქმევენ. ხოლო თუკი ეტყვი: დიახ, დიახ, აფხაზები უძველესი მართლმადიდებელი ხალხია დედამიწაზე, დაუბრუნდით თქვენი წინაპრების სარწმუნოებას, ვშიშობ, რომ ისტორიული თვალსაზრისით ეს იქნება ერთგვარი ცბიერება, მაგრამ მისიონერული თვალსაზრისით - ძალიან ეფექტური. ჩვენ, რუსებსაც, გვაქვს მსგავსი პრობლემები უახლეს ისტორიაში.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions